ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

17 აგვისტო, 2016 • 6487
ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადებს ხელს, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. ვინ არის ფეტულა გიულენი, რას წარმოადგენს მისი მოძრაობა “ჰიზმეტი” და რა ურთიერთობა აქვს  პრეზიდენტ ერდოღანთან?


მუჰამედ ფეტულა გიულენი ქალაქ ერზრუმთან ახლოს, სოფელ კორუჩუკში, რემიზ და რეფია გიულენების ოჯახში დაიბადა. მამა იმამი იყო, დედა კი, სეკულარი ქემალისტების აკრძალვის მიუხედავად, სოფელში ყურანს ასწავლიდა.

სხვადასხვა წყაროებში გიულენის დაბადების ორი თარიღი ფიქსირდება: 1938 წლის 10 ნოემბერი, – დღე, როდესაც მუსტაფა ქემალ ათათურქი დაიღუპა, და 1941 წლის 27 აპრილი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, დაბადების თარიღად ათათურქის გარდაცვალების დღის დასახელება გიულენისათვის პოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდას ემსახურებოდა. სხვა წყაროების თანახმად, ის ნამდვილად დაიბადა 1938 წელს, თუმცა მისი დაბადება ოფიციალურად მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 1941 წლის 27 აპრილს დაარეგისტრირეს. ოფიციალური თურქული წყაროების, ასევე, გიულენის ინგლისურენოვანი საიტის მიხედვით, მისი დაბადების თარიღი 1941 წლის 27 აპრილია.

1940-იან წლებში გიულენებმა სოფელი კორუჩუკი დატოვეს და ფეტულამ ერზრუმის მედრესეში დაიწყო ისლამური განათლების მიღება. პირველად კი 14 წლის ასაკში იქადაგა.

მოძრაობა “ჰიზმეტი” და მათი იდეოლოგია

“გიულენის მოძრაობის” საიტის თანახმად, “ჰიზმეტი” 1960-იან წლებში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა. BBC-ის ცნობით, გიულენის მოძრაობა “ჰიზმეტს” (რაც მსახურებას ნიშნავს) არც ოფიციალური სახელი აქვს და არც ფორმალური სტრუქტურა, არც გამჭვირვალე იერარქია და არც ოფიციალური წევრობა, თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოში უდიდეს ისლამურ ქსელად იქცა.

1966 წელს გიულენი იზმირში გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო პანსიონატების, ე.წ “შუქურების”, ქსელის აშენება. ეს პანსიონატები სტუდენტებს აკადემიურ განათლებას სთავაზობდა. ამას გარდა, გიულენმა და მისმა მხარდამჭერებმა დააარსეს სკოლები, საქველმოქმედო და სამოქალაქო ორგანიზაციები. თანდათანობით, 1980-იანი წლებისათვის, გიულენს უკვე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა თურქეთში.

“გარდიანის” ცნობით, სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 10% უჭერს მხარს მოძრაობა “ჰიზმეტს”. როგორც აკადემიკოსი ბაირამ ბალჩი ამბობს, გიულენის სკოლებს ერთი მიზანი აქვს: დაეხმარონ ახალ, თანამედროვე ელიტებს მუსლიმური საზოგადოებების მოდერნიზებაში. ბალჩის შეფასებით, გიულენის სახელთან დაკავშირებულ სკოლები მოსწავლეებს აწვდიან სეკულარულ, თუმცა, ამავე დროს, კონსერვატიულ განათლებას. მისი თქმით, გიულენის მხარდამჭერებმა 1990-იანი წლებიდან, სსრკ-ის დაშლის შემდეგ დაიწყეს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მათი საქმიანობის გაფართოება.

გიულენმა, როგორც იმამმა, 1981 წელს ფორმალური ქადაგებები შეწყვიტა, თუმცა მოგვიანებით, 1988-1991 წლებში იგი თურქეთის დიდი ქალაქების პოპულარულ მეჩეთებში ქადაგებდა. 1994 წელს მიიღო მონაწილეობა “ჟურნალისტებისა და მწერლების ფონდის” დაარსებაში და ფონდის “საპატიო პრეზიდენტი” გახდა.

როგორც თვითონ ამბობს, გიულენზე გავლენა საიდ ნურსის იდეებმა მოახდინა. საიდ ნურსი (1877-1960) ეთნიკურად ქურთი თეოლოგი იყო, რომელიც სუნიტურ ისლამს ქადაგებდა. ის “რელიგიისა და მეცნიერების ჰარმონიული თანაარსებობის” მომხრე იყო და სჯეროდა, რომ “ლოგიკა და თანამედროვე მეცნიერება” იყო ქვეყნის განვითარების გზა. მისი აზრით, სეკულარულ სკოლებში რელიგია უნდა ესწავლებინათ,  რელიგიურ სკოლებში კი – თანამედროვე მეცნიერება.

როგორც იუტას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი, დოქტორი ჰაკან იავუზი (რომელიც, ამავე დროს, გიულენის ბიოგრაფია) წერს, გიულენი უფრო მეტადაა ნაციონალისტი, ვიდრე საიდ ნურსი. ამას გარდა, ბიოგრაფის შეფასებით, გიულენი სახელმწიფოზეა უფრო მეტად ორიენტირებული და საბაზრო ეკონომიკისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერია. ამით ის ძალიან ჰგავს თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს. ამასთან, გიულენი ემხრობა თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციას.

ანალიტიკური პორტალის, “ღია დემოკრატიის” (openDemocracy) შეფასებით, სწორედ საიდ ნურსისაგან მიიღო გიულენმა მემკვიდრეობად ძლიერი ანტიკომუნისტური სენტიმენტები და სამეწარმეო კაპიტალიზმისაკენ მიდრეკილება.

გიულენი ემიჯნება სეკულარისტებს, თუმცა რამდენჯერმე უთქვამს, რომ სეკულარული მიდგომა, რომელიც  არ არის ანტირელიგიური და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზეა დამყარებული, ისლამს არ ეწინააღმდეგება. რელიგიური ლიდერი ასევე მკაცრად ემიჯნება ტერორიზმს.

ფეტულა გიულენს 50-მდე წიგნი აქვს თურქულ ენაზე დაწერილი, რომლებიც მრავალ ენაზე ითარგმნა. ფოტო: http://cdn.hizmetnews.com/

ფეტულა გიულენს 50-მდე წიგნი აქვს თურქულ ენაზე დაწერილი, რომლებიც მრავალ ენაზე ითარგმნა. ფოტო: http://cdn.hizmetnews.com/

გიულენის მიერ ინტერპრეტირებული ისლამი, რომელიც სუფიზმის ტრადიციითაა ნაკარნახევი, ხშირად მოხსენიებულია, როგორც ყველაზე მისაღები ისლამური მოდელი. გიულენს დადებითი დამოკიდებულება აქვს ქრისტიანებისა და იუდეველების მიმართ და გმობს ანტისემინიტიზმს. სხვადასხვა დროს ის პერსონალურად შეხვედრია რომის პაპ იოანე-პავლე II-ს, კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელ პატრიარქ ბართლომეს და ისრაელის რაბინ ელიაჰუ ბაქში-დორონს.

მიუხედავად იმისა, რომ ფეტულა გიულენი ხშირად არის წარმოდგენილი, როგორც პროტაგონისტი “ზომიერი ისლამისა” და რელიგიათშორისი დიალოგის მომხრე, მისი მოძრაობა, oD-ის შეფასებით, რელიგიურ კულტს მოგვაგონებს, რომელიც “ჰოჯა ეფენდის” (პატივსაცემი მასწავლებლის), – ასე უწოდებენ გიულენს თავისი მიმდევრები, – მიერაა დომინირებული.

გიულენის მოძრაობას (“ჰიზმეტი”/“ჯამაათი”) მილიონობით მიმდევარი ჰყავს თურქეთსა და საზღვარგარეთ. გარდა სკოლებისა, რომლებიც გიულენის მხარდამჭერებმა სხვადასხვა ქვეყანაში გახსნეს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, გიულენის ბევრი მიმდევარი იკავებდა პოზიციას თურქეთის საპოლიციო და სამართალდამცავ სისტემასა და პარლამენტშიც. მის სახელთან იყო დაკავშირებული პოპულარული ოპოზიციური გაზეთი “ზამანი”, რომელიც 2016 წლის მარტიდან თურქეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა.

ერდოღანისა და გიულენის თანამშრომლობა

1999 წელს ფეტულა გიულენი აშშ-ში წავიდა, როგორც თვითონ ამბობდა, მკურნალობის მიზნით. იმავე წლის ივნისში, — მას შემდეგ, რაც გიულენმა თურქეთი დატოვა, — ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით გავრცელდა ვიდეო, სადაც გიულენი ამბობს:

“მოქმედი სისტემა კვლავ ფლობს ძალაუფლებას. ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო ორგანოებში იკავებენ პოზიციებს, უნდა შეისწავლონ მისი დეტალები და მუდამ ფხიზლად იყვნენ, – მოახერხონ სისტემის ტრანსფორმაცია და უფრო ნაყოფიერად იმუშაონ, რათა ისლამი საქვეყნო მასშტაბით აღდგეს. მათ უნდა მოიცადონ, სანამ პირობები უფრო ხელსაყრელი არ გახდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დროზე ადრე არ უნდა გამოჩნდნენ”, – ამბობდა გიულენი ვიდეოში.

მიუხედავად იმისა, რომ გიულენმა ვიდეოს შესახებ განაცხადა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, თურქეთში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა – 2000 წელს გიულენი დაუწრებლად დაადანაშაულეს თურქეთის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის მცდელობასა და ისლამურ ღირებულებებზე მდგარი სახელმწიფოს შექმნის დაგეგმვაში.

ფეტულა გიულენი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (მარჯვნივ) კულტურათაშორისი დიალოგის სიმპოზიუმზე 1998 წელს. ფოტო: fgulen.com

ფეტულა გიულენი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი (მარჯვნივ) კულტურათაშორისი დიალოგის სიმპოზიუმზე 1998 წელს. ფოტო: fgulen.com

ამ დროს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ქემალისტური ძალები იყვნენ, – სეკულარისტები, რომელთა წინააღმდეგაც, სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც იბრძოდა.

1998 წელს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისლამურ ღირებულებებზე მდგარი “კეთილდღეობის პარტია” არაკონსტიტუციურად ცნო “სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო” და პარტია დახურა. სასამართლომ დააყადაღა პარტიის ქონება და მის ლიდერებს 5 წლით აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.

“კეთილდღეობის პარტიის” გაუქმებას აქციების ტალღა მოჰყვა. საპროტესტო აქციებზე აქტიურად გამოდიოდა ერდოღანიც (რომელიც 1994-1998 წლებში სტამბულის მერის თანამდებობას იკავებდა), რის გამოც 1999 წელს 4 თვით (მარტიდან ივლისამდე) იჯდა ციხეში. ამას გარდა, მას აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.

2001 წელს ერდოღანმა სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია (AKP) დააარსა. პარტიამ 2002 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. არჩევნები AKP-ის გამარჯვებით დასრულდა. ერდოღანს 1999 წლის აკრძალვის გამო არ შეეძლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა, შესაბამისად, მაშინ თურქეთის პრემიერი AKP-ის თანადამფუძნებელი, აბდულა გიული, გახდა. საბოლოოდ, — მას შემდეგ, რაც 2003 წელს ახალმა მთავრობამ ერდოღანს “პოლიტიკური ბლოკი” მოხსნა და არჩევნები დანიშნა, — ერდოღანი პრემიერ-მინისტრი გახდა (2003 წლის მარტი).

როგორც კანადის “ქვინზის” უნივერსიტეტის ისლამისა და მსოფლიო ისტორიის პროფესორი არიელ სალცმანი ამბობს, ერდოღანი გიულენთან წლების განმავლობაში იყო დაახლოებული – ისინი ოპოზიციაში ერთიანდებოდნენ სეკულარულ ქემალისტურ ძალებთან დაპირისპირებაში და საერთო მიზანი ჰქონდათ: თურქეთის ტრანსფორმაცია ძლიერ კონსერვატიულ, რელიგიურ, ნაციონალისტურ სახელმწიფოდ. მისივე თქმით, ერდოღანი და გიულენი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა, გიულენი მხარს უჭერდა AKP-ს, სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიას: გიულენი დაეხმარა AKP-ს ძალების მობილიზებაში პარტიის შექმნისას და 2002 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისას.

იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატიული ისლამის რეაბილიტაციას ადვოკატირებდა და თურქეთის ხელისუფლების გაწმენდა სურდა მკაცრი სეკულარიზმის მომხრეებისაგან, გიულენმა მოუწოდა თავის მიმდევრებს, ხმა მიეცათ ახლად ჩამოყალიბებული სამართლიანობისა და აღმავლობის (AKP) პარტიისათვის. საინტერესოა ისიც, რომ “ჰიზმეტისა” და AKP-ის მხარდამჭერები  ანატოლიის (მცირე აზიის) დაბალი და საშუალო კლასებიდან იყვნენ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში განიცდიდნენ მარგინალიზაციას თურქული სეკულარული ელიტებისგან.

ფეტულა გიულენი აღნიშნულ საქმეში გაამართლეს (2000 წელი), რის შემდეგაც ბრალდების მხარემ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ – ახლა უკვე ერდოღანის ხელისუფლების პირობებში, თურქეთის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა – გიულენს ყველა ბრალდება მოეხსნა (2008).

2011 წლის მარტში თურქეთში დააკავეს გამომძიებელი ჟურნალისტი აჰმედ სიკი და აკრძალეს მისი წიგნი, რომელიც ჯერაც არ იყო გამოცემული, – “იმამის არმია”, სადაც ავტორი გიულენსა და მისი მოძრაობის სავარაუდო გავლენების შესახებ წერდა. ხელბორკილდადებულმა ავტორმა საპროტესტო აქციაზე თქვა: “ვინც გიულენს ეხება, ყველა იწვება”.

დაპირისპირება ერდოღანსა და გიულენს შორის

როგორც “ღია დემოკრატია” (oD) წერს, აშშ-ში 17-წლიანი ცხოვრების განმავლობაში გიულენმა მოახერხა, გაემართა საგანმანათლებლო დაწესებულებების, უნივერსიტეტების, ბიზნეს-კონგლომერატების, საფინანსო და მედიაკორპორაციების საერთაშორისო “იმპერია”. მას 50-მდე წიგნი აქვს თურქულ ენაზე დაწერილი, რომლებიც მრავალ ენაზე ითარგმნა, ხოლო მისი და “ჰიზმეტის” მხარდამჭერების მიერ გახსნილი სკოლები 180-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს.

ზოგადი საერთო ინტერესების მიუხედავად, გიულენსა და ერდოღანს განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებები ჰქონდათ. გიულენსა და ერდოღანს შორის კავშირი თანდათანობით მას შემდეგ სუსტდება, რაც გიულენისტები პოლიციასა და სასჯელაღსრულების სისტემაში “ზედმეტად დამოუკიდებლები” ხდებიან, – ამბობს არიელ ზალცმანი. მისი თქმით, შესუსტებული კავშირი თანდათანობით ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც “გარდიანი” წერს, 2011 წლის არჩევნების შემდეგ “ჰიზმეტის” მხარდამჭერებმა იმედგაცრუება იგრძნეს, რადგან ერდოღანის მიერ უფრო აგრესიული პოლიტიკური ისლამის დღის წესრიგში დაყენების ფონზე, იგი რეზისტენტული გახდა და მოკავშირეები აღარ სჭირდებოდა.

“გარდიანისვე” ინფორმაციით, გიულენისტებმა წამოიწყეს წარუმატებელი კამპანია ჰაკან ფიდანის, თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ისინი ფიდანს ადანაშაულებდნენ საიდ ქუტბის (ისლამის ეგვიპტელი თეორეტიკოსი, რომლის გავლენებსაც განიცდიდა ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდა”) მიმართ სიმპათიების ქონაში.

დაპირისპირება გიულენისტებსა და სამართლიანობისა და აღმავლობის პარტიას შორის გამწვავდა 2013 წელს, როდესაც გიულენმა ერდოღანი გააკრიტიკა სტამბოლში, გეზის პარკში, პოლიციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის გამო. იმავე წლის შემოდგომაზე ერდოღანმა გიულენთან დაკავშირებული კერძო სკოლები დახურა.

2013 წლის 16 ივნისს, გვიან ღამით, სტამბოლში დემონსტრანტები თურქეთის პოლიციას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რათა დემონსტრანტები გეზი პარკიდან გაეძევებინათ. 16.06.2013 ფოტო: EPA/ULAS YUNUS TOSUN

2013 წლის 16 ივნისს, გვიან ღამით, სტამბოლში დემონსტრანტები თურქეთის პოლიციას მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რათა დემონსტრანტები გეზი პარკიდან გაეძევებინათ. 16.06.2013 ფოტო: EPA/ULAS YUNUS TOSUN

სკოლების დახურვიდან მალევე, 2013 წლის დეკემბერში,  თურქეთში კორუფციული სკანდალის შედეგად ერდოღანთან დაკავშირებული პოლიციის თანამშრომლები და ბიზნესმენები, ასევე, AKP-სთან დაკავშირებული მაღალჩინოსნები დააკავეს. მაშინ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ გზით გიულენი და მისი მომხრეები ცდილობდნენ მთავრობის დამხობას.

მიუხედავად გიულენის ორგანიზაციის დეკლარირებული აპოლიტიკური ბუნებისა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერდოღანის მხარდამჭერების კორუფციასთან დაკავშირებული დაკავებები გიულენსა და ერდოღანს შორის მზარდი პოლიტიკური დაპირისპირების ნიშანი იყო: სწორედ ამ მოვლენების შემდეგ იმეორებს ერდოღანი ხშირად, რომ გიულენი “პარალელურ სახელმწიფოს” მართავს თურქეთის რესპუბლიკაში და მას ღიად უპირისპირდება.

გიულენის შესაძლო კავშირი თურქეთში გადატრიალების მცდელობასთან

თურქეთში 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ფეტულა გიულენი, რომელიც ამჟამად კვლავ პენსილვანიაში ცხოვრობს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში პუტჩის ღამესვე დაადანაშაულა ოფიციალურმა ანკარამ. გულენსა და ერდოღანს შორის პაექრობა ამ ეტაპზე არმიასა და პოლიციაში “გიულენისტების” წმენდით დასრულდა – იმ ადამიანების გათავისუფლებით, ვინც მთავრობამ გიულენის მხარდამჭერად მიიჩნია.

თურქეთში სამხრედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მომხრეები სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არიან შეკრებილები და ფეტულა გიულენის წინააღმდეგ გამოდიან. 18.07.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთში სამხრედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მომხრეები სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არიან შეკრებილები და ფეტულა გიულენის წინააღმდეგ გამოდიან. 18.07.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თვითონ ფეტულა გიულენს პატარა, სპარტანულ ოთახში სძინავს ხოლმე, პენსილვანიაში, გოლდენ ჯენერეიშენ უორშიპ და რითრით ცენტრში, სადაც მისი მოძრაობა რელიგიურ სწავლებას ახორციელებს. “გარდიანის” ცნობით, რა დროსაც უნდა მიხვიდეთ ამ ცენტრში, ყველაზე ცოტა, 80 სტუმარს მაინც იპოვით, რომლებიც აქ რელიგიური დაინტერესების გამო მოდიან. იმის ფონზე, რომ მას კარჩაკეტილად ახასიათებენ, გიულენს საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი