ახალი ამბები

სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში – კაშია

13 ნოემბერი, 2017 • 5553
სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ქვეყანაში, მისთვის გამოვცხადდები ნაკრებში – კაშია

“მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა, ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს”, – ამ განცხადებას ფეისბუკზე საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ავრცელებს.

“მე სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში”, – წერს კაშია.

საქართველოს ნაკრებმა 10 და 13 ნოემბერს გურამ კაშიას მონაწილეობით ორი მატჩი გამართა: გორში კვიპროსს სძლია 1-0, ხოლო ქუთაისში ბელარუსთან 2-2 ითამაშა.

კვირპოსთან მატჩში ე.წ. ქართული მარში, რომელიც კაშიასგან ბოდიშის მოხდას ან მისი ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვს თანასწორობის მხარდაჭერის გამო, არ გამოჩენილა, ქუთაისში კი მათ აქცია გამართეს და სტადიონზე ლგბტ დროშა დაწვეს.

“ქართული მარშის” მიერ დატოვებული ლგბტ დროშა

ქუთაისში დღევანდელი მატჩის წინ ქომაგებს სტადიონის უსაფრთხოების სამსახურები ჩხრეკდნენ. გულშემატკივრებს თამაშზე შესვლა დაუგვიანდათ. “ქართული მარშის” წევრებმა და ფეხბურთის გულშემატკივრების ნაწილმა სტადიონზე შესვლა მოახერხეს. რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ, ხოლო რ2-ის ცნობით, კარი საბოლოოდ პოლიციამ გააღო.

“ქართული მარშის” წევრები სკანდირებდნენ ჰომოფობიურ შეძახილებს, რის შემდეგაც მათ ლგბტ დროშა დაწვეს და სტადიონი დატოვეს.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათ ქუთაისში არავინ დაუკავებიათ. სტადიონზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

სპეცრაზმი ქუთაისი სტადიონზე “ქართული მარშის” ტრიბუნის სიახლოვეს © ნათია გაბეჩავა


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ ე.წ. ქართულმა მარშმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი