ახალი ამბები

კაშია ლგბტ ადამიანებისთვის მხარდაჭერას არ ნანობს

23 ოქტომბერი, 2017 • 5478
კაშია ლგბტ ადამიანებისთვის მხარდაჭერას არ ნანობს

საფეხბურთო კლუბ ვიტესის კაპიტანმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მის მიმართ არსებული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლაურით თამაშს არ ნანობს.

კაშიამ ნიდერლანდურ გამოცემა nos.nl-თან საუბრისას განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ადამიანების თავისუფლებას, მათ არჩევანს და მხარდამჭერი სამკლაურით თამაში მისი პასუხისმგებლობაა.

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მე მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემს ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ”, – ამბობს გურამ კაშია.

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

გურამ კაშია ლგბტ ადამიანების მხარდასაჭერად. ფოტო: ANP

ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი