ახალი ამბები

ბევრი პოლიციელი და გაძლიერებული კონტროლი ამხანაგურ მატჩში – რეპორტაჟი გორიდან

11 ნოემბერი, 2017 • 4520
ბევრი პოლიციელი და გაძლიერებული კონტროლი ამხანაგურ მატჩში – რეპორტაჟი გორიდან

დღეს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და კვიპროსს შორის ამხანაგურ მატჩი გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩატარდა.

სამართალდამცველების სიმრავლე და უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში ე.წ. ქართველთა მარშის წევრის მუქარის გამო გახდა საჭირო, რომელიც წერდა, რომ თუ გურამ კაშია ითამაშებდა, ისეთ რაღაცას გააკეთებდნენ, ნაკრები დისკვალიფიკაციას მიიღებდა.

ე.წ. ქართველთა მარში გორში არ გამოჩენილა, თუმცა შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელიც ორივე გუნდის რიგებიდან საუკეთესო იყო მოედანზე.

ამხანაგური შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი, კვიპროსის მცველების უხეში შეცდომის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

გულშემატკივარი შედის სტადიონზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ტრიბუნები, რომელიც 5 ათასამდე მაყურებელს იტევს, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, თითქმის ბოლომდე გაივსო. გულშემატკივრები სტადიონში შესვლამდე განსაკუთრებულ კონტროლს გადიოდნენ – დაცვის თანამშრომლები ყველას საფუძვლიანად ამოწმებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ ტურნიკეტის შიგნით.

სტადიონის ტერიტორიაზეც და მის გარეთაც ბევრი სამართალდამცველი იყო მობილიზებული; ეზოში, დამატებით, რამდენიმე ავტობუსი პოლიციელებით იყო სავსე.

უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გულშემატკივარს, რომელსაც სტადიონის ტერიტორიაზე დამატეით კიდევ ერთი შემოწმების გავლა მოუწევს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გულშემატკივარს, რომელსაც სტადიონის ტერიტორიაზე დამატეით კიდევ ერთი შემოწმების გავლა მოუწევს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თამაშის დაწყებამდე ხმის გამაძლიერებელით გამოაცხადეს, რომ ფეხბურთში დაუშვებელია ძალადობა და ჩაგვრა. შსს-ს ორკესტრმა შეასრულა ჰიმნი, რის შემდეგაც თამაში დაიწყო. მაყურებლის ნაწილი ნაკრების ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მოედანზე გამოჩენას განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა.

ბოლო რამდენიმე კვირაა არნემის “ვიტესის” კაპიტანი ყურადღების ცენტრშია, რადგან ერედივიზიონის მატჩში ის ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა გუნდს. შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ.

ამის გამო ე.წ. ქართული მარშის წევრებმა, ხოლო შემდეგ მმკ-მ ფეხბურთის ფედერაციასთან ჰომოფობიური აქციები გამართეს. გურამ კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. კაშიას პოზიცია გაიზიარა საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა და ეროვნული ლიგის კლუბმაც, მათ შორის: გიორგი მერებაშვილმა, ნიკა კვეკესკირმა, საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “ლოკომოტივმა”.

გურამ კაშია, ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გუნდები თანაბრად გამოიყურებოდნენ მოედანზე. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მეტოქის კარისკენ უფრო მეტჯერ დაარტყეს, თუმცა კვიპროსსაც ჰქონდა ერთი რეალური საგოლე მომენტი – გიორგი ლორიამ ახლო მანძილიდან რთული ბურთის მოგერიება მოახერხა.

პირველ ტაიმში ფეხბურთელები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ზედმეტი შელაპარაკების გამო, ოთარ კაკაბაძეს და გიორგიუს მარკისს მსაჯმა ყვითელი ბარათები უჩვენა.

კვიპროსის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ეკამათებიან ერთმანეთს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

კვიპროსის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ეკამათებიან ერთმანეთს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია და მეკარე გიორგი ლორია გამოარჩია.

ნეტგაზეთმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კვიპროსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სთხოვა შეფასება მისი გუნდის მცველების შესახებ. ვლადიმირ ვაისს, ასევე, ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სანდო ფეხბურთელია გურამ კაშია ნაკრებისთვის, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა:

“ყველა ვხედავთ, თუ რამდენად საჭირო ფეხბურთელები არიან გიორგი ლორია, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ეროვნული ნაკრებისთვის; ისინი გუნდის ტვინი და გული არიან, რაც დღეს ყველას დაუმტკიცეს. კანკავა საოცრებაა – ნახევარი წელი უგუნდოდ, სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო და ნახეთ, როგორ მაღალ დონეზე ითამაშა. რაც შეეხება კაშიას, ის ყველაზე კვალიფიციური და საუკეთესო იყო მოედანზე. ლორიამ ფაქტობრივად ერთ მომენტში გადაგვარჩინა გაშვებულ გოლს და მშრალად შეინახა კარი.

ოთარ კაკაბაძეც და გიორგი ნავალოვსკიც კარგად გამოიყურებოდნენ დღეს, მაგრამ მათაც შეუძლიათ მეტი გააკეთონ. დავით ხოჭოლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, რომელსაც კარგად შეუძლია მეტოქისთვის ბურთის წართმევა – მასაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.”

რაც შეეხება შემტევ ფეხბურთელებს, ვაისი ამბობს, რომ ერთადერთი გატანილი გოლის ავტორს, გიორგი ქვილითაიას, ისევე როგორც ვაკო ყაზაიშვილს, გიორგი პაპუაშვილსა და გიორგი მერებაშვილს, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ნაკრებისთვის. როგორც ნაკრების მწვრთნელი ამბობს, სწორედ შეტევის კუთხით არის საქართველოს თამაში გასაუმჯობესებელი.

გიორგი ქვილითაიას გუნდელები ულოცავენ გატანილ გოლს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გიორგი ქვილითაიას გუნდელები ულოცავენ გატანილ გოლს. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ვაისი ამბობს, საჭიროა ფიქრი, თუ რა იქნება ერთი წლის შემდეგ, როცა საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ კვიპროსის მსგავს ნაკრებებთან მოუწევს საქართველოს თამაში. მისი თქმით, ამიტომ უნდა მიიღოს ნაკრებმა მსგავს გუნდებთან თამაშის გამოცდილება.

“კვიპროსი რეიტინგში ჩვენთან ძალიან ახლოს არის. მათ ძალიან კარგი მე-9 და მე-10 ნომრები ჰყავთ. მათ თამაშში იგრძნობა ნამდვილად იგრძნობა მწვრთნელის ხელი. მნიშვნელოვანი მომენტრია, რომ მსგავსი გუნდები გვეყოლება ჯგუფში, საიდანაც დიდი შანსი გვექნება გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ დავამარცხოთ კვიპროსის მსგავსი ნაკრებები. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ძირითადი მიზანი, რომელიც გვაქვს,” – ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, გორის სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო გულშემატკივრებით. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, გორის სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო გულშემატკივრებით. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

მატჩის შემდეგ კომენტარები ფეხბურთელებმაც გააკეთეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარცველი, გიორგი მერებაშვილი ამბობს, რომ კვიპროსთან მოგება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ოყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რადგან დიდი ხანი გუნდს მოუგებელი სერია ჰქონდა.

მთლიანობაში, მერებაშვილი დადებითად არ აფასებს მისი გუნდის თამაშის ხარისხს და ამბობს, რომ გორში მძიმედ გამოიყურებოდნენ. მისი თქმით, მომდევნო თამაშებზე საქართველოს ნაკრები ეცდება, შედეგთან ერთად, სანახაობრივი ფეხბურთიც ითამაშოს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 14 ნოემბერს, ქუთაისში, ბელორუსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 14 700 მაყურებელს იტევს.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

[red_box]ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ[/red_box]

[yellow_box]დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში ფეხბურთი არ უნდა გამოვტოვოთ – ინტერვიუ ნიკა ჯღარკავასთან[/yellow_box]

რატომ ებრძვის ფეხბურთი ჰომოფობიას

[blue_box]ტესტი: რა იცით ფეხბურთელ გურამ კაშიაზე[/blue_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი