Interviewsკომენტარი

დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში ფეხბურთი არ უნდა გამოვტოვოთ – ნიკა ჯღარკავა

31 ოქტომბერი, 2017 • 5359
დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში ფეხბურთი არ უნდა გამოვტოვოთ – ნიკა ჯღარკავა

ჰომოფობია და ფეხბურთი – ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა საქართველოში, რომელიც გურამ კაშიას ფერადი სამკლაურის ამბავმა გამოიწვია საზოგადოებაში. როგორ აპირებს ფეხბურთის ფედერაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას? – ნეტგაზეთი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას ესაუბრა.

30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, გურამ კაშიას საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ე.წ. ქართველთა მარშის წევრებს შეხვდით, რის შემდეგაც მათ კობიაშვილი მუქარაში დაადანაშაულეს. დღეს ისინი აქციას მართავენ ფედერაციასთან. გვაინტერესებს, რატომ შეხვდით მათ? რა იყო ამ შეხვედრის მიზანი? რა მოგთხოვეს და რა უპასუხეთ?

მე არ ვყოფილვარ შეხვედრაზე და სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. რეგიონში ვიყავი წასული მოყვარულთა ლიგის მატჩზე.

გაეცნობოდით ე.წ. ქართველთა მარშის წევრების განცხადებებს. რას ფიქრობთ მათ დამოკიდებულებაზე და მათ აქციაზე?

სიღრმისეულად ვერ ვადევნებ თვალს მათ განცხადებებს სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მაგრამ, როგორც ვიცი, აგრესიის ნიშნები იყო ძალიან მკაფიო. შესაბამისად, რა აზრი უნდა მქონდეს აგრესიაზე… ნებისმიერ კონტექსტში, პირადად ჩემთვის არ არის მისაღები. რა თქმა უნდა, თუ აქცია მშვიდობიანი იქნება, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. არ ვეთანხმებოდეთ რაღაც მოთხოვნებს, ყველას გვაქვს ამის უფლება. მათ დავიცავ მეც, თუ საჭირო გახდა, რომ ჰქონდეთ აზრის გამოხატვის უფლება.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის სწორი და მნიშვნელოვანი ის, რომ გურამ კაშიამ ეს სამკლაური გაიკეთა და ისე გაუძღვა გუნდს?

ფეხბურთი არის დიდი სოციალური მოვლენა და ასეთი აქციები არ არის ახალი. ცალკეული საფეხბურთო კლუბები, კლუბის ხელმძღვანელები, ასოციაციები,  რა თქმა უნდა, ფიფა და უეფა უკვე ძალიან დიდი ხანია მსგავს აქციებს ახორციელებენ. ეს აქციები  მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებისათვის ამა თუ იმ პრობლემური საკითხისადმი ცნობიერება გაიზარდოს, დაიგმოს ჰომოფობია, დაიგმოს ძალადობა, დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით და ა.შ. ეს ისეთი რაღაცებია, დემოკრატიულ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ, არ მგონია, რომ აქედან ფეხბურთი უნდა გამოვტოვოთ. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია, რომ მსგავსი აქციები ხორციელდება და ძალიან კარგია, თუ ქართველიც მიიღებს ამაში მონაწილეობას, მით უმეტეს, ისეთი ადამიანი, როგორიც გურამ კაშიაა.

ნიკა ჯღარკავა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ფოტო: GFF

გურამ კაშიას წინააღდეგ აგორდა ჰომოფობიური კამპანია, რის საპასუხოდაც თქვენ ნაკრების ვიცე-კაპიტნის მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეთ, რომელშიც ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ. შესაბამისად, მისი ნაკრებიდან გარიცხვაზე საუბარიც კი ზედმეტია. გურამისთვის ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიცვალა იმ ადამიანების დამოკიდებულება გურამის მიმართ, ვინც მანამდე აკრიტიკებდა სამკლაურის გამო?

ემოციურ პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ ჩემი ერთ-ერთ საქმიანობის სფეროა მარკეტინგი ფედერაციაში და მსგავს კითხვებზე მხოლოდ კვლევით თუ ვუპასუხებ. ამიტომ თავს შევიკავებ, რომ ჩამოყალიბებული პასუხი გაგცეთ, რადგან ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა. რეალურად, შეიძლება გარკვეული წარმოდგენა მქონდეს, მაგრამ ის ძალიან სცდებოდეს რეალობას. ასეთ რაღაცებზე კვლევას ვატარებთ ხოლმე ჩვენ.

თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გულშემატკივრებმა,  მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ჰომოფობია ცუდია და გურამ კაშიას ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერით ცუდი არაფერი გაუკეთბია?

დისკრიმინაცია, ძალადობა რომ ცუდია და გამოხატვის თავისუფლებისთვის რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, ეს რომ გაიგონ ადამიანებმა… ალბათ, ასეთი აქციები, სითამამე, ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციის ქონა და დამოკრატიული პრინციპის პატივისცემაა საჭირო.

თქვენ საუბრობდით იმ კამპანიაზე, რომელიც ხშირად ტარდება განვითარებულ საფეხბურთო ქვეყნებში. დიდი ხანია, რაც უეფას ეგიდით რასიზმის წინააღმდეგ კამპანიები ტარდება ფეხბურთში. როგორც ვიცი, საქართველოშიც შეუერთდა ზოგიერთი კლუბი, მათ შორის, ქუთაისის ტორპედო…

კი, ჩვენც გვქონდა ეროვნულ ლიგაში რასიზმის წინააღმდეგ კამპანია.

ფეხბურთი ეს არის სპორტი, რომელსაც მსოფლიოში შესაძლოა ყველაზე მეტი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, ფეხბურთელების, კლუბების და ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანის ჩართულობა თანასწორობისთვის ბრძოლის კამპანიებში?

აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მოვლენას აზრი ეკარგება. ეს ხომ იმისთვის არის, რომ საზოგადოება გავაუმჯობესოთ და უფრო წინ წავიდეთ. მე არ მაქვს ჩვენს ქვეყანაზე საუბარი, ზოგადად ვიძახი. შესაბამისად, ის ორგანიზაციები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამა თუ იმ სპორტულ პროცესებს ფეხბურთში, ამიტომ გრძნობენ ვალდებულებას, რომ მსგავსი რაღაცები აკეთონ – წაახალისონ კლუბები. ჩემთვის ეს აშკარა და ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ ადამიანის თავისუფლებაზე იზრუნოს: დაგმოს ძალადობა და ამისკენ მიმართოს თავისი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი. ამით იმ სფეროს, რომელსაც ემსახურება კონკრეტული ორგანიზაცია, დაუბრუნდება ჯანსაღი გარემოს სოციუმის კუთხით. ისეთ რაღაცაზე რომ ვსაუბრობთ, რაც ჩემთვის გასაკვირია, რატომაა სადისკუსიო.

ძალიან საინტერესოა, რას იზამს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გავლენიანი ორგანიზაცია მოგმართავთ ინიციატივით, რომ ჰომოფობიის წინააღდეგ მსგავსი კამპანია ეროვნულ ლიგაშიც ჩაატაროთ?

ჩვეულებრივად განვიხილავთ მსგავს ინიციატივებს, რა თქმა უნდა. მეტიც: სამწუხაროდ, არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ჩვენი კამპანიების შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბიუჯეტი არ გვაქვს ისეთი, რომ რასაც ვაკეთებთ, იმაზე ძალიან ბევრი ვიყვიროთ და ვიქნიოთ ხელები… თუმცა ჩვენ თანასწორობის კუთხით გვაქვს ძალიან კარგი პროექტები, მაგალითად: კვირას გვქონდა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ერთდღიანი ღონისძიება. ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ივარჯიშონ თბილისში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში და ბათუმში. კიდევ გვინდა დავამატოთ ოთხი ქალაქი. უბრალოდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამაზე ვისაუბროთ, ვიყვიროთ და ყველას გავაგებინოთ, მაგრამ ვალდებულებად ვთვლით, გავაკეთოთ.

რა თქმა უნდა, თუ საინტერესო პროექტები განხორციელდება, მედია მიაქცევს მას ყურადღებას. დღეს, სამწუხაროდ, გურამის სამკლაური და ჰომოფობიის თემაა აქტუალური.

რასაც ახლა ვადეკლარირებთ თანასწორობის კუთხით, გურამის აქციის მერე არ გაგვჩენია. მანამდე გვქონდა და მოვალეობად ვთვლით, ვიმუშაოთ ამაზე.

შეძლებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის კლუბების კაპიტნები ჩართოთ ისეთ კამპანიაში, როგორშიც გურამმა მიიღო მონაწილეობა? ვგულისხმობ, ცისარტყელის ფერის სამკლაურით მოედანზე გამოსვლას ან სხვა ლგბტ სიმბოლიკის გამოჩენას სტადიონზე. ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჰომოფობიური განწყობებით გამოირჩევიან, ფეისბუკზე ლგბტ სიმბოლიკის დაწერის დროსაც კი აგრესიას ვერ მალავენ. რამდენად მზად ხართ თქვენ, რომ ასეთი გაბედული ნაბიჯი გადადგათ?

პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ სპორტსმენებზე. მათ ჰყავთ მწვრთნელები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერიდებიან ხოლმე გადამლაშებას არასპორტული აქტივობებით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს… ძალიან მისასალმებელია, რომ ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელი გურამს და თანასწორობას მხარს უჭერს. ეს მათი პოზიციაა და მივესალმები მხოლოდ. ისინი თუ გადაწყვეტენ მსგავს აქციაში თავის ფეხბურთელების ჩართვას, არანაირი პრობლემა იქნება ჩვენი მხრიდან. თავიანთი გადასაწყვეტია – საკუთარ კლუბში, რა აქციასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. პირიქით, ჩვენი მხრიდან, ეს მისასალმებელი იქნება, მხოლოდ და მხოლოდ. მთავარია, ეს არ ეწინააღმდეგებოდეს იმ პრინციპებს, რომლითაც გაერთიანებული ვართ ფიფასთან და უეფასთან. ჩვენ წესდებაშიც არის ნახსენები მსგავსი რაღაცები და ამას თუ არ გასცდებიან, ყველა აქციას დავუჭერთ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი