ახალი ამბები

ვლადიმირ ვაისი: გურამ კაშია საუკეთესოა ნაკრებში

10 ნოემბერი, 2017 • 2953
ვლადიმირ ვაისი: გურამ კაშია საუკეთესოა ნაკრებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ გურამ კაშია კვიპროსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საუკეთესო იყო მოედანზე. მისი თქმით, ჰოლანდიური “ვიტესის” კაპიტანი, ჯაბა კანკავასთან და გიორგი ლორიასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.

ნეტგაზეთმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კვიპროსთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე სთხოვა შეფასება მისი გუნდის მცველების შესახებ. ვლადიმირ ვაისს ასევე ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სანდო ფეხბურთელია გურამ კაშია ნაკრებისთვის, რაზეც მან ასეთი პასუხი გაგვცა:

“ყველა ვხედავთ, თუ რამდენად საჭირო ფეხბურთელები არიან გიორგი ლორია, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ეროვნული ნაკრებისთვის; ისინი გუნდის ტვინი და გული არიან, რაც დღეს ყველას დაუმტკიცეს. კანკავა საოცრებაა – ნახევარი წელი უგუნდოდ, სათამაშო პრაქტიკის გარეშე იყო და ნახეთ, როგორ მაღალ დონეზე ითამაშა. რაც შეეხება კაშიას, ის ყველაზე კვალიფიციური და საუკეთესო იყო მოედანზე. ლორიამ ფაქტობრივად ერთ მომენტში გადაგვარჩინა გაშვებულ გოლს და მშრალად შეინახა კარი. ოთარ კაკაბაძეც და გიორგი ნავალოვსკიც კარგად გამოიყურებოდნენ დღეს, მაგრამ მათაც შეუძლიათ მეტი გააკეთონ. დავით ხოჭოლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, რომელსაც კარგად შეუძლია მეტოქისთვის ბურთის წართმევა – მასაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.”

დღეს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ვაისის თქმით, გატანილი გოლის მიუხედავად, გიორგი ქვილითაიასაც და ვაკო ყაზაიშვილსაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ ნაკრებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი