საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” დირექტორი: ჰომოფობია უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში

საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ კაშიას მსგავსად ისიც წინააღმდეგია ნებისმიერი ტიპის ძალადობის და დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის უფლებების შელახვა, ჰომოფობია კი საქართველოში უნდა დასრულდეს:

“აქ პროპაგანდა არაფერს შუაშია. აქ არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებას რის გამო დაარღვევ- ეს იქნება ლგბტ თემის კუთვნილების გამო, პოლიტიკური კუთვნილების გამო, თუ რელიგიური კუთვნილების გამო – რა მნიშვნელობა აქვს. ყველა ფორმის ძალადობა ძალადობაა. გურამმა დაიცვა პოზიცია და გურამმა თქვა მკაფიო არა ნებისმიერი ტიპის ძალადობის მიმართ. ისევე, როგორც გურამი, მე ვუერთდები გურამს და მეც ვამბობ არას ნებისმიერი ძალადობის მიმართ, ეს შეიძლება იყოს ლგბტ თემის წევრის მიმართ განხორციელებული თუ სხვა. […] ეს ჰომოფობია უდნა დამთავრდეს ამ ქვეყანაში” – თქვა  ბერიკა შუკაკიძემ გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”.


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში მის გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ამას არ ნანობს:

“მე მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მხარს ვუჭერ ადამიანს, რადგანაც ის არაფერს საზიანოს არ აკეთებს სხვების მიმართ. ეს არის ჩემი ხედვა. ჩემს ქვეყანაში რთულია აუხსნა ეს, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვერ იგებს, განსაკუთრებით, ფეხბურთის გულშემატკივრები. რამდენიმე ადამიანმა ღიად გამოხატა [კრიტიკა] ჩემი ფეისბუკის გვერდზე და არ ვაპირებ ყურადღება მივაქციო მათ. არ ვნანობ, რაც გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. მე არ მაღელვებს, ვინ ხარ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში, რამდენადაც სხვისთვის ზიანი არ მოგაქვს. იყავი ის, ვინც ხარ.”

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.