ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე პოლიციამ “ქართული მარშის” წევრები დააკავა [Live]

31 ოქტომბერი, 2017 •
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე პოლიციამ “ქართული მარშის” წევრები დააკავა [Live]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობის, ე.წ. ქართული მარშის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა, მათ შორის- ლადო სადღობელაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მაშხალებს და ასაფეთქებლებს სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ. ისინი იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგიას პოლიციის მიმართ, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ. აქციის ბოლოს მოძრაობის ლიდერებმა “ლგბტ დროშა” დაწვეს და ფედერაციის ეზოში გადააგდეს, რომელიც დაცვის თანამშრომელმა უკან გადმოუგდო.

მაშხალა, რომელსაც ჰომოფობიური მარშის მონაწილეების ისროდნენ ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე. 31 ოქტომბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დავით ქოქოშვილი

ე.წ. ქართული მარშის აქცია საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოცხადებულ  სოლიდარობას უკავშირდება, რომელიც მის მიმართ როგორც პოლიტიკოსებმა, ფეხბურთელებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამოხატეს.

გურამ კაშიამ, რომელიც კლუბ “ვიტესის” კაპიტანია, ლგბტ დროშის ფერების სამკლაურით ითამაშა და ლგბტ ადამიანებისადმი მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის გამო “ქართული მარშის” წევრები კაშიას ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი