ახალი ამბები

ბენიძე: მარნეულის 31-ე უბანზე ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება

21 ოქტომბერი, 2017 • 2427
ბენიძე: მარნეულის 31-ე უბანზე ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება

ყველაზე პრობლემურ საარჩევნო ოლქად კვლავ მარნეულის #22 ოლქი რჩება – ამის შესახებ ბრიფინგზე “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი მიხეილ ბენიძე საუბრობს.

ყველაზე რთული ვითარება 31-ე უბანზეა  სადაც, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება.

“31-ე უბანი ყველაზე პრობლემურია მარნეულში. პარაქტიკულად, სიტუაცია უკონტროლო არის… 31-ე უბანზე უკვე 6 საჩივარი გვაქვს დაწერილი. ახლა ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ჩვენი დამკვირვებელი მომდევნო საჩივრის დაწერას აპირებდა, მასზე იყო ზეწოლა სხვა ე.წ. დამკვირვებლის მხრიდან, რომ არ დაეწერა საჩივარი. ამ კონკრეტულ უბანზე პარაქტიკულად შეწყვეტილია ხმის მიცემა და ხალხმრავლობა და შეუფერებელი გარემოა… 31-ე უბანზე ბოლოს რაც შეგვატყობინეს, დამკვრელები მოიყვანეს და რაღაცას ზეიმობენ კომისიის წევრები,”- განაცადა ბენიძემ.

მიხეილ ბენიძის განცხადებით, როდესაც ამდენი დარღვევაა ერთ უბანზე, ეს, სავარაუდოდ, ბათილობის საფუძველია და ამაზე იდავებენ. თუმცა ბენიძე არ გამორიცხავს, რომ #31-ეს გარდა მსგავსი საფრთხე ემუქრებოდეს ამავე ოლქის #50-ე, 18-ე, 83-ე უბნებსაც, სადაც ასევე ბევრი დარღვევაა.

ამ უბნებზე, ISFED-ის ცნობით, ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა არასათანადო დოკუმენებით ხმის მიცემა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. 

 

ISFED-ის ცნობით, 19:00 საათისთვის, ჯამში, 60 საჩივარი წარადგინეს საუბნო კომისიებში, 66 საჩივარი – საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული.

სამართლიანი არჩევნების მიერ 19:00 საათისვთის დაფიქსირებული დარღვევები

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა ვადაგასული პასპორტით მისცა;
  • #22 მარეულის #18 საარჩევნო უბანზე 3-მა რეგისტრატორმა ამომრჩევლებს ბიულეტენები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე გადასცეს;

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #50 საარჩევნო უბანზე რამოდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემას.

 

არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა:

 

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე 3 კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მოცმეულ უბანზე რეგისტრირებული;  

 

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე 2-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთით, ასევე უბანზე, რასთან დაკავშრებითაც ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა;

მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე მარკირება არ შეუმოწმდა 3-ზე მეტ ამომრჩეველს;
  • მარკირების შემოწმება არ ხდებოდა ასევე მარნეულის  #50 საარჩევნო უბანზე;
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე 2-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების შემოწმების გარეშე მიიღო;

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:

  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობის გამო ხმის მიცემა კაბინაში არ შეეძლო, ბიულეტენები კენჭისყრის კაბინის გარეთ, კომისიის წევრების თანდასწრებით შემოხაზა;

აგიტაცია საარჩევნო უბანზე:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #84 სარჩევნო უბანზე რეგისტრატორი აგიტაციას პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ ეწეოდა, კერძოდ,  უბანზე მოსულ ამომრჩევლებს პარტიის რიგით ნომერზე მიუთითებდა.

ზეწოლა დამკვირვებელზე:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე იჩენს აგრესიულ და უარყოფით დამოკიდებულებას ორგანიზაციის დამკვირვებლის მიმართ;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებელი ნაზახის გოისუბოვი ზეწოლას ახდენს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე, რათა მან არ დაწეროს საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ეს პირი დღის განმავლობაში გავლენას ახდენდა ამომრჩევლების ნების გამოვლენაზე.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.

ამომრჩეველთა სიის ხარვეზი:

  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში გარდაცვლილი პირია.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენები სიაში ხელმოწერების გარეშე გადასცეს. ორგანიზაციამ მოითხოვა გადასატანი ყუთის ბათილობა და შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობა;
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს საარჩევნო სიაში ხელი არ მოაწერინა;
  • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები  სიაში ამომრჩევლის მონაცემების გადამოწმების გარეშე გასცა;  
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #55 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენები 3-ით აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს არასათანადო გრაფაში მოაწერინა ხელი;
  • #40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქში, #66 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი წინასწარ ამოწმებდა ბიულეტენებს ხელმოწერით და ბეჭდით, რაც დამკვირვებლის მითეთების შემდეგ აღმოიფხვრა;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა არ იყო მითითებული სადემონსტრაციო ოქმში, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
  • #4 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთით მეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რაზეც შესაბამისი ახსნა-განმარტება დაიწერა;
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ დადგინა, რომ ყუთის თანმხლები კომისიის წევრებს საჭიროზე ერთით ნაკლები ბიულეტენი გაატანეს;
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში #23 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასათანადო გრაფაში მოაწერა ხელი.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში არ იყო აღნიშნული, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევდა გადასატანი ყუთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი