ახალი ამბები

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის “ნიჭიერთა ათწლედის” კოლექტივის ღია წერილი პრემიერ–მინისტრს

8 ივნისი, 2013 • • 3290
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის “ნიჭიერთა ათწლედის” კოლექტივის ღია წერილი პრემიერ–მინისტრს

„ნიჭიერთა ათწლედის“  მთელი კოლექტივი, სკოლის გულშემატკივრები და, რაც მთავარია,  მოსწავლეები აღშფოთებული ვართ კულტურის სამინისტროს დამოკიდებულებით ჩვენი სკოლისადმი. კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად და დაუფარავად უკეთებს  იგნორირებას  სასწავლებელს  და ბლოკავს ჩვენი დირექტორის ყველა იმ პროგრესულ წამოწყებას, რასაც წლები ველოდით.  შეგახსენებთ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული  სამუსიკო ხელოვნების ისტორია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სკოლის აღზრდილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო კულტურაშიც. სკოლის აღზრდილთა სახელები ნებისმიერი ქვეყნის კულტურულ სახელოვნებო ელიტას დაამშვენებდა: სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, დავით თორაძე, ლექსო თორაძე, ნოდარ გაბუნია, ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, მარინე გოგლიძე-მდივანი, დიმიტრი ბაშკიროვი, ჯანსუღ კახიძე, ლევ ვლასენკო, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მთელი შემადგენლობა, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე კორსანტია, თენგიზ ამირეჯიბი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ლიზა ბათიაშვილი, მედეა ამირანაშვილი, ლიანა ისაკაძე, ლამარა ჭყონია, ზურაბ ანჯაფარიძე, ეთერ ანჯაფარიძე, დები იაშვილები, თამარ გაბარაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი,  გივი აზმაიფარაშვილი, ზაზა აზმაიფარაშვილი და მრავალი სხვა.  გვარების სრულ ჩამონათვალს გაზეთის გვერდი ვერ დაიტევს.

 

ბოლო ოცი წლის მანძილზე სკოლა აღმოჩნდა ქვეყანაში დატრიალებული მრავალი უბედურების მსხვერპლი. განადგურდა მატერიალური ბაზა და დაიშალა ის სტრუქტურა, რაზეც სკოლა იყო აგებული (სამუსიკო სკოლის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და ინტერნატის ერთობლიობა). დღემდე სკოლა მოიტანა პედაგოგთა უანგარო, თავდადებულმა შრომამ, პროფესიისა და სკოლისადმი ერთგულებამ.  სულ რაღაც ორიოდე წლის წინ სახელმწიფომ მოიცალა ამ სკოლისთვის და დაიწყო ნიჭიერთა ათწლედის აღორძინების რთული, მაგრამ, როგორც ჩვენ ვიმედოვნებდით, შეუქცევადი პროცესი.  ჩვენი მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, როდესაც ქვეყნის  სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ,  პირველ რიგში, გაიცნო როგორც მეცენატი და ხელოვნების დიდი ქომაგი, და მხოლოდ შემდეგ, როგორც პოლიტიკოსი. დარწმუნებული ვიყავით, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც ურთულეს წლებში მშველელად მოევლინა ქართულ ხელოვნებას, უყურადღებოდ არ დატოვებდა  ქართული სამუსიკო ხელოვნების ამ უნიკალურ სამჭედლოს.

 

სამწუხაროდ, თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილი კულტურის სამინისტროს  დღევანდელი ხელმძღვანელობის მუშაობა ამ მიმართულებით მხოლოდ პესიმიზმის საბაბს გვაძლევს.  აშკარაა „ათწლედის“ რეაბილიტაციისა და დაწყებული რეფორმების ხელოვნური ბლოკირება.  გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს როგორც მინისტრი, ისე მისი გარემოცვა და სამინისტროში შექმნილი მრჩეველთა საბჭო. მუსიკალურ წრეებში არსებობს მრავალი მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, თუ ვისი და რა ინტერესების სასარგებლოდ არის მიმართული ამ საბჭოს მუშაობა.  მტკიცებულებების გარეშე რთულია რაიმეზე დაბეჯითებით საუბარი, მაგრამ აშკარაა, რომ აღორძინებული „ნიჭიერთა ათწლედი“ არ შედის მათ ინტერესებში, ვინც დღეს სამუსიკო დარგს განაგებს.  დიდი გამჭრიახობა არ ჭირდება იმის დანახვას, რომ სამინისტროს გულმოდგინება ეხმიანება იმ დრამატურგიულ ხაზს, რომელსაც  ბოლო ათი წელია ატარებს სამუსიკო ხელოვნების ერთი მოხერხებული და გავლენიანი  პერსონა. სამუსიკო საზოგადოების კულუარებში  წლებია საუბრობენ მის გეგმაზე, მონოპოლიზება გაუკეთოს მთლიანად სამუსიკო განათლებას. თუ ეს პროცესი ბოლო ორი წელი შედარებით შეფერხდა და აქცენტი სამუსიკო განათლების ჭეშმარიტ განვითარებაზე გადავიდა,   კულტურის სამინისტროს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ  პრიორიტეტები კვლავ შეცვალა და  ახალი სული ჩაბერა გეგმას, რომლის განხორციელება დამანგრეველი იქნება ქართული მუსიკისთვის. 

 

მართალია, სამინისტრომ შეგვინარჩუნა გაზრდილი ბიუჯეტი, მაგრამ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსებში არ გამოიხატება. ნათლად ვხედავთ აქტიურ მუშაობას კოლექტივში განხეთქილების დასანერგად, რაშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს პედაგოგების მცირე ნაწილთან. იწერება საჩივრები, რომელთაც ხელს აწერენ „ათწლედისა“ და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და შემდგობ ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილნი და ხელმოწერები მოტყუებითაა მოპოვებული.  ეჭვი გვაქვს, მსგავსი ინტრიგების ავტორები სწორედ  სამინისტროს მაღალჩინოსანთა წაქეზებით მოქმედებენ.

 

ჩვენი ყველა მცდელობა, დაგვემყარებინა კომუნიკაცია  ხელისფლების იმ წარმომადგენლებთან, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, წარუმატებელი აღმოჩნდა. თქვენც  მოგმართეთ თხოვნით, მიუხედავად თქვენი გადატვირთული გრაფიკისა,  გამოგენახათ  დრო სამუსიკო განათლების პრობლემებზე  სასაუბროდ, მაგრამ თქვენ გადაგვამისამართეთ ისევ კულტურის სამინისტროში, რომელიც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თვეების მანძილზე ჩვენს სკოლას ბოიკოტს უცხადებს.  გვესმის, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები თქვენი პირადი ნდობით სარგებლობენ, რაც ამძაფრებს მათ პასუხისმგებლობას როგორც საზოგადოების, ისე თქვენ წინაშე, განსაკუთრებული კეთილსინდისიერებით მოეკიდონ  საქმეს, რათა არ მოახდინონ ქვეყნის საკეთილდღეოდ თქვენი მოღვაწეობის დისკრედიტაცია.

 

სკოლა ჩიხშია მოქცეული! პირად საუბრებში კულტურის სამინისტროს მესვეურები არ მალავენ დირექტორისადმი პირად ნეგატიურ დამოკიდებულებას. აქვთ კი უფლება თანამდებობის პირებს ერთი ადამიანისადმი პირადი ანტიპათიის გამო იგნორირება გაუკეთონ  მთელ ორგანიზაციას, სადაც 200 პედაგოგი და 600 ბავშვი წარმატებით მოღვაწეობს?  მსხვერპლად აქციო მსოფლიო მნიშვნელობის სკოლა, ქართული კულტურის არამატერიალური მემკვიდრეობა?

 

სკოლის ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს თანამდებობა, რათა პიროვნულ უთანხმოებას არ  შეეწიროს  სკოლის ინტერესები. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ვთვლით, რომ ზოგისათვის „არასასურველი“ დირექტორის წასვლით პრობლემები არ მოგვარდება.  მეტიც, დარწმუნებულნი ვართ,  სწორედ თამარ შენგელიას, ცხადია, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შესწევს უნარი ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცალკე აღებული სკოლის, არამედ ქართული სამუსიკო ხელოვნების მომავლისათვის.  „ათწლედი“ იყო და რჩება ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ძირითად დონორად, ის განაპირობებს, თუ რა მომავალი ექნება სახელმწიფო კონსერვატორიას,  საქართველოს სიმფონიურ ორკესტრებს, ოპერისა და ბალეტის თეატრებს და ა.შ.

 

ჩვენ, მუსიკოსები,  წლების მანძილზე ერთგულად ვემსახურებოდით ჩვენს საქმეს, მორჩილად ვიღებდით რეალობას და მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ვზრდიდით მუსიკოსებს, რომელთაც  საკუთარი შემოქმედებით ჩვენი სამშობლო მსოფლიოს გააცნეს როგორც  მაღალი კულტურის ქვეყნა. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც სიტუაცია კრიტიკულ ზღვარზეა და პასიურობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს შექმნილი საგანგაშო ვითარება გვაიძულებს მივმართოთ ღია წერილის ფორმას და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, მოგვაქციოთ ყურადღება და დაგვიდგეთ გვერდში საქართველოში სამუსიკო ხელოვნების გადასარჩენად.  ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი მმართველობისას საბოლოოდ განადგურდეს ქართული მუსიკის ეს უნიკალური კერა!!!

 

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის

ცენტრალური სამუსიკო სკოლა

                                                                                                                              “ნიჭიერთა ათწლედის“  კოლექტივი

                                                                                                                                                        7 ივნისი  2013 წელი  

                                                                                                                                                                      თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი