ნეტგაზეთი | “ყველა ერთისათვის”, თუმცა, მეორე ტურში – ოპოზიციის სტრატეგია “ოცნების” წინააღმდეგ “ყველა ერთისათვის”, თუმცა, მეორე ტურში – ოპოზიციის სტრატეგია “ოცნების” წინააღმდეგ – Netgazeti

“ყველა ერთისათვის”, თუმცა, მეორე ტურში – ოპოზიციის სტრატეგია “ოცნების” წინააღმდეგ

რა სტრატეგიით აპირებს საქართველოს პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველ გუნდთან ბრძოლას?

“ძალა ერთობაშია”

რა სტრატეგიით დავამარცხოთ ხელისუფლება? – ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციაში საკმაოდ აქტუალურია. ოპოზიციის პროდასავლურ ფლანგზე გაისმა გაერთიანების იდეაც. ინიციატორი ენმ-ის ყოფილი ლიდერი გიორგი ვაშაძეა, რომელიც ფიქრობს, რომ “ძალა ერთობაშია”.

ამ გეგმის მიხედვით, პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები, სამოქალაქო ჯგუფები და შესაბამისი სურვილის მქონე ინდივიდუალური პირები ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გაერთიანებულიყვნენ და კანდიდატები, მათ შორის მერის თანამდებობაზე, შიდა არჩევნების ანუ პრაიმერიზის მეშვეობით შეერჩიათ. ჯგუფმა გაერთიანება რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას შესთავაზა, მათ შორის ენმ-ს, რესპუბლიკელებს, დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობას”, “ევროპულ საქართველოს”, ასევე, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს, თუმცა ყველა ამ სუბიექტისაგან პასუხად უარი მიიღო. დასახელებული პოლიტიკური ძალების იმ ლიდერების განცხადებით, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, პრაიმერიზი, რასაც მათ ვაშაძე სთავაზობს, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური იქნება.

ვაშაძის გუნდის მოტივაცია, როგორც ეს მისმა თანაგუნდელმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ მაესტროს ეთერში ახსნა, გარკვეულწილად NDI-ის გამოკითხვის შედეგებსაც ეყრდნობოდა.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, მმართველ გუნდს მხარს უჭერს მხოლოდ არჩევნებზე წამსვლელი ამომრჩევლის 27%, 8%-იანი რეიტინგი აქვს ენმ-ს, ევროპულ საქართველოს – 3%, ხოლო ყველა სხვა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას ერთად აღებულს- 7%. უცნობია, რას გააკეთებს საარჩევნო უბანზე მისული 55%.

სიტუაცია კიდევ უფრო კონტრასტულია, როდესაც საქმე თბილისის მერის არჩევნებს ეხება. მმართველი გუნდის კანდიდატ კახა კალაძეს, ამავე კვლევით, 37% აქვს, ალეკო ელისაშვილს-22%, ზაალ უდუმაშვილს ენმ-დან – 16%, ხოლო ელენე ხოშტარიას- 5%.

თუ წარმოვიდგენთ რეალობას, სადაც ელისაშვილის, უდუმაშვილისა და ხოშტარიას ძალები ერთიანდება, რეიტინგიც იკრიბება და კალაძის წინააღმდეგ ამ სამიდან პრაიმერიზში გამარჯვებული კანდიდატი გადის არჩევნებზე, აღმოჩნდება, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრზე მეტი ხმის მიღების შანსი აქვს.

“ნებისმიერ პრაგმატულ საზოგადოებაში გაკეთდებოდა ერთი დასკვნა, ანუ ის, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკურ კანდიდატებს”, – ამბობს ვაშაძის ჯგუფის წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

თუმცა, რამდენად სწორია სოციოლოგიური, მეცნიერული თვალსაზრისით ის არითმეტიკული დაშვება, რომელიც ზემოთ გავაკეთეთ? ანუ შეგვიძლია თუ არა ვიანგარიშოთ წარმოსახვითი კოალიციის რეიტინგი მისი ცალკეული სუბიექტების პროცენტების შეკრებით? ამ კითხვით CRRC საქართველოს დირექტორს, სოციოლოგ კობა თურმანიძეს მივმართეთ. NDI-ისთვის კვლევებს სწორედ ეს ორგანიზაცია ატარებს.

“ჩემი აზრით, არანაირად არ შეიძლება, რომ ეს პროცენტები ერთმანეთს მივუმატოთ”, – გვპასუხობს თურმანიძე. მისი თქმით, ერთია პარტიის რეიტინგი, მაგრამ მეორეა ის, თუ რა ეფექტი ექნება  ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების სხვა ჯგუფებთან გაერთიანებას. ანუ როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ამომრჩეველი.

“ზოგიერთ მხარდამჭერს [ასეთი გაერთიანება] იმედს მისცემს, რომ შანსები იზრდებაო, მაგრამ ზოგს პირიქით, იმედს გაუცრუებს, მე მხარს კონკრეტული რაღაცის გამო გიჭერდით და ისეთ ვიღაცას შეუერთდით, ვის შეხედულებებსაც მე არ ვიზიარებო. ეს ორივე ფაქტორი იბრძოლებს ერთმანეთში, რომელი გადაწონის. რთული სათქმელია, მაგრამ მექანიკური ჯამი, ჩემი აზრით, არ იმუშავებს”, – ამბობს თურმანიძე. მას თავისი არგუმენტის საილუსტრაციოდ ალეკო ელისაშვილის მაგალითი მოჰყავს.

“ელისაშვილის  სავარაუდო ელექტორატი ზუსტად იმიტომაა მისი მხარდამჭერი, რომ პარტიები არ მოსწონს. ახლა წარმოიდგინეთ, ელისაშვილი რომელიმე პარტიასთან ერთად რომ დაინახოს ამომრჩეველმა, არავინ იცის, ის ამით დაკარგავს თუ მოიგებს. ჩემი ვარაუდით მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს, ალბათ, თვითონაც ასე ფიქრობს და ამიტომ არჩია დამოუკიდებლად გამოსვლა”.

თუმცა ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე პარტიის გაერთიანების მოდელი საქართველოში უკვე გამოცდილია, თან- წარმატებით. ბოლო ასეთი შემთხვევა 2012 წლის არჩევნები იყო, როდესაც ერთმანეთის გვერდით ისეთი პარტიებიც კი დადგნენ, რომლებიც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებშიც ვერ თანხმდებოდოდნენ, მაგრამ არჩევნები მოიგეს.

“რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ამომრჩევლების ერთად შეკრება ძალიან რთულია. 2012 წელს ეს რაღაც მანქანებით გამოვიდა, მაგრამ კონტექსტი სრულიად განსხვავებული იყო…”, – ამბობს კობა თურმანიძე. “ახლა ისეთი ფაქტორი, როგორიც მაშინ ბიძინა ივანიშილი იყო, აღარ არის. მაშინ ხალხი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა იმას, თუ რა განსხვავება და მსგავსვება არსებობდა ფორუმსა და რესპუბლიკელებს შორის. ახლა [ოპოზიციისთვს] სარგებელს მოიტანს თუ ზარალს [მსგავსი გაერთიანება, რეიტინგის თვალსაზრისით], არავინ იცის”, – ამბობს თურმანიძე და დასძენს, რომ ამის შესაფასებლად ახალი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო.

ის, რომ პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების ინიციატორი გიორგი ვაშაძეა, რომლის პარტიის რეიტინგიც NDI-ის კვლევის მიხედვით 3%-ს ქვემოთაა, არ უკვირს პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას. მისი თქმით, არსებობს მიზეზი, რის გამოც სხვა პარტიები, მაგალითად, ევროპული საქართველო, პირველსავე ტურში ასეთ გაერთიანებას არ მოინდომებს.

“ენმ-ს იმიტომ გამოეყვნენ ვაშაძეც და ევროპული საქართველოც, რომ რაღაცები არ მოსწონდათ. ახლა მათივე ამომრჩველის თვალში ძალიან უცნაური იქნება, პირველ ტურში ისევ რომ გაერთიანდნენ. გაჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ ახლა გაერთიანებას აპირებდით, რატომ გამოეყავითო”, – ამბობს ცხადაია.

მისივე თქმით, ევროპულ საქართველოს, რომელიც თავის პირველ არჩევნებზე დამოუკიდებლად გადის, ამომრჩევლისთვის თავისი იდენტობის ჩვენება და პოლიტიკურ ველში საკუთარი ნიშის დაკავებაც სურს, რასაც ენმ-სთან კოალიციაში ნაკლებად მოახერხებს.

ცხადაიას თქმით, ასეთ გაერთიანებაში შესვლა დისკრედიტაციის ტოლფასი იქნება ალეკო ელისაშვილისთვის, რომელიც თავის კამპანიას დამოუკიდებლობაზე აგებს. მისი თქმით, ელისაშვილთან გაერთიანების შემთხვევაში ენმ არაფერს დაკარგავს, რადგან ამ პარტიას თავის ამომრჩეველთან ძლიერი იდეოლოგიური ბმა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ელისაშვილი დაზარალდება.

“ელისაშვილის პლატფორმა აწყობილია იმაზე, რომ მას ენმ-სთან შეხება არ აქვს. მისი ამომრჩევლების ნაწილიც ის ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე ნაციონლაური მოძრაობის ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ”, – ამბობს ცხადაია.

“ყველა ერთისათვის”, თუმცა- მეორე ტურში

მართალია, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს პირველსავე ტურში გაერთიანებისა და პრაიმერიზების იდეა არ მოსწონთ, მაგრამ განსსხავვებულად უყურებენ მეორე ტურში თანამშრომლობის პერსპექტივას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შერეული პროპორციულ/მაჟორიტარული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს რამდენიმე ბიულეტენის შემოხაზვა უწევს.

ერთით ის ირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, რომელიც შემდეგ, მიღებული ხმების შესაბამისად, პროპორციული წესით იკავებს მანდატებს, მეორე ბიულეტენით ამომრჩეველი საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევს, ხოლო მესამეთი- გამგებელს ან მერს.

იმისათვის, რომ პოლიტიკოსმა გამგებლის ან მერის არჩევნები მოიგოს, პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს, რისი შანსიც NDI-ის კვლევით ნაკლებია. თუ 50%-იან ბარიერს ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გადალახავს, ინიშნება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი უპირისპირდება ერთმანეთს. პროდასავლური ოპოზიციის თანამშრომლობაზე საუბარი სწორედ ამ კონტექსტშია. თუ მეორე ტურში ხელისუფლების კანდიდატი ისეთ ოპოზიციონერს დაუპირისპირდება, რომელსაც გაცხადებული პროდასავლური ხედვები აქვს, ანალოგიური შეხედულებების მქონე სხვა პარტიები მხარს სწორედ ამ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუჭერენ.

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. რა მოხდება რეალურად, რამდენი მეორე ტური ჩატარდება, შეძლებენ თუ არა პროდასავლური პარტიები კონსოლიდაციას და ა.შ. ეს ჯერ უცნობია. ჩვენთან საუბარში რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდი მზადაა, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს სხვა პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენელს, თუმცა ამ თემაზე რაიმე ოფიციალური კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. ერთადერთი პარტია, სადაც ამ კონტექსტში გარკვეული კონსულტაციების არსებობა დაგვიდასტურეს, ნაციონალური მოძრაობაა, თუმცა, კონკრეტიკის გარეშე.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებისათვის ემზადება და სურს, რომ სწორედ თვითონ გახდეს მერი. თუმცა, თუ ისე მოხდება, რომ მეორე ტურში კალაძის პირისპირ სხვა ოპოზიციონერი (პროდასავლური სეგმენტიდან) აღმოჩნდება, ის მხარს დაუჭერს, მათ შორის- ალექსანდრე ელისაშვილსაც. ხოშტარია გვიყვება, რომ არაფორმალურად, ამის შესახებ ალეკო ელისაშვილსაც შეატყობინა და უკვირს, რომ ეს უკანასკნელი მკაფიო პოზიციას საჯაროდ არ აფიქსირებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

ენმ-ის წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძეც აცხადებს, რომ მისი პარტია მზადაა, ქვეყნის ყველა რაიონში მხარი დაუჭიროს სხვა პროდასავლურ ოპოზიციის წარმომადგენელს, თუ ის მეორე ტურში ხელისუფლების პირისპირ აღმოჩნდება.

რაც შეეხება ელისაშვილს, ამ კითხვაზე მისი პასუხი ასეთია.

“მოდით, ჯერ არჩევნების პირველი ტური ჩავატაროთ, მერე გეტყვით, რა იქნება და როგორ. მე ვემზადები მეორე ტურში გასასვლელად და, საერთო ჯამში, ვიბრძვი არჩევნებში გასამარჯვებლად. წინასწარ არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ჩემი მთავარი საზრუნავი ხალხის დარწმუნებაა”, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის პასუხი არ უკვირს პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას. მისი თქმით, ელისაშვილის პოზიციაა, რომ “ქართული ოცნებაც” და ენმ-ც ზიანის მომტანები არიან ქვეყნისთვის, შესაბამისად, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელსაც არც მოქმედი და არც ყოფილი ხელისუფლება მოსწონს, ე.წ. შუაშისტები თუ გადაუწყევეტელი ამომრჩეველი. ამ კუთხით, ცხადაიას თქმით, ელისაშვილის ინტერესებში არ შედის რომელიმე პარტიასთან აფილაცია.

“ელისაშვილმა უნდა მიიმხროს ის ამომრჩეველი, ვისაც არც ერთი პარტია მოსწონს. ესაა მისი გამარჯვების ერთადერთი შანსი”.

თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ელისაშვილი მეორე ტურში გავა და სხვა ოპოზიციური ძალების დახმარება და, შესაბამისად, მათი ამომრჩევლის ხმებიც დასჭირდება გამარჯვებისთვის?

“დასჭირდება, მაგრამ გააჩნია, იგივე ენმ რამდენ პროცენტს აიღებს პირველ ტურში. ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ამ არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, მაინც ე.წ. შუაშისტი ამომრჩეველი წყვეტს”, – ამბობს ცხადაია.

პირველ ტურში გაერთიანებაზე უარის თქმა და მეორე ტურში თანამშრომლობის იდეა არ მოსწონს გიორგი ვაშაძეს. იგი თვლის, რომ მეორე ტურებში ხელისუფლება ისევე გაიმარჯვებს, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ენმ-ის წევრები დაამარცხეს.

სტატისტიკა მართლაც ვაშაძის სასარგებლოდ მეტყველებს, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელი (მაგალითად, აჰმედ იმამკულიევი მარნეულში) 2016 წლის არჩევნებში თავის ოპონენტს მმართველი გუნდიდან პირველ ტურში მცირედით უსწრებდა, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა.

2014 წელს თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში დავით ნარმანიამ ნიკა მელიაზე 59 682 ხმით მეტი მიიღი, მეორე ტურში კი – 137 716 ხმით მეტი.

“მეორე ტური, ეს არის დამარცხება. ბრძოლას გამარჯვებისთვის აქვს აზრი, დამარცხებისთვის ბრძოლას რა აზრი აქვს?”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ზემოხსენებული სტატისტიკური მონაცემები სხვა ოპოზიციურ პარტიებს მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ, მათ შორის- არც ენმ-ში. გასულ არჩევნებში სწორედ ენმ-ის კანდიდატები დამარცხდნენ მეორე ტურებში.

“მეორე ტურში ოპოზიციას რომ არ მოუგია, ეს არ უნდა მოვიყვანოთ მოცემულობად, რადგან მეორე ტურში ოპოზიცია არასოდეს გაერთიანებულა და ერთიანი რესურსებით არ დაპირისპირებია სახელისუფლებო კანდიდატს. ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა”, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

კახა კალაძე NDI-ის კვლევას არ ენდობა და აცხადებს, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com