ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების განცხადებით, კანდიდატებს მერების არჩევნების მეორე ტურში თავისუფლად მონაწილოების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს.
OSCE/ODIHR-ის დასკვნით, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციების არარსებობა, მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის გვიან დაწყება და მეორე ტურამდე სუბიექტებისთვის საკუთარი კანდიდატურის მოხსნის აკრძალვა, საკანონმდებლო ბაზის შემდგომი რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებს.
“საკანონმდებლო ჩარჩო, ძირითადად, სათანადო საფუძველს ქნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტები არათანმიმდევრული ან ბუნდოვანია. მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის ჩატარდა, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, თუმცა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა, რის შედეგადაც, ექვსიდან ორ ოლქში საარჩევნო მარათონს ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კორინ იონკერმა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების განცხადებით, საქართველოს 6 რეგიონში ჩატარებული მერების არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, ხოლო შემოკლებული და ნაკლებად აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, კანიდატებს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ და ფუნდამენტური უფლებები ძირითადად დაცული იყო.
“საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსამზადებელი სამუშაოები ყველა დონეზე ძირითადად პროფესიონალურად და დროულად ჩაატარა, მათ შორის, უზრუნველყო ქვედა დონის კომისიების სრულად დაკომპლექტება და დამატებითი ტრენინგების ორგანიზება,” -აღნიშნა იონკერმა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, გამოხატვის თავისუფლება მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის დროს დაცული იყო, თუმცა, მედიის მარეგულირებელი ორგანოდან მიღებული მითითებების თანახმად, მაუწყებელს უფასო საეთერო დროის გამოყოფა და ფასიანი საარჩევნო რეკლამების შეთავაზება მხოლოდ 2 ნოემბრიდან შეეძლო, რამაც კანდიდატებისთვის მედიაკამპანიის წარმოების შესაძლებლობა შეზღუდა.
“ზოგიერთი ადგილობივი მედიასაშუალება საარჩევნო კამპანიას რეგულარულად აშუქებდა, ხოლო ნაციონალურ დონეზე მედია უმეტესწილად იგნორირებას უკეთებდა მეორე ტურის ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. ახალ ამბებში მმართველი პოლიტიკური ძალა “ქართული ოცნება” დომინირებდა,” – განაცხადა კორინ იონკერმა.
მისი განცხადებით, პოლიტიკურ ასპარეზზე წამყვანი პოზიციების ქონა გარკვეულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რომელიც იმ რეფორმების განხორციელების უზრუნველყოფას გულისხმობს, რსც აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს:
“აღნიშნული რეფორმები კონსულტაციების საფუძველზე და არჩევნებით დაინტერესებული ყველა მხარის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ეს რეფორმები არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის თანაბარ პირობებს უნდა უზრუნველყოფდეს.”
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლების განცხადებით, პირველი ტურის შემდეგ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1000-მდე საჩივარი ღიად და კოლეგიალურად განიხილეობდა, შესაბამისი პროცედურებისა და კანონით დადგენილი საბოლოო ვადების დაცვით, თუმცა ბევრი საჩივარი პროცედურულ ან ფორმალისტურ საფუძველზე განხილვის გარეშე უარყვეს, რამაც კანდიდატებისა და ამომრჩევლების დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უფლება შეზღუდა. გარდა ამისა, როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამან საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.
პირველი ტურისგან განსხვავებით, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მთავარ პრობლემად არ დასახელებულა, თუმცა ზეწოლისა და დაშინების შესაძლო შემთხვევები შეშფოთებას იწვევდა. არჩევნების დღე შეუფერხებლად და პროფესიონალურად წარიმართა. ხმის მიცემის, ხმების დათვლის და გადათვლის პროცესი დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს:
“ამომრჩეველთა სიები განახლდა გარდაცვლილი ამომრჩევლების სიებიდან ამოღების და არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის 18 წელს მიღწეული პირების სიებში ჩასმის მიზნით. საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, ცესკომ არსებული უზრუნველყო სადამკვირვებლო აკრედიტაციების გახანგრძლივების პასუხისმგებელ პირთა ჩართულობით. გარდა ამისა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკომ დამატებითი აკრედიტაციიის საშუალებაც შექმნა.”
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, საქართველოს 6 რეგიონიდან ხუთში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს წინასწარი მოანცემებით, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეძლო სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის დამარცხება, ოზურგეთია.
ოზურგეთი – 62 უბნის (ყველა) შედეგები:
- ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება – 49.89% (17 227 ხმა);
- კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 50.11% (17 306 ხმა).
ქუთაისი – 124-დან დათვლილია 123+1 საარჩევნო უბნი
- გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობა – 12.45%
- გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნება – 87.55%
ყაზბეგი – 10-დან დათვლილია 10-ვე საარჩევნო უბანი:
- სანდრო ყამარაული, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო – 31.35%
- ალექსანდრე ზაგაშვილი, ქართული ოცნება – 68.65%
ხაშური – 52-დან დათვლილია 52-ვე საარჩევნო უბანი:
- გიორგი გურასპაშვილი, ქართული ოცნება – 61.31%
- რამაზ ნოზაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 38.69%
ბორჯომი – 30-დან დათვლილია 30-ვე საარჩევნო უბანი:
- ზაზა ჩაჩანიძე, პატრიოტთა ალიანსი – 44.78%
- ლევან ლიპარტია, ქართული ოცნება – 55.22%
მარტვილი – 39-დან დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი:
- მამუკა დანელია, ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
- ალექსანდრე გრიგალავა, ქართული ოცნება – 94.04%
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო დღეს ზემოთხსენებულ 6 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გაიმართა – ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში აკეთებდნენ არჩევანს. ცესკომ საბოლოო შემაჯამებელი ოქმი ოფიციალურად 11 დღეში უნდა გამოაცხადოს.