ახალი ამბები

ვინ უხელმძღვანელებს სოფელს

24 აპრილი, 2013 • • 1618
ვინ უხელმძღვანელებს სოფელს

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 24 აპრილს, ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ერეკლე ტრიპოლსკისა და მისი მოადგილის, გია ჟორჟოლიანის შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა. კონფერენციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ზემოხსენებულ კომიტეტს სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს. დოკუმენტი სხვა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად სასოფლო დასახლებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. მთავრობის გეგმის მიხედვით, სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს სოფლის საერთო კრება, აირჩევა კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. თითოეულ სოფელს მიენიჭება ქონების ფლობის და მართვის, ასევე, შემოსავლების მიღების თუ ხარჯთაღრიცხვის წარმოების უფლება. სოფელს შეეძლება არასამეწარმეო და კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საზოგადოებრივ თვითმმართველ ერთეულს 2016 წლის 1 სექტემბრამდე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაეცემა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ტყე და წყალი.


“სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა არის სოფლის მოსახლეობის უფლება და შესაძლებლობა საერთო კრების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მართოს საერთო ქონება, იზრუნოს სოფლის პრობლემების მოგვარებაზე და ქმედითი მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში”, – ნათქვამია კანონპროექტის პირველ მუხლში.


კანონპროექტის თანახმად, საერთო კრება, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ ჩატარდება. მის ორგანიზებას უზრუნველყოფენ კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოს წევრები. წარმომადგენელთა საბჭო საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის საერთო კრების წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებიც ერთი წლის ვადით მოსახლეობის მიერ ფარული კენჭისყრით აირჩევიან. რაც შეეხება საერთო კრების თავმჯდომარეს, მას მოსახლეობა ასევე ერთი წლის ვადით ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევს. იგი იქნება საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელი, აღასრულებს საერთო კრებისა და წარმომადეგნელთა საბჭოს გადაწყვეტილებებს, პერსონალურად აგებს პასუხს საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაზე, იქნება  საზოგადოებრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი, ერთი წლის განმავლობაში წარმართავს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობას, უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და თანამდებობის პირებთან.


დღეის მდგომარეობით აღნიშნული კანონპროექტი განსახილველად მთავრობას აქვს გადაგზავნილი. უკვე ცნობილია, რომ იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებმა მის შინაარსთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა სახის შენიშვნებზეა ლაპარაკი.


“ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ხალხი ჩაერთოს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება გამოთქმული. კონსენსუსი პირველ რიგში  მთავრობის შიგნით უნდა არსებობდეს, რადგან ეს არის რეფორმა, რომელიც უნდა განახორციელოს მთლიანად მთავრობამ. თუ ეს კონსენსუსი არ იარსებებს, ცხადია, ეს რეფორმა წარმატებას ვერ მიაღწევს. პრინციპების თაობაზე [მთავრობაში] საერთო თანხმობა არსებობს, მაგრამ თუ როგორ უნდა მოხდეს მისი რეალიზება, როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის სხვადასხვა უწყებას თავისი დამოკიდებულება გააჩნია. ჩვენ ამ კანონპროექტის ინიცირება იმიტომ მოვახდინეთ, რომ როდესმე დაიწყოს ეს პროცესი”, – ამბობს კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი გია ჟორჟლიანი.


აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის: “საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის” ფარგლებში დაიწერა. ეს ამ რამდენიმე წელიწადზე გაწერილი სტრატეგიის ერთ–ერთი პირველი დონეა, რომელსაც შემდგომში ხელისუფლების დეცნეტრალიზაციისა და თვითმმართველობების განვითარების კუთხით სხვა რეფორმები უნდა მოჰყვეს. ეს სტრატეგია საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა და მისი იმპლემენტაციის განკარგულებაც გასცა, თუმცა ვადების საკითხი კვლავ გასარკვევია. გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ზემოხსენებული კანონპროექტის მიღება სექტემბრის თვემდე მოესწრება.


“ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს, მაგრამ, რაც უფრო სწრაფად დაიწყება, მით უფრო კარგი იქნება. ეს კანონი [სოფლად მცხოვრები ადამიანების]  უშუალო ცხოვრებას ეხება. მისი ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები, წესით, უნდა აღმოჩნდეს მათ კომპეტენციაში. დღეს სოფლის მოსახლეობის მიერ არავითარი გადაწყვეტილება არ მიიღება. აქ საუბარია, მაგალითად, სასაფლაოს მოვლაზე, კლუბის მოვლაზე, სპორტდარბაზის მოვლაზე და სამეურნეო საკითხებზე”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.


რაც შეეხება საძოვრების პრობლემას, დეპუტატი ამბობს, რომ რეფორმის ამოქმედების შემდეგ საძოვრები სოფლებს სარგებლობის უფლებით გადაეცემა. წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების პრობლემა კვლავ მუნიციპალიტეტის დონის საკითხად დარჩება.


“აღარ უნდა მოხდეს ისე, როგორც ამას ჩვენ ყოვალდღიურად ვხედავთ, რომ იღვიძებენ ადამიანები, ძროხა მიჰყავთ [საძოვარზე] და იქ ვიღაც ეუბნება, რომ ამიერიდან აღარ მოიყვანო, ჩემია და ასე შემდეგ”, – ამბობს იგი.

შენიშვნები, რომელიც კანონპროექტის ირგვლივ არსებობს


სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობების განვითარების კონცეფციასთან არა, მაგრამ უშუალოდ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს გამოთქვამს ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ დოკუმენტის რამდენიმე დებულება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი.


“ზოგადად, კონცეფციასთან, რომ ადამიანები ერთობლივად წყვეტდნენ იმ საკითხებს, რაც მათ ცხოვრებას ეხება, მე შენიშვნა არ მაქვს: ეს კარგია და უნდა იყოს, მაგრამ,  რაც შეეხება უშუალოდ ამ კანონპროექტს, გარკვეული შენიშვნები  მაქვს. [კანონპროექტის] გარკვეული იურიდიული ნორმები არ არის ჩამოყალიბებული საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ამასთანავე, ეს არ არის ქმედითი ნორმები. ეს ნორმები ამ სახით ვერ იმუშვებს. აქ წერია, რომ საზოგადოებრივი თვითმმართველობის თავმჯდომარეს აქვს ნორმატიული აქტის გამოშვების უფლება და სინამდვილეში არ აქვს იმიტომ, რომ არსებობს საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც ასეთ რამეს არ იცნობს. ასევე  გაუგებარია [საზოგადოებრივი თვითმმართველობა], ეს არის ადმინისტრაციული რგოლი თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ასეთი წმინდა იურიდიული საკითხები გამართვას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ვერ იმუშავებს”, – ამბობს მელუა “ნეტგაზეთთან” საუბარში.


მისი წარმოდგენით, საზოგადოებრივი თვითმმართველობა არა კერძო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია, არამედ სოფლის საჯარო ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელსაც საკითხების მოგვარების დიდი სპექტრი ვერ ექნება მცირე მასშტაბების გამო.


“მაგრამ მის ზემოთ იქნება თვითმმართველობის მეორე დონე, მუნიციპალიტეტი, რომელიც გაცილებით უფრო დიდი იქნება და ის მოაგვარებს რაღაც საკითხებს, მაგალითად, წყალმომარაგებას. ეს კი უშუალოდ იმ საკითხებზე იქნება ორიენტირებული, რომელიც სოფლის მოსახლეობას და მის ქონებას ეხება. თუ საზოგადოებრივ თვითმმართველობას საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახე ექნება, მაშინ შეუძლებელი გახდება დავინახოთ, თუ რა საჯარო პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს, რომელიც არჩეულია [კრების მიერ]… ანუ  სახელმწიფო რაზე იღებს პასუხისმგებლობას და ასე შემდეგ. ცნებათა აღრევა არ უნდა იყოს კანონში. თუ ეს ინსტიტუტი განაგებს საჯარო საქმეებს, მაშინ არის თვითმმართველობა და თუ კერძო საქმეებს – მაშინ არის კერძო სამართლის იურიდიული პირი”, –ამბობს იგი. მელუას თქმით, კანონპროექტში არ ჩანს ამ ახალი ინსტიტუტის სტატუსი. ჯერ კარგად არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა ფორმით იფუნქციონირებენ სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობები, დაკავდებიან ადმინისტრაციული საკითხებით, თუ მხოლოდ საკონსულტაციო საქმიანობით შემოიფარგლებიან.


გია ჟორჟოლიანი ამ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობას სთავაზობს და მოუწოდებს, რომ თავიანთი მოსაზრებები კანონპროექტის ავტორებს გააცნონ.


სურთ თუ არა სოფელში საზოგადოებრივი თვითმმართველობა?


დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადეგნელი დაინტერესდა – იყო თუ არა საზოგადოებრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აზრი შესწავლილი, რაზეც კანონპროექტის ავტორებმა განაცხადეს, რომ მოსახლეობას ამ პროექტის რეალიზაციის სურვილი აქვს, რასაც წინა წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა ადასტურებს.


დავით მელუა ამბობს, რომ მან ბოლო პერიოდში საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა და დარწმუნდა, რომ მოსახლეობას თვითმმართველობის საკითხში ჩართვის სურვილი ნამდვილად გააჩნია.


“უმრალესობას უნდა, როდესაც იმ საკითხების შესახებ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც უშუალოდ მას ეხება, თვითონაც იყოს პროცესში ჩართული. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ეს ასე მოხდება”, – აცხადებს იგი.


ადამიანური რესურსის პრობლემა


კანონპროექტის ავტორები -გია ჟორჟოლიანი და ერეკლე ტრიპოლსკი ერთ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც, მათი თქმით, შესაძლოა სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობების პროექტის რეალიზაციის დროს იჩინოს თავი, საუბარია ადამიანურ რესურსებზე და იმ მოქალაქეების კომპტენეციაზე, რომელთაც სოფლად ამ პროცესში მოუწევთ ჩართვა. იგივე პრობლემის შესახებ მელუაც საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ სოფლის საბჭოების დაკომპლექტების თვალსაზრისით, სავარაუდოდ, პრობლემები არ შეიქმნება, თუმცა უცნობია, როგორ იქნება ათვისებული სოფლისათვის მინიჭებული სამეურნეო საქმიანობის ინსტრუმენტი, რადგან ამას შესაბამისი ცოდნა და კვლიფიკაცია სჭირდება.


“[კანონპროექტის მიხედვით] მათ სამეურნეო საქმიანობის უფლება აქვთ, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, საბანკო ანგარიშების მართვის და შესყიდვების. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ვხედავ ამ [ადამიანურ] რესურსებს. თემებშიც კი, სადაც რამდენიმე სოფელი ერთიანდება, ასეთი ადამიანი შეიძლება მხოლოდ 3 ან 4 იყოს”, – აცხადებს იგი.



რა ბედი ელის სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტს?


სოფლის საზოგადოებრივი თვითმართველობის შესახებ კანონპროექტი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის დღეისათვის მოქმედ სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტს, თუმცა ცნობილია, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონცეფცია მუშაობას დაიწყებს, ამ ინსტიტუტის გაუქმება და მისი ფუნქციების სოფლის კრებისათვის ან მისი თავმჯდომარისათვის გადაბარება იგეგმება.


ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის უცნობია, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე სოფლის კრების თავმჯდომარის პასუხისმგებლობების განსაზღვრა.


“სოფლის რწმუნებული, დღეის მდგომარეობით, არის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნული მოხელე და ის პასუხისმგებელია  გამგებლის წინაშე, ანუ თუ რამეს ვერ გააკეთებს კარგად, მას მუნიციპალიტეტის გამგებელი მოხსნის თანამდებობიდან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არჩეულია საჯარო კრების მიერ და რაღაცას ვერ გააკეთებს სწორად, მუნიციპალიტეტი ვერანაირ ადმინისტრაციულ მექანიზმს ვერ გამოიყენებს მის წინააღმდეგ. გამოდის, რომ ადმინისტრაციული წარმოება მის მიმართ ვერასდროს მოხდება და, ფაქტობრივად, იქნება პატარა ავტონომიური ლიდერი. კანონში არ ჩანს რეგულაციები. ის არჩეულია ერთი წლით და თუ მოსახლეობამ არ გადაირჩია, ვერაფერს გააკეთებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რადგან ეს არ არის საჯარო ადმინისტრაციული დაწესებულება და მას შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებენ”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ კანონპროექტში ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს.


სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობა და დემოკრატიული განვითარება


როგორც ცნობილია, თვითმმართველობების რეფორმირების აღნიშნული კონცეფციის შემუშავებისას მმართველი გუნდის ერთ–ერთი უმთავრესი დეკლარირებული მოტივაცია რეგიონებში დემოკრატიული ჩართულობის ხარისხის გაზრდა იყო. ხელისუფლება ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისა და მსჯელობის პროცესში სოფლად მცხოვრები ადამიანების ჩართვა დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. დავით მელუა კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული მეთოდებით დემოკრატიის განვითარება ვერ მოხერხდება და ამისათვის საზოგადოების თვითშეგნების ხარისხის ამაღლებაცაა საჭირო.


“დემოკრატიის ხარისხს მხოლოდ კანონპროექტი ვერ ზრდის, დემოკრატიის ხარისხს ზრდის საზოგადოების თვითშეგნების ხარისხი. ეს [პროექტი] იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთი თვითშეგნება უკვე აქვთ, გარკვეულწილად დაეხმარება და წინ წასწევს, მაგრამ მე არ ველი, რომ გარდამტეხი ცვლილება მალევე იქნება”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობების ჩამოყალიბება დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით არსებული ძალიან დიდი გზის დასაწყისია. მისი თქმით, რეგიონებში ადმინისტრაციული მეთოდებით დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის იდეა ინგლისში ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში მოუვიდათ აზრად, თუმცა მაშინ ეს უტოპიად ჩაითვალა და ევროპას საუკუნეზე მეტი პერიოდი დასჭირდა იმისათვის, რომ ეს გზა ბოლომდე გაევლო.


“ევროპას თუ  საუკუნეზე მეტი დასჭირდა, ჩვენ ამას ერთ წელიწადში ვერ მოვახერხებთ. რა თქმა უნდა, მთავარია მიმართულება იყოს სწორი. დავა არა მიმართულებზე, არამედ ორიენტირზეა, თუ როგორ მივიდეთ იქამდე”, – ამბობს იგი.


რეფორმის ეტაპები და ფინანსები


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის  მიხედვით, 2013-2014 წლებში რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებამდე, სოფლის საერთო კრებებს და არჩევით პირებს ექნებათ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და სხვა პროგრამებით სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის და შემდგომი მონიტორინგის ფუნქცია. ასევე, მიმდინარე რეფორმირების პროცესში თვითმმართველი თემების ტერიტორიული ოპტიმიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობისთვის იგი იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტირების ძირითადი რგოლი. საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაანაცვლებენ დღეს მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ რწმუნებულებს. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ კი საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფუნქციები უშუალოდ ინტეგრირებული იქნება თვითმმართველობის სისტემაში. აღნიშნული ორგანოები ასევე საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისი თვითმმართველი თემის (მუნიციპალიტეტის) კომპეტენციების აღსრულების პროცესში განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ და მუნიციპალიტეტისგან დელეგირებულ ფუნქციებს. საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი, მას გადაეცემა მისთვის დელეგირებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები, ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დასახლების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით გადასცეს ცალკეული ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები.


გია ჟორჟოლიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ამ პროექტის რეალიზაციას დიდი ფინანსები არ დასჭირდება.


“დიდი ფინანსები არ სჭირდება. [პროექტი] წლევანდელ ბიუჯეტში, პრაქტიკულად, არაფერს არ ითხოვს, მომავალშიც ეს დონე არ მოითხოვს, მაგრამ თუ ასეთი საჭიროება იქნება, ცხადია, რომ ეს ფინანსები უნდა იქნას გამოძებნილი. თუ დემოკრატია გვინდა, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ჰქონდეთ რესურსი იმისათვის, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები”, – აცხადებს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი