ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა – სია

9 ივნისი, 2020 • 2299
საოკუპაციო ხაზთან 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა – სია

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც კიდევ 58 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების საფუძველზე დაახლოებით 26 000 ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით ისარგებლოს.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა:

  • დასახლებებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
  • დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული.
  • ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის მდებარეობს 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.

„ასევე, შეიცვალა 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად ასეთ დასახლებაში, ფაქტობრივად, ცხოვრების 9-თვიანი პირობის ნაცვლად, განისაზღვრა ექვსთვიანი პერიოდი. სულ ასეთია 95 დასახლება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა გამყოფ ხაზთან მდებარე 19 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა”, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილემ მზია გიორგობიანმა და დასაძინა, რომ კანონში ცვლილებების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა გამყოფ ხაზთან მდებარე შემდეგ სოფლებს:

  1. ბაქაქურები
  2. ზემო კოდისწყარო
  3. ზემო შუახევი
  4. ილტოზა
  5. პეტრიანი
  6. ქედელობა
  7. ქვემო კოდისწყარო
  8. ქვემო შუახევი
  9. ახალუბანი
  10. ბერშუეთი
  11. ხურვალეთი
  12. ჯარიაშენი
  13. მეჯვრისხევი
  14. აძვი
  15. ფლავი
  16. ფლავისმანი
  17. ქვემო ხვითი
  18. ქვეში
  19. ქერე

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს, მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის – ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ მინიჭებული აქვს 1 795 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 272 ათასზე მეტი მოქალაქე. მათალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი