ახალი ამბებიკომენტარი

შოთა ხაბარელის თქმით, რუსეთის ტურნირებიდან მოხსნა სამართლიანია

1 მარტი, 2022 • 1958
შოთა ხაბარელის თქმით, რუსეთის ტურნირებიდან მოხსნა სამართლიანია

ქართული ოცნების დეპუტატი და სპორტის კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ სპორტული  ფედერაციების გადაწყვეტილება რუსეთის ნაკრების მოკვეთის შესახებ სწორია და სამართლიანია.

“მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია. რიგმა ფედერაციებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ალბათ კიდევ მოჰყვება სხვა ფედერაციების გადაწყვეტილება იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, სპორტი არის მშვიდობის დესპანი, რომ იტყვიან. 

რა თქმა უნდა, სპორტი გამიჯნული უნდა იყოს პოლიტიკისგან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავეხმარებით მშვიდობას “ ,- აღნიშნავს შოთა ხაბარელი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწერთვნელი.

მისივე აზრით, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ყველა სფეროსთვის, მათ შორის სპორტისთვისაც მიუღებელია, რომ  უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან:

 “აქედან გამომდინარე, სოლიდარობა აუცილებლად არის გამოსახატი. საერთოდ, სპორტი უნდა ემსახურებოდეს მშვიდობას, ადამიანების დამეგობრებას და მიმაჩნია, რომ სწორია მთელი რიგი ფედერაციების გადაწყვეტილება.”

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, მაშინ რატომ თვლის,  ზოგადად, სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნას სწორად, ოლიმპიური ჩემპიონი პასუხობს:

“სპორტი არის აპოლიტიკური სფერო და ყოველთვის ყველა ამას ამბობს, რომ სპორტმა უნდა შეაკავშიროს ადამიანები, ვიდრე ასეთი სიტუაცია იყოს მსოფლიოში. დღეს მართლაც საგანგებო მდგომარეობაა, არა მარტო სპორტსმენებმა, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენელმა თავისი პროტესტი უნდა გამოხატოს”, – აღნიშნავს ხაბარელი, ვეტერანი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი.


უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სპორტის სხვადასხვა ფედერაციებმა რუსეთის ნაკრები მოკვეთეს.

​​მსოფლიო რაგბიმ რუსეთი და ბელარუსი ტურნირებიდან მოხსნა. ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა რუსეთთან. ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოხსნა. ევროლიგამ ტურნირში რუსული საკალათბურთო კლუბების მონაწილეობა შეაჩერა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს გაუგზავნა რეკომენდაცია, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი