ახალი ამბები

“საქართველოს ბანკის” თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვა

23 აპრილი, 2013 • 1563
“საქართველოს ბანკის” თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვა

“ისინი არიან ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლისა და რისკის ფასად ბანკის წარმატებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ. ამის მიუხედავად, ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განახორციელოს რეორგანიზაცია, რაც ამ ადამიანების სამუშაო პოზიციების შეცვლას გამოიწვევს. კერძოდ, შეუმცირდებათ ანაზღაურება და გაეზრდებათ სამუშაო მოცულობა. თუ არ დათანხმდებიან, შრომითი კონტრაქტი შეუწყდებათ,”- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი, კომპანია DLG & Case-ის წარმომადგენელი და გაფიცული თანამშრომლების ინტერესების დამცველი. 


აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის მიერ წაყენებული პირობების თავიდან ასაცილებელად  ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავენ, მათ შორის გაფიცვას.

 

“იმედია, დღევანდელი გაფიცვის შემდეგ “საქართველოს ბანკთან” რიგ საკითხებზე შეთანხმებას მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებთ გაფიცვას,”-ამბობს საძაგლიშვილი. 

 

საუბარია დაახლოებით 80 თანამშრომელზე, რომელთა ნაწილი საქართველოს რეგიონებში მუშაობს და პარალელურად მართავს აქციას. ამ დროისთვის ისინი ჯერ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და როგორც მათი უფლებათადამცველი განამრტავს, გაფიცვისთვის არასამუშაო საათები შეარჩიეს.

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციამდე “საქართველოს ბანკს” წერილობით მიმართეს და გამაფრთხილებელი აქციის შესახებ ამცნეს, თუმცა, მათივე თქმით, წერილს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

 

“მათგან არ ყოფილა დაინტერესება და, შესაბამისად, იძულებული გავხდით გაფიცვა მოგვეწყო.”

 

ინკასაციის თანამშრომლების გაფიცვამდე ცოტა ხნით ადრე აღნიშნულ საკითხზე განცხადება “საქართველოს ბანკმაც” გააკეთა.

 

“საქართველოს ბანკი გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დაარსა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავრწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ბანკის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლების შემთხვევაში ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც, დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაეარათ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით”, – ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი