ახალი ამბები

„საბანკო სისტემა სანქციების სრულფასოვნად შესრულებას გააგრძელებს“ — ბანკების ასოციაცია

20 სექტემბერი, 2023 •
„საბანკო სისტემა სანქციების სრულფასოვნად შესრულებას გააგრძელებს“ — ბანკების ასოციაცია

„საბანკო სისტემა სანქციების სრულფასოვნად შესრულებას გააგრძელებს და ეს წინააღმდეგობაში არ მოვა ეროვნული ბანკის ბრძანებაში ცვლილებასთან“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს საბანკო ასოციაცია არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც აერთიანებს 10-ზე მეტ ბანკს, მათ შორის, „თიბისის ბანკს“, „საქართველოს ბანკს“, „ლიბერთი ბანკს“, „ქართუ ბანკს“ და სხვა.

ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის საერთაშორისო სანქციების შესრულებას ყველა ბანკი აგრძელებს.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ ბრძანებაში შეტანილი ცვლილება ნიშნავს, რომ რეგულატორი დამატებით დირექტივას არ აწესებს საქართველოს მოქალაქისთვის, რომლის მიმართ არ არის გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, თუმცა სანქციის გარეშეც შეუძლია კომერციულ ბანკს, რომ არ მოემსახუროს მომხმარებელს.

ამავდროულად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კომერციულ ბანკს „არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს“.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ამ კუთხით რაიმე გამონაკლისი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი