ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს

17 აპრილი, 2013 • 1586
საქართველოს პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს სომხური სათვისტომოს საერო და სასულიერო ორგანიზაციები მოგიწოდებთ სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს და საქართველოს პარლამენტში ინიცირება მოახდინოთ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის,“- ნათქვამია საქართველოს პარლამენტისადმი  მიმართვაში.


განცხადების მიხედვით, 1915–1923 წლებში სომეხმა ერმა 2 მილიონზე მეტი ადამიანი და  საკუთარი სამშობლოს უდიდესი ნაწილი დაკარგა.


“1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კვალიფიცირდება როგორც გენოციდი, რაც სრულიად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც 1915 წლის მაისში  დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა მიიღეს. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები იყო განხილული 1919 წელს პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის ფაქტის დამადასტურებელი გარემოება გახლავთ, აგრეთვე, 1920 წლის სევრის ხელშეკრულებაც.  სომეხთა გენოციდის ნიშნები სრულიად ემთხვევა 1943 წელს ებრაული წარმოშობის პოლონელი იურისტის – რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260A (III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 1993 წლის 11 ოქტომბერს საქართველომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტისადმი მიწერილ ღია წერილს ხელს აწერენ: „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“; საქართველოში სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“; საქართველოს სომხური ეროვნული კონგრესი; თბილისელ სომეხთა ასამბლეა; საქართველოს სომეხ  მწერალთა კავშირი “ვერნატუნ”; საქართველოს სომეხთა სათვისტომოს სტუდენტთა ასოციაცია; საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი; საქართველოს სომეხ  მხატვართა კავშირი; საქართველოს სომეხ ინტელიგენტთა კავშირი; საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირი.


“აღსანიშნავია, რომ გასულ წლებშიც საქართველოს სომხურმა ორგანიზაციებმა გენოციდის აღიარების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ქვეყნის პარლამენტსა და მთავრობას, მაგრამ დღემდე მათი მოთხოვნა უპასუხოდ რჩება.


დღეისათვის  სომეხი ერის გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის – ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ.


ამ დროისათვის სომეხთა გენოციდის განხილვის და აღიარების პროცესი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი)”, – აცხადებენ სომხური სათვისტომოს ორგანიზაციები.


საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ქართული ორგანიზაცია “ერეკლე მეორის საზოგადოებაც ითხოვს. სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” კი მიიჩნევს, რომ 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის დღეს ქართველმა დეპუტატებმა 1915–1923 წლებში დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით  უნდა მიაგონ პატივი.


თურქეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ოსმალთა იმპერიის ისტორიაში სომეხთა გენოციდის არსებობის ფაქტს. როგორც პრემიერ–მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმნული “შპიგელისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, არავითარი გენოციდზე ლაპარაკი არ შეიძლება რომ იყოს. ერდოღანის აზრით, ამ მოვლენების შეფასება არა პოლიტიკოსების, არამედ ისტორიკოსების და იურისტების საქმეა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის მის არქივებში არსებული ისტორიული მასალები გამოაქვეყნოს და იგივეს გაკეთებისაკენ სომხეთსაც მოუწოდებს. ერდოღანი ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მხრიდან ტერმინ გენოციდის გამოყენებას შეცდომად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი