ახალი ამბები

უფუნქციო “თაუერი” 40 მილიონად

15 აპრილი, 2013 • 1324
უფუნქციო “თაუერი” 40 მილიონად

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული შენობის “სამუშაოების დასრულების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის”. შენობა არც ექსპლოატაციაშია მიღებული, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ “ბათუმი თაუერის” ექსპლოატაციაში მიღებამდე, ბიუჯეტიდან, ამ შენობის დასასრულებლად, თანხა კვლავაც გამოიყოს.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, ნინოშვილისა და ჟღენტის ქუჩების კვეთაში მდებარე თაუერის ტექნიკურ მდგომარეობას, მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობას ლიტვური კომპანია Cowi Lituva უწევდა, რომელიც პერიოდულად ამზადებდა დასკვნებს. იგივე კომპანია, არსებობის შემთხვევაში შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს აძლევდა კომპანია “ზიმოს”, რომელიც “თაუერს” აშენებდა.

 

“თითოეული სამუშაოს შესრულება დასადასტურებლად და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად იგზავნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აღნიშნული პროცესი დღესაც გრძელდება და მიმდინარეობს საექსპერტო დასკვნის მომზადების სამუშაოები”, – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

 

“ბათუმი თაუერის” მშენებლობა თავდაპირველად დაიწყო საქართველოს რკინიგზის მიერ დაფუძნებულმა კომპანია. მაშინ ბიუჯეტიდან საქართველოს რკინიგზას მისცეს 20 მილიონი ლარი, რომელმაც თავის მხრივ ეს თანხა კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” გადასცა.

 

“ბათუმელების” მიერ ახლახან მოპოვებული დოკუმენტის თანახმად კი, 2012 წლის 12 აპრილის შემდეგ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტად წოდებული შენობის მშენებლობის გაგრძელება, ნაცვლად “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტისა”, დაევალა შპს ბათუმი თაუერს”. ამისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო.

 

მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გახსნა ეს შენობა და განაცხადა, რომ აქ ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იფუნქციონირებდა.

 

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები ფონდი “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” პროექტების ფარგლებში გამოიყო. შენობის გახსნის პრეზენტაციაზე, რომელსაც უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი სამართავად ამერიკულ მხარეს უნდა გადასცემოდა, თუმცა ეს საკითხი, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დოკუმენტში წერია, რომ შპს “ბათუმი თაუერის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბედს, მისი დასრულების შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელი და პარტნიორი გადაწყვეტს. შპს “ბათუმი თაუერის” მფლობელი სახელმწიფოა.

 

2011 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა. ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა, “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა” მშენებლობა მაინც გააგრძელა. მაშინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აშენებდნენ ბიზნეს თაუერს, რაც ხელს შეუწყობდა უცხოელი კომპანიების ბათუმით დაინტერესებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

 

“ბათუმი თაუერის” სიმაღლე 200 მეტრია, 170-ე მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალია” დამონტაჟებული.

შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის
შენობა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდებოდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი