ახალი ამბები

ვინ იცავს შსს-ს მაღალჩინოსანს – გამოწვევები გენინსპექციისთვის

1 აპრილი, 2013 • 1785
ვინ იცავს შსს-ს მაღალჩინოსანს – გამოწვევები გენინსპექციისთვის

აქციის მონაწილეები ამის გასაპროტესეტბლად აჭარის შსს-ს შენობასთან მივლენ და შემდეგ შესაძლოა, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლონ. 

 

28 მარტს ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით – OHO-523 მართავდა ვალერი თელია – აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა” მოიპოვა, გასულ ხუთშაბათს, საიას თანამშრომლებსა და პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის დროს, ვალერი თელიას მართვის უფლება არ ჰქონდა. ამისთვის პატრულს პოლიციის უფროსი არ დაუჯარიმებია.

 

იმ დღეს მან კიდევ ერთი წესი დაარღვია – ავტომანქანა უკუსვლით დახია გზაჯვარედინზე. პატრულს არც ამაზე ჰქონია რეაქცია. სამაგიეროდ, 200 ლარით დააჯარიმეს მძღოლი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა ტანსაცმელი შემოახია.


28 მარტს, დაახლოებით 10 საათსა და 40 წუთზე, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, რომელიც 15-20 წუთს გაგრძელდა. ინციდენტის მონაწილე მხარეები აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი ვალერი თელია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  აჭარის ფილიალის თანამშრომლები არიან. დადგენილი ფაქტია, რომ საიას მძღოლმა როინ ფარტენაძემ დაარღვია მოძრაობის წესები, რამაც “ჯიპის” საჭესთან მჯდომი ვალერი თელია გააღიზიანა.

 

„ჯერ საქარე მინა ჩამოწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როინ ფარტენაძეს, შემდეგ კი ავტომანქანის გადაყენებისკენ მოუწოდა. ის მრავალგზის იმეორებდა, რომ არის აჭარის პოლიციის უფროსი და “წელში გადატეხავდა” ჩვენს მძღოლს. იძახდა, რომ საია არის პროვოკატორი და ჩვენი „ბლატავი” დღეს დამთავრდებოდა. ის მანამ ვერ დაშოშმინდა, სანამ ჟურნალისტები არ მოვიდნენ”, – ამბობს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

 

ვალერი თელიამ ინციდენტის ადგილზე მისულ „ბათუმელებს” განუმარტა, რომ მისთვის უცნობმა პირებმა ის შეურაცხყვეს. ამ ფაქტის შესახებ ვალერი თელიას სხვა განმარტება აღარ გაუკეთებია.

 

ინციდენტის დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდზე 4-წუთიანი ვიდეო და ორი განცხადება გამოაქვეყნა:

 

განცხადება 1. „შემთხვევა ბათუმში 11 საათსა და 40 წუთზე, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მოხდა, როდესაც მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს – „დაუთმე გზა”… შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ორივე ავტომანქანის მძღოლი შემოწმდა ალკოტესტის მეშვეობით. ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ „მერსედესის” მძღოლი როინ ფარტენაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საჯარიმო ოქმი. მძღოლი… დაჯარიმდა”.

 

განცხადება 2. „ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10 საათსა და 40 წუთზე, მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს… ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია „მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა, როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია”.

 

შეუსაბამობა შს სამინისტროს განცხადებებში

 

შს სამინისტროს განცხადებებში ბევრი შეუსაბამობაა, ყველაზე უმნიშვნელო კი ის არის, რომ პირველ განცხადებაში ინციდენტის დროდ 10:40 საათია მითითებული, მეორეში – 11:40 საათი. თუმცა მოგვიანებით სამინისტროს ვებ-გვერდზე დროის მაჩვენებლი შესწორდა. 

 

სამინისტრომ ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრების მხოლოდ მცირე მონაკვეთი გაავრცელა, რაც სურათს სრულად არ ასახავს. გარდა ამისა, სამინისტრომ საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოიყენა არა იმ სათვალთავალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, რომელიც ინციდენტის ახლოს მდებარე ობიექტზეა განთავსებული, არამედ ამ ადგილიდან გაცილებით შორს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები. 


სამინისტრომ პირველი განცხადება საიას თანამშრომლების დაკითხვის პროცესში გაავრცელა.


საიას აჭარის ოფისის ხელმძღვანელი გია ქარცივაძე: „ამ განცხადებით ჩანს სამინისტროს წინასწარი განწყობა – მან ფაქტი დაამახინჯა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, საიას მძღოლი იმყოფებოდა არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არამედ მას დაუდგინდა მსუბუქი თრობა, ანუ ეგრეთ წოდებული “პახმელია”.


სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ დახია ვალერი თელიამ ავტომანქანა უკუსვლით გზაჯვარედინზე. ამ დარღვევის გამო მისი დაჯარიმების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. იმავე კადრებიდან ჩანს, თუ როგორ ეძიძგილავება ვალერი თელია საიას თანამშრომელს. გია ქარცივაძის თქმით, სწორედ ამ „შეხების” დროს შემოახია პოლიციის უფროსმა მაისური მძღოლს.

 

სამინისტრო თავის განცხადებაში ამ ფაქტსაც უარყოფს. გია ქარცივაძის თქმით, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ პოლიციას დახეული მაისური ამოეღო და დაელუქა, როგორც ნივთმტკიცება. მაგრამ უშედეგოდ დასრულდა გია ქარცივაძის ყოველგვარი ძალისხმევა, ნარკოტესტზე შეემოწმებინათ პოლიციის უფროსი.

 

„ამაზე თელიას ვუთხარი. მისი რეაქცია იყო – „ბებითქვენისა!”, – ამბობს გია ქარცივაძე. – უფროსის ეს რეპლიკა 10-მდე პოლიციელმა მაინც მოისმინა, მაგრამ არც ერთს „არ გაუგონია”.

 

გია ქარცივაძემ თელიას მიერ ნარკოტესტის ჩაბარების აუცილებლობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზეც ხაზგასმით თქვა:

 

„ამბობთ, რომ გაქვთ პირადი ურთიერთობა თელიასთან. იქნებ სთხოვოთ, რომ გაჩვენოთ მის მიერ ჩაბარებული ნარკოტესტი. გასაჯაროებისთვის კი არა, ისე, თქვენ რომ იცოდეთ”, – შესთავაზა გია ქარცივაძემ არჩილ ხაბაძეს.

 

პოლიციელი, რომელმაც ვიდეოკადრები გაანადგურა

 

28 მარტის ინციდენტი მინიმუმ ორმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. საიას თანამშრომლების დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ ინციდენტის ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები. „გურია ნიუსის” ჟურნალისტ ტარიელ ცეცხლაძეს კომპანია „ბათუმის სახლის” დირექტორმა (ერთ-ერთი კამერა ამ კომპანიის ოფისზეა დამონტაჟებული) საბირ ნურუეფმა უთხრა, რომ მას ეს პირები წარუდგნენ როგორც „თანამშრომლები” და ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების დათვალიერება ითხოვეს. სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ წაიშალა კადრები, რომლებიც 27 მარტის ღამის 12 საათიდან 28 მარტის 12:33 საათამდე მონაკვეთს ასახავდა.

28-საათიანი ლოდინის შემდეგ, საიამ პატრულირება შეწყვიტა ბათუმის სახლთან და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს სამართალდამცავებს
28-საათიანი ლოდინის შემდეგ, საიამ პატრულირება შეწყვიტა ბათუმის სახლთან და განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს სამართალდამცავებს

 

„ბათუმის სახლზე” დამონტაჟებულ ვიდეოთვალს შემორჩა იმ პირის კადრები, ვინც ნურუეფს წარუდგა, როგორც პოლიციელი. ვიდეოთვალმა ის ოფისიდან გასვლის დროს დააფიქსირა. “ტელეარხ 25”-ის ჟურნალისტი ნინი ხარშილაძე, რომელიც ამ ინციდენტს აშუქებდა, ამბობს, რომ ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული პირი ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსი – გიგლა მოსიძეა. ამის შესახებ ცნობა ტელევიზიის ეთერშიც გავიდა. გია ქარცივაძე და საიას სხვა თანამშრომლები სწორედ მან დაკითხა, ანუ საქმეს იძიებს ის, ვის მიმართაც საიას ეჭვი აქვს, რომ მტკიცებულება გაანადგურა.

 

გიგლა მოსიძის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: “პრესცენტრს მიმართეთ”.

 

28 მარტს შემორჩენილი ვიდეოკადრების ამოღების თხოვნით საიამ გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურას მიმართა. საია და ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორი 28 საათის განმავლობაში პატრულირებდა „ბათუმის სახლთან”, მტკიცებულების შემცველი კადრები განადგურებას რომ გადაერჩინა. გენერალურმა ინსპექციამ, ვისაც შს სამინისტროს ცნობით დავალებული აქვს საქმის გამოძიება, ვერ გამონახა დრო  ნივთმტკიცებულების ამოსაღებად.

 

საქმით არც პროკურატურა დაინტერესდა. აჭარის პროკურორმა, ლევან გზირიშვილმა, მისი უწყების გადაწყვეტილება „ბათუმელეთან” ასე  ახსნა:

 

„საქმეს გენინსპექცია იძიებს, ამიტომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთ საქმეში ორი სტრუქტურის მონაწილეობა”.

 

29 მარტს, ანუ პარასკევს, ინციდენტის ადგილზე საიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შს სამინისტროს პრესცენტრში “ბათუმელებს” გუშინ აღუთქვეს, რომ გვაცნობებდნენ აქვს თუ არა ვალერი თელიას მართვის მოწმობა, ასევე იმასაც – თანამდებობაზე დანიშვნის დროს ჩააბარა თუ არა პოლიციის უფროსმა ნარკოტესტი, მაგრამ შემდეგ ტელეფონს აღარ უპასუხეს.


რის გაკეთებას გეგმავს საია

 

გია ქარცივაძე: „შეხლა-შემოხლა, რომელიც 28 მარტს მოხდა, ბევრად ნაკლები სიმძიმის დანაშაულია, რაც შემდეგ ჩაიდინეს – დანაშაული დაფარა პოლიციამ. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც გენისპექციას იძახებ და არ მოდის. სახეზე გვაქვს ჯაჭვი, თუ როგორ მოქმედებენ სამართალდამცავები იმ  შემთხვევაში, როდესაც მაღალი თანამდებობის პოლიციელი სჩადის უღირს საქციელს.

 

ჩვენი ყოველი ნაბიჯი სამართალდამცავების ქმედების ადეკვატური იქნება – არ არის გამორიცხული ვიჩივლოთ სასამართლოში და შს სამინისტროს  ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის უარყოფა მოვთხოვოთ. ისე, როგორც გავაგრძელებთ თელიას დასჯის მოთხოვნას.

 

ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ, დააჯარიმეს თუ არა აჭარის პოლიციის უფროსი მოძრაობის წესების დარღვევისთვის, აქვს თუ არა მას მართვის მოწმობა, გამოვითხოვთ ინფორმაციას, თანამდებობაზე დანიშვნის დროს ჩააბარა თუ არა ნარკოტესტი.

 

ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ჩვენს უფლებას ვერ დავიცავთ, მაშინ ვერავის დავიცავთ. ჩვენს თანამშრომელს დასაცავი არაფერი სჭირს, ის საკმაოდ მძიმედ – 200 ლარით დაისაჯა იმისთვის, რომ მსუბუქი თრობის ქვეშ მყოფი მართავდა მანქანას. მაგრამ არ დაისაჯა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელი, რომელიც საქმეს არჩევს ქუჩაში.


ეს არის სისტემური პრობლემა – შს სამინისტრო, გენერალური ინსპექცია, პროკურატურა, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელის გამო არ სჯის მაღალი თანამდებობის პოლიციელს. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს. შესაბამისად, ნებისმიერ სამართალდამრღვევ პოლიციელს გზა ხსნილი აქვს მსგავსი ქმედებისთვის. თუ დღეს თელიას ეს გაუვიდა, მომავალში უკეთესს არაფერს უნდა ველოდოთ. ასე იცავდა მერაბიშვილიც თავის კადრებს, მაშინაც ასე დაიწყო ყველაფერი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი