ახალი ამბები

კობახიძე: გაუგებარია NGO-ების მოთხოვნა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისთვის ვეტოს დადებაზე

4 ივლისი, 2017 • 2013
კობახიძე: გაუგებარია NGO-ების მოთხოვნა თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისთვის ვეტოს დადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ სთხოვენ არასამთავრობოები პრეზიდენტს, თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ რეფორმასთან დაკავშირებით არგუმენტები და კონტრარგუმენტები წარმოედგინათ, რაც არ მომხდარა:

“ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ არგუმენტები, კონტრრგუმენტები თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და მათ ვერ მოახერხეს ასეთი კონტრარგუმენტების წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია ჩვენთვის არის,
რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი. შესაბამისად, ჩვენთვის, ბუნებრივია, მოსაწონი ვერ იქნება ასეთი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ”- თქვა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თითოეული ოლქი კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. ამ საკითხზე გუშინ, 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი კანონდარღვევებით წარიმართა და არ მომხდარა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.

15 ივნისს პარლამენტმა  მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას.  ხელისუფლების გეგმის მიხედვით,  12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5  შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი