ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს – ISFED

10 აპრილი, 2020 • 20352
მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს – ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) შეფასებით, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს.

ბოლო პერიოდში თანამდებობები დატოვეს კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა (11 მარტს), თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ (1 აპრილს), ონის მერმა ემზარ საბანაძემ (5აპრილს) და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ (8 აპრილს).

ISFED-ის შეფასებით, დროის მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა მუციპალიტეტებში მერების გადადგომის ტალღა ეჭვებს აჩენს, რომ არჩევითი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება არაჯანსაღი პროცესის შედეგია.

“პარტიული დაპირისპირებისა და სავარაუდო ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მერების გადადგომა არა საკუთარი ნებით, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ან პარტიის მითითებების შედეგია. 2018 წლის არჩევნების პერიოდში და მის შემდგომ თვეებშიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერი ასევე ბუნდოვანი მიზეზებით გადადგა. მსგავსი შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს რეალური დეცენტრალიზაციის არარსებობას და აკნინებს თვითმმართველობების როლს.

არჩევითი თანამდებობების პირების ბუნდოვანი მიზეზით გადადგომა ამყარებს წარმოდგენას, რომ თვითმმართველობის ორგანოები ცენტრალური ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ვერტიკალით იმართება და პირდაპირი წესით არჩეული მერები საკუთარი ლეგიტიმაციის წყაროდ არა ადგილობრივ ამომრჩევლებს, არამედ პარტიულ ლიდერებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მიიჩნევენ”, – აცხადებს ISFED.

„სამართლიანი არჩევნები“ ზემოთ დასახელებული მუნიციპალიტეტების ყოფილ მერებს მოუწოდებს, საჯაროდ და ნათლად განუმარტონ საზოგადოებას გადადგომის მიზეზები. ორგანიზაცია მოუწოდებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“,  აღმოფხვრას ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო ზეწოლისა და დევნის არაჯანსაღი პრაქტიკა, ხოლო მერების საქმიანობაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი