ახალი ამბები

ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს

12 ნოემბერი, 2020 • 1333
ხაშურის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გურასპაშვილის თქმით, ის რჩება “ქართული ოცნების” წევრად და გააგრძელებს პარტიის წარმომადგენლებთან საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს:
“სუბიექტური გარემოებების გათვალისწინებით, ვტოვებ ხაშურის მერის თანამდებობას, რადგან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი და დროული ნაბიჯია. ამასთანავე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა, ვრჩები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ვაგრძელებ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან როგორც საქმიან, ისე მეგობრულ ურთიერთობას. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი ძალა მომავალი 4 წლის განმავლობაშიც”, – ამბობს გურასპაშვილი.

გიორგი გურასპაშვილი  მე-5 მერია, რომელმაც თანამდებობა წელს დატოვა.  მანამდე,  მარტში, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე- კასპის, აპრილის დასაწყისში კი  თერჯოლის და ონის მერები გადადგნენ. მათ მსგავსად, პოსტი დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც და არც მას განუმარტავს, თუ რატომ ტოვებდა თანამდებობას, თუმცა თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. თერჯოლის ყოფილმა მერმა გადაწყვეტილება “პირადი მიზეზებით” ახსნა, კასპის მერმა კი თქვა, რომ კერძო სექტორში სურდა დაბრუნება.

მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს – ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი