ახალი ამბები

NGO-ები: იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ვეტოს დადებაზე ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

3 ივლისი, 2017 • 2095
NGO-ები: იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ვეტოს დადებაზე ჩვენს რეკომენდაციას გაითვალისწინებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია წარუდგინეს და იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი პროცესებში ჩაერთვება, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებაში გამოიხატება.

როგორც “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ამბობს, პროცესი სამართლებრივი დებულებების დარღვევით წარიმართა რომლებიც არასამთავრობოებმა გაასაჩივრეს:

“ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე, ასევე ვისაუბრეთ სამართლებრივ საკითხებზე, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სტატუსის გაუქმების პროცესში დაირღვა მთელი რიგი სამართლებრივი დებულებები, რომლის გასაჩივრებაც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა მოახდინა რამდენიმე დღის წინ” – ამბობს დევდარიანი.

ზვიად დევდარიანის თქმით, საკითხი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ცვლილებით 100 000-ობით ადამიანს ერთმევა შესაძლებლობა, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა, ჰქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდა “საიას” წარმომადგენელიც. როგორც ირმა პავლიაშვილი ამბობს, უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებებზე მოსახლეობასთან კონსულტაცია არ გამართულა:

კონსულტირებაში ჩართული არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობა, თუ რას ფიქრობენ ისინი ტერიტორიულ გაერთიანებაზე.

ეს არგუმენტები მივაწოდეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ სამომავლო თანამშრომლობაც გაგრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის საკითხს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს პოზიციას ვეტოს გამოყენებასთან დაკავშირებით”,- ამბობს პავლიაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მოისმინეს ყველა არგუმენტი და გადაწყვეტილებას, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, კონსულტაციების შემდეგ მიიღებს:

“ვაგრძელებთ კონსულტაციებს, ვაგრძელებთ ამ კანონზე მუშაობას, რომელიც ჩვენთან დღემდე არ შემოსულა  და, ბუნებრივია, მუდმივ ინფორმირებას მოვახდენთ საზოგადოების. პრეზიდენტი თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი გარკვეული ცვლილებების მიმართ ამ კანონპროექტში, რომელიც ეხებოდა 7 ქალაქისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას . ჩვენ ყველანი მიჩვეული ვართ, რომ გორი, თელავი ქალაქია, მაგრამ აქ  წარმოითქვა არასამთავრობოების მიერ ბევრად მეტი შენიშვნა. მათ შორის ის, რომ გამოტოვებული იყო სერიოზული ეტაპი ამ კანონპროექტის მიღების – ხალხისთვის კითხვა, რა სურთ მათ. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ შენიშვნებზე ვიფიქრებთ და ჩამოვაყალიბებთ პოზიციას” – თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

15 ივნისს პარლამენტმა  მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას.  ხელისუფლების გეგმის მიხედვით,  12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5  შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი