ახალი ამბები

“დემოკრატიის ლიდერის“ დაჯილდოება

28 მაისი, 2018 • 3438
“დემოკრატიის ლიდერის“ დაჯილდოება

„დღეს აქ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ საქართველოს პროგრესი დემოკრატიის განვითარების კუთხით. ვფიქრობ, საქართველო არის მაგალითი იმისა, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შესაძლებელია დემოკრატიის წარმატებული კონსოლიდაცია“, – განაცხადა NIMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონე ფილიპინიმ მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენციის და საქართველოს 2017 წლის „დემოკრატიის ლიდერის“ დაჯილდოების დროს.

ღონისძიებაზე, რომელიც ფუნიკულიორზე გაიმართა, ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს არჩილ მჭედლიშვილი, რომელმაც თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა 2017 წლის არჩევნების დროს ორიგინალური ფორმით გააპროტესტა. პარალელურად მან პროტესტის ნიშნად დატოვა საჯარო მოხელის თანამდებობა.

Droa.ge-ის ინფორმაციით, თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ბიულეტენებში სიტყვა ცხვარი შემოხაზეს.

”თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტენებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია”, – განაცხადა ​არჩილ მჭედლიშვილმა.

“ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს დიდი სტიმულია და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა“, – ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.

 არჩილ მჭედლიშვილი თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია. საქართველოში ასეთი სკოლა სულ ოთხია (თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი). დემოკრატიის სკოლები ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

„დემოკრატიის სკოლები  ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის ამაღლებას საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პროგრესისთვის. კონფერენციაზე მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. ხდება ცოდნის კონსოლიდირება, რაც საქართველოში დემოკრატიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა.

დემოკრატიის სკოლების პროექტს საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი ახორციელებს NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით. NIMD დემოკრატიის განათლების პროგრამას 11 ქვეყანაში ახორციელებს. კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მასში მონაწილეობას იღებს NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ოფისები და პარტნიორი ორგანიზაციები.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD) და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD). EECMD ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) რეგიონული წარმომადგენლობის ბაზაზე შეიქმნა და აგრძელებს მის საქმიანობას. ორგანიზაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების განვითარების, პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული ტრადიციის გაძლიერებაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი