ახალი ამბები

ჩიხრაძე: NGO-ებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი მიიღებს ვეტოზე გადაწყვეტილებას

3 ივლისი, 2017 • 1785
ჩიხრაძე: NGO-ებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი მიიღებს ვეტოზე გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები მოისმენენ არასამთავრობოების არგუმენტებს თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების თაობაზე:

“ჩვენ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ყოველთვის გვქონდა მკაფიო პოზიცია: პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა თვითმმართველობის გაღრმავებას, უფრო მეტი ინსტრუმენტის და მექანიზმის შექმნას თვითმმართველობის უკეთესად განხორციელებისათვის. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებებს, არასამთავრობო სექტორს აქვს ინიციატივა ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების კუთხით. ჩვენ დღეს გვაქვს შეხვედრა, კონსულტაცია. ჩვენ მაქსიმალურად მოვისმენთ მათ არგუმენტებს, ჩამოვყალიბდებით, და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ამის თაობაზე, გაცნობებთ,” – ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, თვითმმართველობა მაშინაა ეფექტური, როცა ის ხალხთან ახლოსაა. დაგეგმილი ცვლილებებით კი უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ყველა მხარის არგუმენტები მოისმინოს:

“თავისთავად თვითმმართველობის არსი არის, ასე ვთქვათ, უფრო ახლოს იყოს ხალხთან და როდესაც ასეთი ნაბიჯები არის განხორციელებული და პირუკუ იდგმება ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო ვშორდებით განხორციელებული რეფორმის შედეგად მიღწეულ ნიშნულს და ხალხს ვაშორებთ უფრო მეტად თვითმმართველობას, თავისთავად არ არის სასიამოვნო. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა მხარის არგუმენტი და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება,” – თქვა ფიქრია ჩიხრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი