ახალი ამბები

IDFI: თუ პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონს დაამტკიცებს, სასამართლოში გავასაჩივრებთ

26 ივნისი, 2017 • 2390
IDFI: თუ პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონს დაამტკიცებს, სასამართლოში გავასაჩივრებთ

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”, “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და  “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და “მაუწყებლის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გადაცემების ნაწილის შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შეძენა, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამის ზრდა, მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შესუსტება – ესაა ის მთავარი ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. ორგანიზაციების განცხადებით, კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ტექსტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მისი მომზადების პროცესში. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ   შეთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

საკვანძო პრობლემები

ორგანიზაციების შეფასებით, კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს, ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობის შემოთავაზებული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის თანახმად, ყველა მოქალაქე უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტაციაზე, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას,” -აღნიშნულია განცხადებაში.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან.  მაუწყებლის მიერ განხორცილებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად.  ორგანიზაციების აზრით, ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სიტემას:

“საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე და შიდა პროდუქციის შესყიდვის გატანა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედების სფეროდან დაუშვებელია, ვინაიდან ეს გაუმჭვირვალეს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესყიდვებს და შეასუსტებს მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტს.”

კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას სამეურვეო საბჭოს ფუნქცია- მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც ორგანიზაციების აზრით, საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

ორგნაიზაციების შეფასებით,  კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომით უფლებების დაცვის ხარისხს:

“შემოთავაზებული ცვლილების შედეგად არა მარტო სუსტდება სამეურვეო საბჭოს როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში, არამედ მაუწყებელი საერთოდ თავისუფლდება ზემოთ მითითებული შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულებისგან. აღნიშნული არის მიუღებელი და წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა შრომითი უფლებების დაცვის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯს, რაც განსკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მაუწყებელში არსებული პრობლემების წარმოჩენის ფონზე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი საქმიანობის განხორციელების ერთ-ერთ წარმოჩინებას სწორედ უფასო სოციალური რეკლამა წარმოადგენს. დაუშვებელია სოციალური რეკლამისათვის დასათმობი დროის განახევრება, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მას საკოსნტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს:

“კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ წარმოდგენილი ცვლილები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ისეთ სტანდარტებს, როგორიც არის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გამჭვირვალობა. შესაბამისად, პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ გაასაჩივრებს მას საკონსტიტუციო სასამართლოში,” – წერია განცხადებაში.

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას  საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი