საიას თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეცვალონ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი და გადაავადონ პრპორციული სისტემის ამოქმედება, “ხაზი გადაუსვა” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 22 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგზე განაცხადა. ამ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 14 ორგანიზაცია ბოიკოტს უცხადებს და არ ჩაერთვება კონსტიტუციის პროექტის საპარლამენტო განხილვებში.
“ის განაცხადი, რაც ამ გადაწყვეტილებით გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, არ არის მხოლოდ საარჩევნო საკითხებთან მიართებით გაკეთებული განაცხადი, ეს განაცხადი ასახავს, რა ხარისხის და რა ტიპის დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში და როგორ უყურებს მმართველი ძალა ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესებს, როგორ აღიქვამს ის სამოქალაქო საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს და საერთოდ, რა მიმართება აქვს კონსიტიტუციასთან.
არ შეიძლება, კონსტიტუცია იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ნება-სურვილის გამფორმებელი აქტი და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ სწორედ ამას აკეთებს ხელისუფლება საკითხზე, რომელზეც არ არსებობს მინიმალური კონსენსუსიც კი, და არავინ, მმართველი პარტიის გარდა, არ იზიარებს ამ საკითხზე მმართველი პარტიის შეხედულებას. “ქართულ ოცნებას”, როგორც ჩანს, მაინც აქვს გადაწყვეტილი, რომ ერთპიროვნულ, დახურულ კარს მიღმა მიღებულ სრულიად გაუგებარ და მიუღებელ გადაწყვეტილებას დაარქვას საქართველოს კონსტიტუცია. ასე მიღებული კონსტიტუცია ნამდვილად ვერ გახდება ვერც დემოკრატიის, ვერც სტაბილურობის გარანტი ქვეყნისთვის და ვერ შეუწყობს ხელს იმას, რომ საერთო საზოგადოებრივი თანხმობა აშენდეს ამ კონსტიტუციაზე დაფუძნებით. ეს შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკებს სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარების მიმართულებით და ძალიან ცუდია, რომ ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ორშაბათს, 19 ივნისს, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის შემოღება გადავადდებოდა და 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდებოდა.