ახალი ამბები

თალაკვაძე: მზად ვართ, 2020 წელს შერეული სისტემით და 3% -იანი ბარიერით ჩავატაროთ არჩევნები

20 ივნისი, 2017 • 3950
თალაკვაძე: მზად ვართ, 2020 წელს შერეული სისტემით და 3% -იანი ბარიერით ჩავატაროთ არჩევნები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული) ჩაატაროს, თუმცა არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე დაწიოს. თალაკვაძის თქმითვე, საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდი აპირებს არჩევნების პროპორციულ წესზე გადავიდეს:

“სისტემას ექნება ბონუსის მექანიზმი. ეს ემყარება 3 პრინციპს. პირველი პრინციპის თანახმად, პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ შეივსებს 89 მანდატზე ზევით (ბონუსის ჩათვლით). მეორეა ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ მიიღებს რეალურად მიღებული მანდატების 35%-ზე მეტს ბონუსად, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება ოპოზიციურ პარტიებზე თანაბრად. მესამე ესაა აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც, თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ვერ შეაგროვებს ძირითად მანდატებს (75 მანდატე მეტს), მაშინ მას ბონუსის გამოყენების უფლება საერთოდ არ ექნება და გაუნაწილებელი მანდატები თანაბრად გადანაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე”,- განაცხადა თალაკვაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”,  გადაცემაში “მთავარი” სტუმრობისას.

თალაკვაძემ პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მმართველი გუნდი მზადაა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩაატაროს. რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხალხი აირჩევს არჩევნების გზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი