“კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში საქართველო არათუ გაზრდის დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსს, არამედ პირიქით – მათ სრულად მოსპობს”, – ამბობს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია, რომელსაც ნეტგაზეთი ილია II – ის ინიციატივასა და ხელისუფლების რეაქციებზე ესაუბრა.
სინამდვილეში, ამ ინიციატივას საერთო არაფერი აქვს ტრადიციასთან. შემოთავაზებული ინიციატივა ტრადიციის აღდგენას ან გაგრძელებას კი არ გულისხმობს, არამედ ახალი ტრადიციის გამოგონებას.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ განსხვავება ამ ორ ფენომენს შორის.
ტრადიციის გაგრძელება იქნებოდა აბსოლუტური მონარქიის აღდგენა, რადგან საქართველომ სხვა მონარქიული ტრადიცია არ იცის. რაც შეეხება კონსტიტუციურ მონარქიას, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთი დღითაც კი არ არსებულა. ბუნებრივია, რაც არ არსებულა, არც ტრადიციის ნაწილია და არც აღდეგნას არ ექვემდაბრება.
ტრადიციების გაგრძელება ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა მათი გამოგონება. ვფიქრობ, საქართველოს, რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს, ტრადიციების გამოსაგონებლად სავსებით არ უნდა ეცალოს.
განსხვავებაა კონსტიტუციურ მონარქიასა და აბსოლუტურს შორის რაში მდგომარეობს?
აბსოლუტური მონარქია გულისხმობს ერთპიროვნულ მმართველობას, სადაც არ არსებობს კონსტიტუცია, პოლიტიკური თავისუფლებები და უფლებები. არ არსებობს არაფერი, რაც მონარქის ნებას არ წარმოადგენს. აბსოლუტურ მონარქიაში მონარქი არის აღმასრულებელიც, კანონმდებელიც და ყველა სხვა კომპეტენციის მატარებელიც. ხოლო ხალხი მოქალაქეების ნაცვლად ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული ქვეშევრდომები არიან.
აბსოლუტური მონარქია შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება- ცუდი. მთავარი ტრაგედია ის არის, რომ მისი ავკარგიანობა ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება კი შესაძლოა საშინელი იყოს.
რა არის მონობის მთავარი ტრაგედია? სწორედ ის, რომ იგი ბატონის ნებაზეა დამოკიდებული. მას ან გაუმართლებს, ან – არა. ამისგან განსხვავებით, მოქალაქე კანონებით არის დაცული, მან იცის, რას უნდა ელოდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და აქვს უფლება თავადაც იყოს მისი თანაავტორი.
კონსტიტუციური მონარქია რეალურად მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური ფორმაა. ასეთ სახელმწიფოთა უმრავლესობა შინაარსობრივად რესპუბლიკანურია, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ სამეფო ოჯახს, რომელიც სიმბოლურ, ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს, სწორედ ისე, როგორც პრეზიდენტები – საპარლამენტო რესპუბლიკებში.
რაც შეეხება არგუმენტს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური მონარქია სიმშვიდეს მოიტანს ქვეყანაში და აქ იხსენებენ წარმატებულ დასავლურ ქვეყნებს, სადაც ამ ტიპის სისტემა არსებობს. როგორ შეიძლება აღებულმა კონსტიტუციურმა მონარქიამ, ანუ “გამოგონილმა ტრადიციამ”, როგორც თქვენ თქვით, სიმშვიდე ანუ სტაბილურობა უზრუნველყოს?
მსგავს მოსაზრებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, არც ისტორიული და არც ლოგიკური.
ნებისმიერი შედარება დასავლეთ ევროპის კონსტიტუციურ მონარქიებთან არაადეკვატურია. პირველ რიგში, იქ არ ყოფილა [მსგავსი] წყვეტა. მეორეც, ამ სახელმწიფოების სტაბილურობა სამეფო ოჯახის არსებობამ კი არ განაპირობა, არამედ სწორმა პოლიტიკამ. წარმოუდგენლად ცუდად უნდა გესმოდეს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ისტორია და პოლიტიკა, ან თანამედროვეობა, რათა იფიქრო, რომ სადმე კონსტიტუციურმა მონარქიამ შექმნა დოვლათი, კეთილდღეობა ან კარგი პოლიტიკური სისტემა.
კონსტიტუციური მონარქია მხოლოდ სიმბოლური ფორმაა. მას არავითარი ქმედითი გავლენა არ გააჩნია ქვეყნის არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაზე.
მშვიდ და სტაბილურ პოლიტიკას კარგი პოლიტიკოსები შექმნიან და არა სიმბოლური სამეფო ოჯახი. საქართველოს დღეს კიდევ დამატებითი სიმბოლური და ყალბი როლები კი არ სჭირდება, არამედ განათლებული, წესიერი, მშრომელი პოლიტიკოსები, რომლებსაც რაიმე სახის წარმოდგენა მაინც ექნებათ ისტორიასა და პოლიტიკაზე და რომელთაც ადარდებთ რეალური საქართველოს ნამდვილი ხალხის ყოველდღიური პრობლემები.
სტაბილურობის გასაღები არის მეტ დემოკრატიაში, გამჭვირვალობაში, ბიუჯეტის სოციალურად ხარჯვაში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ განვითარების, უკეთესი განათლების, უკეთესი ჯანმრთელობის და წინსვლის შანსი და არა მეფეების პირადი კომფორტების დაფინანსებაში, რომელიც არავითარ სტაბილურობას არ მოიტანს ჩვეულებრივი, მშრომელი ქართველი ხალხისთვის. მაქსიმუმ, ბატონ მეფეს მიანიჭოს სტაბილურობა.
როცა სტაბილურობასა და სიმშვიდეზეა ლაპარაკი, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, შესაძლოა, სამეფო ოჯახის გარდა სხვა ადამიანებმაც მოინდომონ თუნდაც სიმბოლური პრივილეგიები და ეს მომენტი, ანუ გვარებზე ხაზგასმა თუ ზემოდან ყურების რისკი, რანაირად ნიშნავს სტაბილურობას?
კონსტიტუციური მონარქიის შემოსვლის შემთხვევაში, რაც თავის მხრივ სრულიად წარმოუდგენელია, ეს შეიძლება მოხდეს, ან – არა. გააჩნია ლეგალურ ვითარებას.
ნებისმიერ შემთხვევაში წარმოუდგენელია რაიმე სახის ერთობასა და სტაბილურობაზე საუბარი იქ, სადაც სოციალურ სეგრეგაციას ექნება ადგილი, იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცებს ხელახლა გაუჩნდება ფეოდალური უპირატესობების განცდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მოქალაქე თანასწორია. სწორედ ეს არის სტაბილურობის ზოგადი ჩარჩო. ახლა საჭიროა ამ ჩარჩოს გამყარება ადამიანების სოციალური უფლებების დაცვით, მათი თავისუფლების გამყარებით, მათთვის განვითარების მეტი შანსების მიცემით.
სტაბილურობა ნიშნავს დაცულ ადმაიანებს, უფრო სტაბილურ ოჯახებს, ბედნიერ და ჯანმრთელ ბავშვებს, სამუშაოს და განვითარების, თავისუფლების და თანასწორობის შანსებს და არა თავზე მეფის დასმას, კიდევ დამატებით მის წინაშე ქედის ხრას და მისი გაურკვეველი უპირატესობების აღიარებას.
საქართველოს ისედაც აქვს ჩრდილოვანი ძალაუფლებისა თუ ირიბი ავტორიტეტების პრობლემა.
ჩვენი პრიორიტეტი უკვე ისედაც არის მეტი რეალური დემოკრატიის მიღწევა, სადაც მოქალაქეებს აქვთ პარლამენტარებზე მეტი კონტროლის დაწესების შესაძლებლობა, სადაც მათ აქვთ ნამდვილი თვითმმართველობის შანსი, სადაც პოლიტიკოსები არიან ანგარიშვალდებული მათ წინაშე.
ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ელიტურ წრეებში ჩაკეტილი პოლიტიკა, რომელიც ბიზნესად არის ქცეული. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დამატებითი ეფექტური დემოკრატიზაციაა იმისთვის რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს უფრო მეტი ძალის მქონე ინდივიდუალურად, როგორც მოქალაქე.
კონსტიტუციური მონარქიის შემოტანა კი კიდევ ერთი ირიბი, არაანგარიშვალდებული ფიგურის გამოჩენას გულისხმობს.
თითქოს არაანგარიშვალდებული პარლამენტი არ გვყოფნიდეს, ახლა კიდევ ერთი რგოლი უნდა დავამატოთ, თან ისეთი, რომლის თეორიული საჭიროებაც კი სავსებით არ დგას?
რაც შეეხება არგუმენტს, რომ კონსტიტუციური მონარქია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსია. რას ფიქრობთ ამ არგუმენტზე და პირიქით, საფრთხეს ხომ არ ხედავთ ამ კუთხით?
დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის ბევრ მომხრეს სწორი, კეთილშობილი მიზნები ამოძრავებს. სამწუხაროდ, შესაძლებელია რაღაც კარგი გინდოდეს, სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო გამოგივიდეს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ხშირად ხდება.
ასეა აქაც. კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში საქართველო არათუ გაზრდის დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუბენის შანსს, არამედ პირიქით – მათ სრულად მოსპობს.
ტერიტორიული რეინტეგრაციის ერთადერთი შანსი საქართველოს მაშინ ექნება, თუკი ის აფახაზებსა და ოსებს შესთავაზებს პროგრესულ, თვითმმართელ რესპუბლიკას, სადაც დაცულია თავისუფლება და სოციალური წინსვლის შანსი არსებობს.
სხვა შემთხვევაში რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ ან აფხაზებს ან ოსებს? ვინმე თვლის, რომ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იმას ელოდნენ, საქართველო კონსტიტუციური მონარქია როდის გახდებოდა? ვინმე სერიოზულად თვლის, რომ ბატონის თავზე დასმა მათ მოანდომებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, ნაცვლად იმისა, რომ თვითმმართველობის და საქართველოს ფარგლებში განვითარების შანსი მივცეთ?
მოკლედ, კონსტიტუციურ მონარქიად გადაქცევით საქართველო არათუ გაზრდის გაერთიანების შანსს, არამედ იმ თეორიულ შანსებსაც კი ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს, რაც დღეს ჯერაც გვაქვს და რაც იმედის ნაპერწკალს არ აქრობს.
ეკლესია პირველად არ გამოსულა კონსტიტუციური მონარქიის იდეით, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ასეთი გამოხმაურება ამ საქმეზე, მე მგონი, ასეთი მასშტაბური ადრე არ ყოფილა. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე: პრობლემური თემებიდან საზოგადოების ყურადღების სხვა, გამოგონილ საკითხზე მიმართვა, თუ მმართველი გუნდი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ამ ინიციატივაზე?
პირველად, როცა მისმა უწმინდესობამ ეს იდეა გააჟღერა, პოლიტიკური კონტექსტი იყო სააკაშვილის და გაერთიანებული ოპოზიციის დაპირისპირება. მაშინ იდეას ბევრი მიემხრო, რადგან ეს პირდაპირ იქნა აღქმული, როგორც სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსაყენებელი მასალა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას, ბუნებრივია, პოლიტიკურად აწყობდა.
მაგრამ, სინამდვილეში, არც მაშინ და არც ახლა ხელისუფლებები სერიოზულად არ განიხილავდნენ ამ იდეას. ღრმად მწამს, რომ არც ამჟამინდელი ხელისუფლება არ განიხილავს ამ იდეას რაიმე სერიოზულიობით. ეს პარლამენტარების განცხადებებსაც ეტყობოდა, რომელიც ან ქულების დაწერის პოპულისტური მცდელობაა, ან ზრდილობიანად საკითხის განზე გაწევის.
ცხადია, ქართული ოცნების რიგ პოლიტიკოსებს რეალური პრობლემების გადაფარვაც აწყობთ. მათ შორისაა არა მარტო უმწვავესი სოციალური პრობლემები, პირველ რიგში, მუშათა უფლებების დაუცველობა, არამედ ასევე აფგან მუხთარლის გაქრობა თბლისიდან, ბოლო დღეებში ორი გადაცემის დახურვა და სხვა საკითხები.
საბოლოო ჯამში, უახლეს ისტორიაში ერთი ტენდენცია იკვეთება. კერძოდ, როცა მისი უწმინდესობა, საქართველოს პატრიარქი გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს, ქართველი პოლიტიკოსების მოზრდილი ნაწილი უმალ ემხრობა ამ იდეას, ყოველგვარი სჯა-ბაასის გარეშე.
ასეთი დემოკრატია სად გაგონილა?
როგორ შეიძლება სერიოზული განხილვის გარეშე პოზიციონირებდე ამა თუ იმ საკითხზე? ეს მთელი ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.
ამასთანავე, ეს ძალიან კომიკური სიტუაციაცაა. წარმოუდგენელია, ამ ხალხმა რა უნდა მართოს, ან რა წინსვლა უნდა გახადოს შესაძლებელი.
კიდევ ერთი ტენდენცია, რაც იკვეთება, არის ის, რომ ბოლოს ამბავი არსად არ მიდის. პატრიარქი ბრძანებს რაღაცას, რამდენიმე პოლიტიკოსი გამოვა და მხარს დაუჭერს ინიციატივას და ამით სრულდება ყველაფერი.
საქართველოს პატრიარქს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია; მისი აზრი ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ სავსებით არ არის გადამწყვეტი ან სავალდებულო, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ თემებს. მისი უწმინდესობა უდიდესი ავტორიტეტია სულიერების საკითხებში, ქრისტიანული მორალისა და შემართების საკითხებში. ხოლო თვითმმართველობის მოდელები, კონსტიტუციური მოწყობა და სხვა მსგავსი საკითხები იურისტების, ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების ექსპერტიზის არეა. მნიშვნელოვანია მოსმენილი იქნას ყველას აზრი- პატრიარქის, ექსპერტების, იურისტების, ისტორიკოსების, სოციოლოგების. მნიშვნელოვანია გვქონდეს საერთო განსჯა ყველა საკითხზე. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე უპირატესად შესაბამისი მომზადების ადამიანები უნდა მუშაობდნენ.
ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური კლასი ძალიან ჩამორჩენილია არა მარტო 2017 წელს, არამედ ცივილური, დემოკრატიული პოლიტიკის ელემენტარულ ნორმებს. ხშირად გვესმის, რომ საქართველოში სეკულარიზმის კრიზისია; სინამდვილეში, საქართველოში პოლიტიკურობის კრიზისია. პრობლემა პატრიარქში სავსებით არ არის. მას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და ამის გაჟღერების სრული უფლება. გაცილებით უფრო პრობლემურია პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაფერს დაეთანხმებიან. გყავდეს ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გაუაზრებლად თანხმდებიან ყველანაირ იდეას, ეს უბრალოდ საშიშია.
გრიგოლ, თქვენ ამბობთ, რომ ეკლესიას და პატრიარქს, რომელიც ამ საკითხს პირველად არ ახსენებს, თავისი დღის წესრიგი აქვს… რას მოუტანს უშუალოდ ეკლესიას კონსტიტუციური მონარქია: მეტ გავლენას და ძალაუფლებას?
პირდაპირი გაგებით არაფერს მოუტანს, რადგან თვითონ კონსტიტუციურ მონარქს არ ექნება არავითარი სერიოზული გავლენა საქართველოში, სადაც წლების მანძილზე ჩატარებული ყველა გამოკვლევა მოწმობს, რომ მოსახლოების დიდი უმრავლესობა იდეას მხარს არ უჭერს.
თუმცა, თუ საქართველო მოწყობის ამ ფორმას მიიღებდა, ბუნებრივია, ეკლესია დარჩებოდა ახალი კონსტიტუციური მოწყობის ინიციატივის ავტორად. ხოლო პატრიარქი ილია II ისტორიაში შევიდოდა, როგორც მისი ინიციატორი, როგორც ახალი პოლიტიკური დროის ავტორი.
პრაქტიკული აზრით კი, ეკლესიის გავლენას კონსტიტუციური მონარქია არც გაზრდიდა და არც შეამცირებდა.
თუმცა გაიზრდებოდა ცერემონიების, ღონისძიებების რაოდენობა, რომლებშიც უშუალოდ იქნებოდა ეკლესია ჩართული… ანუ წმინდა პოპულაობის თუ პიარის თვალსაზრისით, ეს ხომ იქნებოდა ეკლესიისათვის მომგებიანი, რაც, ცხადია, გავლენის გაზრდას ნიშნავს, საბოლოო ჯამში..
არ მგონია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გავლენა აკლდეს, ან ახალ წყაროებს საჭიროებდეს გავლენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს, სტატისტიკის თანახმად, დაიწია იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც საპატრიარქოს მუშაობას დადებითად აფასებს, მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ინსტიტუს, საკმაოდ სტაბილური გავლენა აქვს.
მაშინ რატომ გამოდის პერიოდულად ეკლესია ამ ინიციატივით, თქვენ თქვით, რომ კონსტიტუციური მონარქია ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, საბოლოო ჯამში, დააზიანებს. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი ეკლესიაში არ აქვთ გავლილი?
ნებისმიერი ეკლესიის უმთავრესი კომპეტენციაა რელიგიური საკითხები, სულიერი და მორალური ცხოვრების თემები. ეკლესია არ არის კონსტიტუციურ მოწყობასა თუ თვითმმართველობის მოდელებზე სამუშაოდ დაარსებული ინსტიტუტი. ის ქრისტიანული იდეალების ამქვეყნიურ სამყაროში გასტარებლად არსებობს. ამიტომ არ ველი – და არც უნდა ველოდეთ – ამ ტიპის საკითხებზე ექსპერტულ აზრს ეკლესიის წიაღში.
სხვათა შორის, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, წარსულში ეკლესია თვითმმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა იმ საბაბით, რომ თურმე დეცენტრალიზაცია ქვეყნის დაშლას გამოიწვევდა. ახლა თუ მკითხავთ, რატომ ჰქონდა ეკლესიას ეს პოზიცია, ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ამას რაციონალური ახსნა არ გააჩნია. სინამდვილეში, პირიქით უფრო არის, ფედერალიზმი და თვითმმართველობა კონფლიქტებსა და დაყოფას კი არ იწვევს, არამედ პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში ერთ-ერთ უმთავრეს წამლად მიიჩნევა. ხოლო ეს [კონსტიტუციური მონარქიის] იდეა, რომელიც რეინტეგრაციას აუცილებლად ხელს შეუშლის, პირიქით, მთლიანობის წინააღმდეგაა.
ამიტომ, თუ ჩვენ სერიოზულად გვინდა საქართველოს ხელახლა გაერთიანებაზე ფიქრი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მეტი და მეტი თვითმმართველობის შესაქმნელად.
ახლა რა გამოდის? განა ეკლესია საქართველოს გაერთიანებას უშლის ხელს შეგნებულად? რასაკვირველია, არა. უბრალოდ, მის წიაღში არ მოღვაწეობენ – და არც უნდა მოღვაწეობდნენ – პოლიტიკური მეცნიერები და ისტორიკოსები. პროფესიები იმისთვის არსებობს, რომ ყველამ თავის საკითხზე იმუშაოს; ამ საკითხებზე კი იმ ადამიანებმა უნდა იმუშაონ, ვინც მეცნიერულად იკვლევს პოლიტიკურ ისტორიას, ტერიტორიალური მოწყობის საკითხებს და სხვას. აზრის დაფიქსირების უფლება კი ყველა არასამთავრობო ინსტიტუტს აქვს, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიას.