პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხი ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს:
“ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული, ან უფრო მეტი, ან ნაკლები, ამაზე დღეს მსჯელობა არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და, რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 18 ივნისს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, რასაც მმართველი გუნდის დეპუტატები დადებითად გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე სასაუბროდ ილია მეორეს შეხვდა, ხოლო ეკა ბესელიამ პლებისციტის ჩატარება არ გამორიცხა.