ახალი ამბები

ხიდაშელი: გუშინ ათით ნული მოვუგეთ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში

9 მარტი, 2013 • • 956
ხიდაშელი: გუშინ ათით ნული მოვუგეთ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში

„მინდა ყველა ჟურნალისტს გთხოვოთ, რომ ნურც თინა ხიდაშელს დაუჯერებთ და ნურც ნურავის. თავად წაიკითხეთ და წაუკითხეთ მოსახლეობას ვენეციის კომისიის დასკვნა, იმიტომ, რომ ყვეელაფერი მარტივად არის  და ნუ მივცემთ საშუალებას ამ ადამიანებს, მორიგ ჯერზე შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, როგორც ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ.  ვენეციის კომისისამ გუშინ მიიღო დასკნა, რომელიც სიტყვა–სიტყვით, ერთი– ერთში ეთანხმება იმას, რაც ჩვენ შევთვაზეთ. ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე, ესაა ძალიან  მარტივი პასუხი. შემიძლია დეტალებზეც ვილაპარაკო, მაგრამ მთავარი ამბავი ის არის, რომ გუშინ ათით ნული მოვუგეთ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში. მე მესმის მათი გაბრაზება, ტყუილის ხარისხიც იზრდება ამის კვალდაკვალ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ახლა ჩემს სიტყვებს უნდა დაუჯეროთ, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თქვენ უნდა აიღოთ დასკვნა და წაუკითხოთ  ის ადამიანებს და ისინი თავად გააკეთებენ დასკვნას”– აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა დღეს სასტუმრო “რადისონში” გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების საკითხებზე კონფერენციის დაწყებამდე  გააკეთა. 

 

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, 8 მარტს, ვენეციის კომისის 94-ე პლენარულ სესიაზე  დაიწყო საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონის პროექტზე კომიისიის დასკვნის განხილვა. სესიას ვენეციაში საქართველოდან საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს წარმომდგენლები  ესწრებოდნენ.

 

კანონპროექტი, რომელზეც ვენეციის კომისია დასკვნას განხილვის შემდეგ გამოაქვეყნებს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის პროექტი პარლამენტს  იუსტიციის სამინისიტრომ წარუდგინა.

 

პროექტის მიხედვით,  იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი. საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დანიშნოს საბჭოს 2 წევრი. აღნიშნული ორი წევრის არჩევის უფლება გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო მათ მიერ არჩეული კანდიდატებისათვის კი გათვალისწინებულია დამატებითი მოთხოვნები.

 

გარდა ამისა, უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით.

 

ამჟამინდელი საბჭოს მოსამართლე წევრთა დიდი ნაწილი კი ხელმეორედ არის არჩეული საბჭოში.

 

პროექტის მიხედვით, საბჭოს მოსამართლე წევრები, ამავე დროს, დაუშვებელია იყვნენ საერთო სასამართლოებში  ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სასამართლოს, კოლეგიის და ა.შ. თავმჯდომარეები). მოქმედი მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამჟამად ახორციელებს  სასამართლოს სახელმძღვანელო უფლებამოსილებებს.

 

საპარლამენტო ოპოზიცია და უზენაესი სასამართლო მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო დამოუკიდებლობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი