თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი 23 ივნისს, 11 საათზე განახლდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ ბრალდების შესავალი სიტყვა მოისმინა.
დღეს დეკანოზის ადვოკატებმა მოსამართლეს სხდომის გახსნის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ:
“ირაკლი შოთაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ საქმის მტკიცებულებები პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს არ შეიცავს. მისი ეს განცხადება საქმეში მტკიცებულებად ჩაიდო, თუმცა სხდომის გახსნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შემდეგ ბრალდების შესავალი სიტყვა მოვისმინეთ,”- ამბობს გიორგი ფანცულაია.
ფანცულაიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე მათი შესავალი სიტყვის მთლიანად წასაკითხად საკმარისი დრო არ დარჩა, შესაბამისად, სხდომა 23 ივნისს განახლდება.
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, შესავალ სიტყვაში დეტალურად ილაპარაკეს, თუ რაში გამოიხატება დეკანოზის ბრალეულობა. იგი ვარაუდობს, რომ შესავალი სიტყვის, მტკიცებულებების და დასკვნითი სიტყვის ფონზე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება სხდომის გახსნას, გუბელაძის თქმით, საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები არ არსებობს, მაგრამ არის დეკანოზის და ირაკლი მამალაძის შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა:
“ამ ჩანაწერებში დეკანოზი სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას განიხილავს უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ”
პროკურორი არ პასუხობს კითხვას, ეხება თუ არა ეს ჩანაწერები სასულიერო პირების ცხოვრებას.
დახურულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველიც. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი პროცესებს დააკვირდება და შემდეგ პროცესის შეფასების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.
გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.
მამალაძეს ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადების მცდელობაში ედება.
ვრცლად დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე წაიკითხეთ ბმულზე.