ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

5 მარტი, 2013 • • 1194
საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. პრეზიდენტის ინიციატივა  სამეწარმეო, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების ამნისტირებისა და მსგავსი ტიპის დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოიცავს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციის დარღვევით არის მომზადებული:

 

„ამნისტია ადამიანებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ პრეზიდენტმა კონსტიტუციიის 67-ე მუხლი დაარღვია, რომელიც მას ამ საკანონმდელო ინიციატივის დროს უნდა დაეცვა. კერძოდ, ერთი აუცილებელი პირობა, რომ მას უნდა დაესახელებინა – თუ  რა განსაკუთრებული გარემოებების გამო გახდა  ამ ცვლილების მომზადება საჭირო და ეს წინადადება თუ რატომ არ შეათანხმა მთავრობასთან.  ამას გარდა, კანონპროექტის პარალელურად წარმოდგენილი არ იყო სტატისტიკა – ეს წინადადება თუ რა რაოდენობით ადამიანს შეეხება და ეს ბიუჯეტზე  თუ რამდენად აისახება. ვინაიდან ცვლილებები კონსტიტუციის დარღვებით იქნა შემოტანილი, ჩვენი დასკვნა ძალიან კრიტიკული იქნება, რომელიც იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნება და იმსჯელებენ –  ეს ინიციატივა სესიაზე გავიდეს, თუ ავტორს დაუბრუნდეს.“

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ კანონპროექტთა პაკეტში ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი კანონები იყო წარმოდგენილი:

 

„კომიტეტმა ზოგადად არ დაუჭირა მხარი პირველი მოსენით იმ კანონთა პაკეტის მიღებას, რომლებიც პრეზიდენტის მიერ იყო წარმოდგენილი. ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი კანონები იყო წარმოდგენლი. მათ შორის ზოგიერთი ისეთი კანონპროექტი, რომელიც, ჩემი აზრით, განსახილველი იყო, შესაძლებელია ყოფილიყო მიღებული,  მაგრამ, სამწუხაროდ, ასე, პაკეტის სახით რომ არის წარმოდგენილი, გადაწყვეტილება მიიღება პაკეტის მიმართ და არა ცალკეული კანონპროექტის მიმართ“.

 

მისივე განცხადებით,  მსგავსი ტიპის კანონპროექტის მიღება უსამართლობის დაკანონება იქნება:

 

„ამ პაკეტში თავიდათავი, რაც იყო საზოგადოებისთვის მიწოდებული, იყო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ფინანსურ ამინისტიას შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და აღურიცხავი შემოსავლების თაობაზე. მე პირადად ასეთ კანონპროექტს მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერ, რადგან ეს იქნება უსამართლობის დაკანონება.”

 

ხმალაძე პარალელს მედიასაშუალებების ფინანსურ ამნისტიასთან ავლებს:

 

„როდესაც მედიასაშუალებების მიმართ გამოიყენეს ფინანსური ამინისტია და ის მედიასაშუალებები, რომლებიც წელებზე ფეხის დადგმით ხშირად ძალიან დიდი გაჭირვებით ასრულებდნენ ყველა საგადასახადო ვალდებულებას და ზოგიერთი, გვარს არ დავასახელებ, მილიონობით და ათეულ მილიონობით ვალებს აგროვებდა და შემდეგ გაათავისუფლეს ამ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან. იმასაც, ვინც იხდიდა გადასახადებს, ათეული მილიონი რომ დაეხარჯა საკუთარი მედიასაშუალების განსავითარებლად, გაცილებით უკეთესი დონის ტელევიზიებს შექმნიდა, ვიდრე მათ დღეს აქვთ. ამიტომ ასეთი რამ არის უსამართლობა და ამას მხარს ვერასოდეს ვერ დავუჭერ.“

 

პრეზიდენტის ინიციატივას მხარი არც საფინანსო-საბიუჯერო და  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაუჭირა.

 

ზემოთ აღნიშნული ცვლილებების გარდა, პრეზიდენტის წინადადების თანახმად დგინდება არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და დაფარული შემოსავლის დეკლარირება-ლეგალიზაციის წესები.  

 

ასევე პრეზიდენტი პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული რიგი მუხლების ამოღებას სთავაზობს და ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოდის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი