ახალი ამბები

თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული მასწავლებელი საქართველოში – ჩაბუქის ისტორია

7 ივნისი, 2017 • 5809
თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული მასწავლებელი საქართველოში – ჩაბუქის ისტორია

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 15 წელიწადია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს და სამართლებრივ ბრძოლას არ წყვეტს. “ნეტგაზეთი” მის მეუღლეს, ტუბა ჩაბუქს და კოლეგებს – ლალი სალდაძესა და ელგუჯა დავითაძეს ესაუბრა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაბუქის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ამას გარდა, ტუბა ჩაბუქი 5 ივნისს შეხვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს. ჩაბუქის მეუღლის თქმით, ისინი აკვირდებიან პროცესს და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ. მას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო საზოგადეობის ძალისხმევით ქმარს დაეხმარება.

“ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ სამართალმა იზეიმოს. ჩემი მეუღლე რომ დამნაშავე ყოფილიყო, მცირე დანაშაულიც რომ ჰქონოდა, ასეთი შეწუხებული არ ვიქნებოდი. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყანაა და დღესაც მჯერა. დღეს ძალიან მჭირდება ამის რწმენა. თუ ასეთი უდანაშაულო ადამიანები ტერორიზმში ბრალდებულები ხდებიან, მაშინ ყველას ჯერი შეიძლება მოვიდეს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ტუბა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1978 წელს სტამბულში დაიბადა. ჩაბუქმა ქალაქ ბოლუს აბანთ იზზეთ ბაისალის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ფიზიკის სპეციალობით, ხოლო საქართველოში მისი მეგობრის რჩევით ჩამოვიდა. მუსტაფა ჩაბუქი საქართველოში ცხოვრების პერიოდში დაოჯახდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

მუსტაფა ჩაბუქს საქართველოში ბინადრობის მოწმობა ორი წელია აქვს. მისი მეუღლე ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომ მათთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. რთულ პერიოდშიც კი არ უფიქრიათ, რომ საქართველოდან წასულიყვნენ. თავად ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია აქ ცხოვრობენ, ადასტურებს მათ სიყვარულს საქართველოს მიმართ.  ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომსაქართველოში ცხოვრების პერიოდში ბევრი მეგობარი შეიძინეს.

“ჩვენი მეგობრების, მეზობლების და თანამშრომლების მოპყრობა და სითბო გვიბიძგებდა იმისკენ, რომ დავრჩენილიყავით.  საქართველო, როგორც დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყანა, ისე გავიცანით. ამიტომ აქ ვცხოვრობთ… კულტურის გაცვლა და სხვადასხვა კულტურებთან დიალოგი და შერწყმა უფრო საინტერესოა ჩემთვის”, – ამბობს ტუბა ჩაბუქი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ტუბა თურქეთში დასასვენებლად ყოფნის დროს მეგობრების საშუალებით გაიცნო და 2006 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ, ერთი 10 წლისაა, მეორე კი – 7 წლის. ტუბა ჩაბუქმა “ნეტგაზეთს” უამბო, რომ მისი შვილები ქართულ ენაზე სწავლობენ და აპირებენ, საქართველოში დაამთავრონ სკოლა. რას გადაწყვეტენ სკოლის დამთავრების შემდეგ, ეს მომავალში გამოჩნდება, ამბობს ჩაბუქი.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე გვიყვება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მუსტაფა დასასვენებლად იყო თურქეთში, თუმცა საქართველოში ჩამოვიდა და დევნილებს ეხმარებოდა საკვებით.

“მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 2008 წელს ტოვებდნენ ქვეყანას, [ჩაბუქი] იმ დროს იმყოფებოდა თურქეთში, საიდანაც დაბრუნდა საქართველოში. მან განაცხადა, რომ დღეს ჩემს ქართველ მეგობრებს უჭირთ და მათ გვერდით უნდა ვიყოო. არ ვიცი, ამას რამდენი სხვა ქვეყნის მოქალაქე გააკეთებს, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ძვირადღირებული შეფასებაა. ისინი ყოველდღიურად ამზადებდნენ საკვებს და ჩაჰქონდათ გორში, ასევე, თბილისის სკოლა ლიცეუმ “სხივში” და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში [ომის დევნილები იყვნენ შეფარებული]”, – გვითხრა ელგუჯა დავითაძემ.

დავითაძის თქმით, როდესაც ბათუმში თურქეთის კონსულმა განაცხადა, რომ შაჰინის სკოლა ტერორისტებს ზრდიდა, მასწავლებლებს აქციის გამართვა სურდათ, თუმცა ჩაბუქმა მოუწოდა, რომ არ გაემართათ აქცია, რათა საქართველოში ხელი არ შეეწყოთ ისეთი მდგომარეობის შექმნისთვის, რითიც საქართველოსა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბებოდა.

“პედაგოგებმა მოითხოვეს, რომ მოწყობილიყო მიტინგები. ბატონმა მუსტაფამ განაცხადა, რომ საქართველო სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, ჩვენ გამო საქართველოს და თურქეთს შორის არ უნდა ჩამოვარდნილიყო კონფლიქტი. ის გვირჩევდა, რომ საღი აზროვნებით ვყოფილიყავით და ისეთ ნაბიჯს ნუ გადავდგამდით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ზიანს მოუტანდა”, – გვიყვება ელგუჯა დავითაძე.

მასწავლებლად მუშაობა

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მასწავლებლად მუშაობა საქართველოში ჩამოსვლისთანავე, 2002 წლიდან დაიწყო. იგი ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ფიზიკის მასწავლებლად 2007 წლამდე მუშაობდა.

2007 წელს ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში გააგრძელა ფიზიკის მასწავლებლობა, მოგვიანებით კი სკოლის დირექტორი გახდა. ამ თანამდებობაზე ჩაბუქმა 2012 წლამდე იმუშავა. ორივე სკოლის მფლობელი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯია.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

ლალი სალდაძემ, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლის დირექტორმა, ქუთაისში მუშაობის დროს გაიცნო მუსტაფა ემრე ჩაბუქი. მაშინ სალდაძე მათემატიკის მასწავლებელი და სასწავლო ნაწილის გამგე იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ერთსა და იმავე კაბინეტში უწევდათ მუშაობა.

“როდესაც ბატონი მუსტაფას მიერ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ მე მიწევდა მათემატიკის გაკვეთილის ჩატარება, დაფის წაშლა არ მინდოდა. ხელოვნების დონეზე ჰქონდა ყველაფერი აყვანილი. დაფის ერთი წერტილიდან რომ დაიწყებდა და მეორე ბოლომდე ჩავიდოდა… ეს სქემები… ძალიან არ მსიამოვნებდა დაფის გასუფთავება, მაგრამ რა უნდა მექნა, გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა”, – იხსენებს სალდაძე.

სალდაძემ მოგვიყვა, რომ ჩაბუქი ნოვატორი მასწავლებელი იყო, რომელიც ყოველთვის ცდილობდა სიახლეების დაენერგვას და ამაში სხვა მასწავლებლებსაც ეხმარებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკასთან მუშაობა ეხერხებოდა. სალდაძის თქმით, ქუთაისში მისი ინიციატივით მოეწყო მოსწავლეების ოლიმპიადა.

ქუთაისში მუშაობის დროს მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე საუბრობდა ქართულ ენაზე. ლალი სალდაძემ ჩვენთან საუბრისას გაიხსენა, რომ როცა ქართველი მასწავლებლები ინგლისურად ესაუბრებოდნენ მას, იგი მხოლოდ ქართულად პასუხობდა, რათა ენის ცოდნა გაეუმჯობესებინა.

ელგუჯა დავითაძემ, ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამი წლის წინ გაიცნო. ამ დროს ჩაბუქი უკვე „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. მან ამ პოზიციაზე 2012 წლიდან 2016 წლამდე იმუშავა. 2016 წლიდან კი დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მოვალეობას ასრულებს.

დავითაძე ამბობს, რომ ჩაბუქი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა წარმატებული მოსწავლეების მიმართ, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ ყველა მოსწავლეს თანასწორად მოქცეოდა და თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენისთვის წაეხალისებინა ისინი.

დავითაძე იხსენებს, რომ ჩაბუქი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, ყოველ სემესტრში ბათუმში ჩადიოდა და მასწავლებლებთან მართავდა შეხვედრებს, ინტერესდებოდა მათი აზრით, პრობლემებით და მასწავლებლების პროფესიულ ზრდას ხელს უწყობდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

“[ჩაბუქისთვის] არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა შეხედულების თუ სარწმუნოების იქნებოდა ესა თუ ის ადამიანი. ყველა ადამიანს ერთი და იმავე თვალით უყურებდა. არ ასხვავებდა ადამიანებს ამა თუ იმ პოლიტიკური შეხედულების, ამა თუ იმ აღმსარებლობის გამო… გვეუბნებოდა, ხელი შეგვეწყო მოსწავლეებისთვის, რომ უკეთესად გამოევლინათ თავისი შესაძლებლობები, იქნებოდა ეს წახალისების თუ სტიპენდიის სახით”, – ამბობს ელგუჯა დავითაძე.

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორს მიაჩნია, რომ ოლიმპიადები, რომლებიც ჩაბუქის ინიციატივით ეწყობოდა, ორმაგად მნიშვნელოვანი იყო-ჯერ ერთი, მოსწავლეები იღრმავებდნენ თავიანთ ცოდნას ცოდნას, მეორეც, საქართველოს  სხვა ქვეყნის მოსწავლეებსაც აცნობდა.

“ბატონი მუსტაფას როლი მნიშვნელოვანი იყო, რადგან თვითონ იყო დამფუძნებლების წარმომადგენელი, თვითონ იღებდა საბჭოსთან ერთად გადაწყვეტილებებს. ბატონი მუსტაფა იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა ამ საკითხებში”, – ამბობს დავითაძე.

ტუბა ჩაბუქი ამბობს, რომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად ტარდებოდა და შარშან მეათედ ჩატარდა, იყო წარმატებული. ასევე ტარდებოდა ქართული ენის ოლიმპიადები მარნეულსა და რუსთავში, სადაც აზერბაიჯანული წარმოშობის მოსწავლეები სწავლობენ ქართულად, რის გამოც კმაყოფილი იყვნენ სახელმწიფო მოხელეებიც.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

“ჩემი ქმრის მთავარი დევიზი იყო, რომ ადამიანი სიყვარულით, მშვიდობით უნდა ცხოვრობდეს… რწმენას და ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ქვეყანა იმხელაა, რომ ყველა დაეტევა და ყველას მშვიდობიანად შეუძლია იცხოვროსო. ასეთი ღირებულების მქონე ადამიანი ცდილობს, რომ ეს ღირებულება თავის საქმეშიც გამოავლინოს”, – ამბობს ტუბა ჩაბუქი.

ბრალდება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებისა და კოლეგებისგან განსხვავებით, თურქეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩაბუქი უბრალოდ მასწავლებელი კი არა, ტერორისტული საქმიანობის მონაწილეა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ერთ დღის შემდეგ, რაც  თურქეთის მთავრობის წევრები საქართველოს სტუმრობდნენ. ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

გირჩევთ: რა შანსი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომ თურქეთში ექსტრადიციას გადაურჩეს

თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია “ფეტოსთან” თანამშრომლობს. ერდოღანის მთავრობა “ფეტოს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლება მუსტაფა ჩაბუქსაც ტერორისტებთან თანაშრომლობას აბრალებს.

გირჩევთ: ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 30 მაისს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ბრალად ედება ის, თითქოს ჩაბუქი ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მეწილეს წილის გასხვისებაში ამერიკულ კომპანია “მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისზე”.

“ეს ამერიკული კომპანია მიჩნეული არ არის ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის აშშ-შია რეგისტრირებული და ასე რომ იყოს, კომპანიის მიმართ, ბუნებრივია, ამერიკაშიც იქნებოდა პრეტენზიები… თუ წილის გასხვისება ტერორისტული საქმიანობა იყო, ეს პირველად გავიგე”, – განგვიცხადა ბარათაშვილმა.

ბარათაშვილმა “ნეტგაზეთს” ისიც განუმარტა, რომ თურქეთის თვალსაზრისითაც დანაშაული 2017 წლის თებერვალში საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა, შესაბამისად, ეს კავშირში არაა თურქეთთან და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც თურქეთი ჩაბუქის ექსტრადირებას ითხოვს.

ჩაბუქის ადვოკატმა საქართველოს მიმართა მისი კლიენტისთვის თავშესაფრის მიღების მოთხოვნით, რამაც ექსტრადიციის პროცესი შეაჩერა მანამდე, სანამ არ განიხილავენ მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს.

ტუბა ჩაბუქს მიაჩნია, რომ თურქეთში აღარაა დემოკრატია და ვისაც მთავრობისგან განსხვავებული აზრი აქვს, ყველა საფრთხის წინაშეა. მან გაიხსენა ის ფაქტი, რომ თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტია დაკავებული. ათასობით მასწავლებელი ზის ციხეში. ტვიტერზეც რომ გააკრიტიკო თურქეთის ხელისუფლება, დაპატიმრების საფრთხეს უდრის. ტუბა ჩაბუქის თქმით, სწორედ ამის  გამო შიშობს, რომ თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემით მუსტაფა ჩაბუქის უფლებები დაირღვევა.

ჰქონდა თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია? ამ კითხვაზე ტუბა ჩაბუქი პასუხობს, რომ ადამიანი, ვისაც გრძნობები გააჩნია, თურქეთში მიმდინარე პროცესებს გააკრიტიკებს, ხოლო თურქეთის მთავრობის სურვილი, მუსტაფა ჩაბუქის დააკავოს, შაჰინის სკოლის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია.

შაჰინის სკოლამ სასწავლო პროცესი 2017 წლის 13 თებერვალს შეაჩერა განათლების სამინისტროს მიერ ავტორიზაციის გაუქმების გამო, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ეს თურქეთის მოთხოვნით მოხდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფოტო: საოჯახო ალბომიდან

არის თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქი ფეტულა გიულენის მოძრაობის მიმდევარი? ტუბა ჩაბუქი პასუხობს, რომ ფეტულა გიულენს არც დემირელის კერძო კოლეჯთან აქვს კავშირი და არც მისი ქმარი იცნობს, თუმცა გიულენის შეხედულებებს მუსტაფა ჩაბუქი დადებითად აფასებს.

“ფეტულა გიულენი იდეების გამზიარებელია, რომელიც წინა პლანზე აყენებს მშვიდობას, სიყვარულს და ერთად ცხოვრებას. ამ აზრების გაზიარების გამო ადამიანი ტერორისტი როგორ იქნება, თუ ის სიყვარულს, მშვიდობას ეფუძნება?! როცა ადამიანი პოზიტიურად უყურებს ცხოვრებას. როცა მოუწოდებს სიყვარულისკენ და მშვიდობისკენ, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ პოზიტიურად უნდა იყვნენ განწყობილი, მნიშვნელობა არ აქვს, ფეთულა გიულენის მოძრაობა იქნება თუ სხვისი. ასეთი მოძრაობის მიმართ, რა თქმა უნდა, პოზიტიურად იყო განწყობილი”, – ამბობს ტუბა ჩაბუქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი