ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ – 2016 წელს 74 ჟურნალისტი მოკლეს

21 დეკემბერი, 2016 • 2526
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ – 2016 წელს 74 ჟურნალისტი მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპორტიორები საღვრების გარეშე” 2016 წელს აჯამებს, რომლის მიხედვითაც, წელს 74 ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო 348 ჟურნალისტი დაკავებულია, გატაცებულია ან იძებნება.

[checklist]

  • ყველაზე სახიფათო ადგილი ჟურნალისტების სიცოცხლისთვის ავღანეთია
  • ყველაზე მეტი ჟურნალისტი თურქეთშია დაკავებული
  • ახლო აღმოსავლეთი [სირია, ერაყი] ლიდერობს ჟურნალისტების გატაცებების ფაქტებით
  • დაღუპული ჟურნალისტების უმეტესობა ადგილობრივები არიან

[/checklist]

“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” აცხადებს, რომ 2016 წელს სულ მცირე 74 პროფესიონალი და არაპროფესიონალი ჟურნალისტი დაიღუპა მაშინ, როდესაც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

“ზოგი მათგანი გაშუქების დროს დაიღუპა. მათი უმეტესობა კი წინასწარ განზრახულმა ძალადობამ იმსხვერპლა”, – წერს ორგანიზაცია.

იმის მიუხედავად, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირდა დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა, წლევანდელი მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა, რადგან ჟურნალისტები გამოიქცნენ საშიში ქვეყნებიდან, განსაკუთრებით- სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან, ლიბიიდან, იემენიდან და ბურუნდიდან, მათი წასვლით კი შეიქმნა საინფორმაციო ვაკუუმი ამ ქვეყნებში, აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” შეფასებით, დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია ასევე ცენზურის გამკაცრებით კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტები, გამბედაობის მიუხედავად, თვითცენზურას იწესებენ. ამის მაგალითია მექსიკა, სადაც 2016 წლს 9 ჟურნალისტი მოკლეს.

დაღუპული ჟურნალისტების სამი მეოთხედი წინასწარი განზხრახვით არის დაღუპული. იანვრის თვეში ავღანეთში 10 ჟურნალისტი მოკლეს ავტობუსში, რომელსაც Tolo TV ფლობდა. ავღანეთის შემდეგ სირია არის ყველაზე საშიში ადგილი ჟურნალისტებისთვის. დახოცილი ჟურნალისტების ორი მესამედი კონფლიქტის ზონაში დაიღუპა.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა დაკავებული, გატაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების რაოდენობა. ამ კუთხით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. 100-ზე მეტი თურქი ჟურნალისტი ციხეშია. ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ გრძელდება რეიდები მედიაგამოცემების ოფისებში მათი დაშინების მიზნით.

თურქეთის შემდეგ ყველაზე მეტი ჟურნალისტი დაკავებულია ჩინეთში, ირანსა და ეგვიპტეში. დაკავებული ჟურნალისტების ორი მესამედი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

52 ჟურნალისტი გატაცებულია. ამ მხრივ საშიში რეგიონია ახლო აღმოსავლეთი, განსაკუთრებით- სირია და ერაყი. “ისლამურ სახელმწიფოს” 21 ჟურნალისტი ჰყავს გატაცებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს, რომ გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში შეიქმნას “სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის”, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და დაუსჯელობას შეებრძოლება.

“რეპორტიორები საღვრების გარეშე” არის არასამთავრობო, არაკომერციული გაერთიანება, რომელიც იცავს გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებასა და მედიის უფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი