თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს.
ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.
“ამ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა მათთან შეხება. ბრალად სდებენ იმას, რომ თითქოს ის დემირელის კოლეჯის ერთ – ერთ მეწილეს ეხმარებოდა წილის გასხვისებაში ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი). ეს ამერიკული კომპანია მიჩნეული არ არის ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის აშშ-შია რეგისტრირებული და ასე რომ იყოს, კომპანიის მიმართ, ბუნებრივია, ამერიკაშიც იქნებოდა პრეტენზიები… წილის გასხვისება თუ ტერორისტული საქმიანობა იყო, ეს პირველად გავიგე”, – ამბობს ბარათაშვილი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, სადაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბარათაშვილის ცნობით, ჩაბუქი 2-წელია მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.
2017 წლის თებერვალში ჩაბუქმა კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობლილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ზემოხსენებულ ამერიკულ კომპანიაზე უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. გარდა ამისა, ჩაბუქის განცხადების მიხედვით, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი (ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი).
ადვოკატის ცნობით, წინასაექსტრადიციო სასამართლო განხილვა ხვალ გაიმართება და სასამართლო გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა ჩაბუქს პატიმრობაში. კანონმდებლობით სექსტრადიციო პატიმრობისთვის მაქსიმუმ 9-თვიანი ვადაა განსაზღვრული.
“მაგრამ იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს ექსტრადიციის გადაწყვეტილება”, – ამბობს ბარათაშვილი.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჩაბუქი პირველი ადამიანი არ არის, რომელსაც, სავარაუდოდ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში აკავებენ ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე ცოტა ხნის წინ დააკავეს.
2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.
“ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან’, – განაცხადა კონსულმა ტელერახ 25-თან საუბარში. მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.
ამ საკითხზე განმარტება გააკეთა თურქეთის ელჩმაც. არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ მანაც ისაუბრა და შემდეგ თქვა: “მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”.
იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველომ ზემოხსენებული სკოლა თურქეთის მოთხოვნით დახურა, არ არსებობს. ამ მოსაზრებას უარყოფს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სკოლას ავტორიზაცია კონკრეტული დარღვევების გამო გაუუქმდა. თუმცა, გარდა უშუალოდ სკოლის დირექტორისა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სკოლის დახურვის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია იდგეს, სახალხო დამცველმაც გამოთქვა. გაზეთმა ჰურიეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა გიულენთან დაკავშირებული სკოლებისთვის კურიკულუმების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ათეულობით ქვეყანასთან აწარმოებდა.
თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.