ახალი ამბები

რა შანსი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომ თურქეთში ექსტრადიციას გადაურჩეს

30 მაისი, 2017 •
რა შანსი აქვს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომ თურქეთში ექსტრადიციას გადაურჩეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თურქეთში ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მიხედვითაც კი, ის არარსებული “დანაშაული”, რომელშიც თურქეთის ხელისუფლება ჩაბუქს ედავება, თბილისში მოხდა და არა თურქეთში.

“ბრალდების თანახმად, დანაშაული მოხდა 2017 წლის თებერვალში. მუსტაფა ემრე ჩაბუქს ბრალი არ ედება [თურქეთში 2016 წელს] მომხდარ გადატრიალებაში, ანუ დანაშაული მათი თვალსაზრისითაც დაიწყო საქართველოში,  გაგრძელდა საქართველოში, დასრულდა საქართველოში და კავშირი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან. როგორ არის ეს საკითხი თურქეთთან დაკავშირებული? რა საფუძვლით ითხოვს თურქეთში ექსტრადირებას, ეს არის სრულიად აუხნელი და გაუგებარი ჩემთვის”, – ამბობს სოსო ბარათაშვილი და აცხადებს, რომ დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერი სრულიად უდანაშაულოა.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს.  მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ფეტულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციის” საქმიანობას უწყობდა ხელს.

დაკავების ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

“ამ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა მათთან შეხება. ბრალად სდებენ იმას, რომ თითქოს ის  დემირელის კოლეჯის ერთ – ერთ მეწილეს ეხმარებოდა წილის გასხვისებაში ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ ენდ კონსალთინგ სერვისი). ეს ამერიკული კომპანია მიჩნეული არ არის ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ის აშშ-შია რეგისტრირებული და ასე რომ იყოს, კომპანიის მიმართ, ბუნებრივია, ამერიკაშიც იქნებოდა პრეტენზიები… წილის გასხვისება თუ ტერორისტული საქმიანობა იყო, ეს პირველად გავიგე”, – ამბობს ბარათაშვილი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავარ პროკურატურას, სადაც კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ბარათაშვილის ცნობით, ჩაბუქი 2 წელიწადია მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობის ნებართვას ფლობს.

2017 წლის თებერვალში ჩაბუქმა კოლეჯის მფლობელების (იუსიფ ალთაში, მოქალაეობა – თურქეთი, ფლობს წილის 20%-ს, იაშარ შიმშექი, თურქეთი- 20%, ჯიჰარ აქინი, გერმანია- 60%) მინდობლილობით საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც, დემირელის კოლეჯის წილები ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაზე (მეტროპოლიტენ ედუქეიშენ & ქონსალთინგ სერვისი) უნდა გადარეგისტრირებულიყო, თუმცა რეესტრმა ეს მოთხვნა არც ერთხელ დაუკმაყოფილა. გარდა ამისა, ჩაბუქის განცხადების მიხედვით, დემირელის კოლეჯს უნდა შეცვლოდა სახელი (ქართულ – ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

EMC-ის წარმომადგენელი იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის სმაინისტრო იღებს.

“საქმის მასალების გაცნობის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს და საბოლოოდ გამოსცეს ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრებაც ორი ინსტანციური წესითაა შესაძლებელი. პროცესის განვითარებას სწორედ ამ კუთხით უნდა ველოდოთ”, – ამბობს მიქელაძე.

თუმცა დღეს ემრე ჩაბუქმა საქართველოსაგან  პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, რაც სოსო ბარათაშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა მას ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს, ექსტრადიცია აღარ განხორციელდება. ექსტრადიციის პროცესს დროებით თავშესაფრის მიღების პროცედურის დაწყებაც აჩერებს.

სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართული მხარის გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადმაინის უფლებათ ევროპულ სასამართლოშიც გაასაჩივრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მოითხოვს, საქართველოს ჩაბუქის თურქეთისათვის გადაცემა აეკრძალოს, რადგან ამ უკანასკნელს იქ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება.

“იმედი მაქვს, რომ იუსტიციის მინისტრი [ექსტრადიციის ] გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთი შეხედვით შესწავლაც კი აჩვენებს, რომ ის აშკარად დაუსაბუთებელია. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, თურქეთის მთავრობა გიულენის მოძრაობის წევრებს (და ორგანიზაციებს იქნება ეს საგანმანათლებლო დაწესებულება, მედია, კერძო ორგანიზაცია თუ სხვა) ავტომატურად მიიჩნევს ტერორისტებად.

ამ საქმეში არაფერი კონკრეტული დაზუსტება არ არის წარმოდგენილი, თუ რატომ არის უშუალოდ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ან რატომ არის ის ამერიკული ორგანიზაცია, რომელზეც წილების მიყიდვის გეგმაც არსებობდა, ტერორისტული ორგანიზაცია.  ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

სოსო ბარათაშილის თქმით კი, ეს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთლიანად ქვეყნის ღირსების საკითხია.

“თუ უდანაშაულო ადამიანს წამებისა და არადამიანური მოპრყობისათვის გავწირავთ, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი”, – ამბობს ბარათაშვილი.

“იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენა  სამხედრო გადატრიალების ის ვერსია, რომელიც ერდოღანმა წარმოადგინა, ასევე ბევრი ქვეყანა ამბობს უარს თურქეთისთვის [გიულენის მომხრეების ]ექსტრადირებაზე, გაუგებარია, რატომ დაიწყო საქართველომ ეს პროცესი. ეს ერთი შეხედვით ჰგავს პოლიტიკურ ლოიალობას თურქეთის ხელისუფლების მიმართ და, ცხადია, თუ საქართველოს მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ასევე დაარღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებას, რადგან ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც პირი შეიძლება პოლიტიკური დევნის და წამების მსხვერპლი გახდეს, აკრძალულია”, – ამბობს თამთა მიქელაძე.


ჩაბუქი პირველი ადამიანი არ არის, რომელსაც, სავარაუდოდ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში აკავებენ ფეტულა გიულენთან კავშირის ბრალდებით. თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე  ცოტა ხნის წინ დააკავეს.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

“ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან’, – განაცხადა კონსულმა ტელერახ 25-თან საუბარში. მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

ამ საკითხზე განმარტება გააკეთა თურქეთის ელჩმაც. არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ მანაც ისაუბრა და შემდეგ თქვა: “მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”.

იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველომ ზემოხსენებული სკოლა თურქეთის მოთხოვნით დახურა, არ არსებობს. ამ მოსაზრებას უარყოფს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სკოლას ავტორიზაცია კონკრეტული დარღვევების გამო გაუუქმდა. თუმცა, გარდა უშუალოდ სკოლის დირექტორისა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სკოლის დახურვის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია იდგეს, სახალხო დამცველმაც გამოთქვა. გაზეთმა ჰურიეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა გიულენთან დაკავშირებული სკოლებისთვის კურიკულუმების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ათეულობით ქვეყანასთან აწარმოებდა.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი