ახალი ამბები

პროკურატურა: გამოვლენილია ბიზნესმენებზე განხორციელებული ტერორის ფაქტები

28 თებერვალი, 2013 • 1061
პროკურატურა: გამოვლენილია ბიზნესმენებზე განხორციელებული ტერორის ფაქტები

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, საქმე ეხება ახალციხის მუნიციპალიტეტში 2011-12 წლებში აუქციონზე გაყიდულ ქონებას, როდესაც ბიზნესმენებმა ეს ქონება გასაყიდ ფასზე გაცილებით ძვირად შეისყიდეს.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 2012 წლის 28 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიება ეხება რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიპალიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვას და ამ საქმის ფარგლებში გამოიკვეთა ბიზნესზე ზეწოლის ეპიზოდები.

 

კერძოდ, პროკურატურის მიერ ახალციხის გამგეობიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც 2011-12 წლებში მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე პრივატიზაციის პროცესს ასახავს.

 

 

2011 წელს ახალციხის გამგობამ 11 ობიექტი გამოიტანა გასაყიდად, რომლებიც საწყის ფასზე ძვირად გაიყიდა. მაგალითად, ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი, რომელიც 12 ათას ლარად იყო შეფასებული, “თიბისი ბანკმა” აუქციონზე ნახევარ მილიონ ლარად იყიდა მაშინ, როცა აუქციონში არავინ მონაწილეობდა.

 

ასევე, ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი შეფასებული იყო 8 ათას ლარად და იგი შპს “ბემონმა” იყიდა 1 მილიონ 900 ათას ლარად.

 

ახალციხის სოფელ ხეთოში მდებარე კლუბი, რომელიც შეფასებული იყო 5 ათას ლარად, შპს “ინსტა ჯორჯიამ” ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა. პროკურატურის ცნობით, “ინსტას” მფლობელი ლევან სვიმონიშვილი პატიმარი იყო და შესყიდული ქონება მან ისევე სახელმწიფოს დაუბრუნა უკან.

 

პროკურატურის ცნობით, საერთო ჯამში, ახალციხის მუნიციპალიტეტში 11 ობიექტის რეალიზაციიდან ბიუჯეტში შევიდა 9 მილიონ 632 ათასი ლარი, მაშინ, როცა საწყისი ფასი ამ ქონების 161 ათასი ლარი იყო.

 

პროკურატურის მასალებიდან იკვეთება, რომ შესყიდვების პროცესში ორი მესაკუთრე პატიმარი იყო და ორმა ბიზნესმენმა ქონება დაუბრუნა სახელმწიფოს უკან ჩუქებით.

 

პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წლის 22 თებერვლისთვის მოწმის სახით დაბარებული იყვნენ “ჯორჯიან ინვესტმენტის” წარმომადგენელი მირდაკ ქამადაძე და დავით ანდრონიკაშვილი, “ინსტა ჯორჯიას” წარმომადგენელი გიორგი მეფარიშვილი. ამ მოწმეებმა მისცეს ჩვენება, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა პროკურატურის მხრიდან.

 

კონკრეტულად ვინ ახორციელებდა ბიზნესმენებზე ზეწოლას, პროკურატურაში ჯერ არ საუბრობენ. საქმის გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი