ახალი ამბებიეკონომიკა

სასტუმრო-რესტორნების კადრების 30% ქვეყნიდან წავიდა — ალავერდაშვილი

24 იანვარი, 2022 • 3467
სასტუმრო-რესტორნების კადრების 30% ქვეყნიდან წავიდა — ალავერდაშვილი

პანდემიის დაწყების შემდეგ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული კვალიფიციური კადრების 30%-მა საქართველო დატოვა, ნაწილი კი სხვა სექტორში გადავიდა სამუშაოდ. ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა დღეს, 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ალავერდაშვილის თქმით, მათი ემიგრაცია განპირობებულია პანდემიის გამო ამ სექტორში შექმნილი არასტაბილური გარემოთი:

“პერსონალის საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული პერსონალთან მიმართებით, რადგან ძალიან დიდმა რაოდენობამ, თითქმის 100 ათას ადამიანზე მეტმა, დაკარგა სამსახური კორონავირუსის დაწყების პერიოდში. კვალიფიციური კადრების 30% საზღვარგარეთ გავიდა.

დანარჩენი, საკმაოდ დიდი რაოდენობა, გადავიდა სხვა სექტორში და ამ ეტაპისთვის სხვა სექტორში უფრო დაცულად გრძნობენ თავს. შეიძლება ხელფასიც იმაზე დაბალი ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენს სექტორში აიღებდნენ. თუმცა იქ უფრო დაცულად გრძნობენ თავს და სტაბილურობა მეტი აქვთ, რადგან თუ პანდემია დაიწყება, იქ სამსახურს არ დაკარგავენ.

ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ, პანდემიის დასრულებასთან ერთად, პერსონალი ისევ დაბრუნდება”, – თქვა ალავერდაშვილმა.

მან ასევე შეაჯამა 2021 წელს რესტორნებისა და სასტუმროების დატვირთულობა და ტურისტების აქტიურობა. ალავერდაშვილის განცხადებით, გასული წლის ივლისში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ტურისტი შემოვიდა, თუმცა “გაჩერებულმა სექტორმა თითქმის ვერ მოახერხა ამ სტუმრების მომსახურება”. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სექტორის მოულოდნელი დატვირთულობა იყო, რისთვისაც საკმარისი პერსონალი არ აღმოაჩნდათ.

შალვა ალავერდაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 19.04.2017

“პერსონალის თითქმის 40%-ით მოგვიხდა ამ სტუმრების მომსახურება, რამაც საკმაოდ ცუდი კომენტარები გამოიწვია, რომ მომსახურების დონე საქართველოში შედარებით დაბალია. ბევრი საიტი ვნახეთ და ივლისში საკმაოდ ცუდი კომენტარები იყო”, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

მისი განმარტებით, პერსონალის სიმცირის მიზეზი  რესტორნებისა და სასტუმროების, როგორც დასაქმების ადგილის მიმართ ნაკლები ნდობა იყოს.

რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, ალავერდაშვილის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა ბრენდულ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე იყო. როგორც ის ამბობს, ასეთი ტიპის სასტუმროებში ადამიანები მეტად დაცულად გრძნობენ თავს, რამაც 2019 წლამდე არსებული ტენდენციის ცვლილება განაპირობა.

ალავერდაშვილისვე ცნობით, გასულ წელს განსაკუთრებით გაიზარდა შიდა ტურიზმი და რეგიონებში სასტუმროების 70% დამოკიდებული გახდა ქართველ მომხმარებელზე.

რაც შეეხება მოლოდინებს, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შეფასებით, მომავალ თვეში სექტორი 30-35%-იან დატვირთულობას ელოდება თბილისის მასშტაბით, რეგიონებში, მთიან კურორტებზე კი 55-60%-იან დატვირთულობას ვარაუდობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი