ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები, მერაბ ჩიქოვანი და გაგი მოსიაშვილი აცხადებენ, რომ 13 მაისს, გამთენიისას, კლუბ “ელ ცენტროში” საერთოდ არ მომხდარა ინციდენტი ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის.
ადვოკატების განცხადებით, მათ გამოკითხეს “არაერთი” თვითმხილველი, მათ შორის, კლუბის დაცვის თანამშრომლები.
“ჩვენ მიერ გამოკითხული პირების მხრიდან დასტურდება, რომ უშუალო კავშირი თორდიასა და ფარცხალაძეს შორის არ ყოფილა და ლაშა თორდიას მხრიდან პროვოცირების მცდელობა განეიტრალდა ოთარ ფარცხალაძის დაცვის ჩარევით, მათი მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენებით,”- აცხადებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.
გაგი მოსიაშვილის თქმით, “ამას ინციდენტსაც არ არქმევენ თითმხილველები”, ვითარება “რამდენიმე წამში განეიტრალდა”.
ადვოკატების განცხადებითვე, დადასტურებული ფაქტია, რომ ოთარ ფარცხალაძემ დაახლოებით ღამის 2 სათისთვის დატოვა კლუბი. მათივე თქმით, ამის შემდეგ ლაშა თორდიამ სუფრაზე ყოფნა გააგრძელა, შემდეგ სახლში წავიდა, ხოლო სამედიცინო დახმარებას მხოლოდ დაახლოებით დილის 7-ის ნახევრისთვის მიმართა.
“სად იყო დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ლაშა თორდია? რატომ არ მოხდა მის მხრიდან ამ ინციდენტისთანავე საპატრულო უწყებების გამოძახება?” – აცხადებენ ადვოკატები. მათი განცხადებით, არალოგიკურია, რომ თუკი თორდიას დაზიანებები მართლაც ჰქონდა მიღებული, რატომ გააგრძელა მან სუფრაზე ყოფნა.
შეკითხვაზე, თუ რატომ სჭირდებოდა ლაშა თორდიას, პროვოკაცია მოეწყო ოთარ ფარცხალაძისთვის, ადვოკატები პასუხობენ, რომ ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძის მისალმების ფორმამ გააღიზიანა.
“თორდიას მხრიდან აგრესია გამოიწვია ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მისალმების ფორმამ. მისალმების ფორმა იქნა დაწუნებული ლაშა თორდიას მხრიდან… ეს იყო ლაშა თორდიას მხრიდან აგრესიის საფუძველი,”- ამბობს გაგი მოსიაშვილი.
მანვე ასევე აღიშინა, რომ “თორდია ოთარ ფარცხალაძეს ჩამორთმეულ ხელს არ უშვებდა”, რის შემდგეგაც დაცვა ჩაერია და თორდია “გაწია”.
გაგი მოსიაშვილი ასევე აცხადებს, რომ “არ იცის, რის შედეგად მიიღო თორდიამ დაზიანება”.
ადვოკატების განცხადებითვე, არანაირი საუბარი ფარცხალაძის მხრიდან აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე არ ყოფილა და ეს ვერც მოესწრებოდა იმიტომ, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა.
ასევე, ადვოკატები ამბობენ, რომ ტყუილია თორდიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს მას 6-10 ადამიანი სცემდა. მათივე ინფორმაციით, ფარცხალაძე მხოლოდ სამ ადამიანთან ერთად იმყოფებოდა: თავის მეუღლესთან, დაცვის წევრთან და ფინანსური პოლიციის თანამშრომელ მიხეილ ჩოხელთან ერთად.
ადვოკატები ამბობენ, რომ იმ დოკუმენტურ მტკიცებულებებს, რომლებიც მოგროვებული აქვთ, პროკურატურას მიაწოდებენ. მათივე გაცხადებით, ასევე მოითხოვენ კლუბის კამერების ჩანაწერების ამოღებას.
ლაშა თორდიას განცხადებით, მას 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს. მისივე განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.