პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დარბაზში დაპირისპირების გამო კონსტიტუციის პროექტის განხილვა თბილისში ჩაშლილად გამოაცხადა.
“მე ვერ ვხედავ შეხვედრის ამ ფორმატში გაგრძელების საჭიროებას. კითხვები არ ისმება აქ იმისათვის რომ მიიღოთ პასუხები. კითხვები ისმება იმისათვის, რომ მოაწყონ პროვოკაცია. პროვოკაციის მოწყობის ადგილი აქ არ არის.” – განაცხადა კობახიძემ.
თავდაპირველად თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი შეიცვალა, რადგან დარბაზში შეკრებილები კომისიას განხილვის დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ კობახიძემ მათ სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს დარბაზში სიტუაციის მართვა.
განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. “4 მეშახტე” – სკანდირებდნენ ისინი. კობახიძემ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს არ იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი დატოვა. აქტივისტები, რომლებიც შრომის ეფექტური ინსპექციის შექმნას ითხოვენ, გია ვოლსკისგან მოითხოვდნენ, ბოდიში მოეხადა პალამენტის თავმჯდომარის სიტყვებისთვის, რომელმაც აქტივისტებს კომუნისტები უწოდა. ვოლსკის მათთან არ უსაუბრია.