ახალი ამბები

კობახიძის თქმით, დიდია საარჩევნო ბარიერის შემცირების შანსი

4 ივლისი, 2022 • 553
კობახიძის თქმით, დიდია საარჩევნო ბარიერის შემცირების შანსი

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო ბარიერის საკითხს შეეხება, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“.

მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პოლარიზაციის ხარისხი იქნება მაღალი, მაშინ მაღალი ბარიერი შენარჩუნდება, თუ პოლარიზაცია დაიკლებს, შემცირდება საარჩევნო ბარიერიც.

„არავითარი პირობა არ ყოფილა.

ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, პარლამენტი დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტის განხილვას. არსად თქმულა, რომ აუცილებლად მივიღებდით.

შანსი იმისა, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ, არის ძალიან მაღალი, თუმცა ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გადადგამს ოპოზიცია ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 2021 წლის სექტემბერში პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, გარდამავალ დებულებებში აისახება, რომ მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო პრინციპით გაიმართება, რა დროსაც ბარიერი 2 პროცენტით განისაზღვრება.

ცვლილებების მისაღებად კანონპროექტის მხარდაჭერა პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენაზეცაა საჭირო, რა დროსაც, შესაძლოა, რომ მასში ცვლილებები შევიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი