ახალი ამბები

ციხეების მონიტორინგის ახალი მექანიზმი

11 თებერვალი, 2013 • • 1094
ციხეების მონიტორინგის ახალი მექანიზმი

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ დაწესებულების მონიტორები  სახალხო დამცველის აპარატის, კერძოდ პრევენციის ეროვნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნებიან. მასში გაერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის მქონე პირები, კერძოდ, სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტები, რომლებიც არ ეწევიან კერძო საადვოკატო პრაქტიკას (10 ექსპერტი), საერთო პროფილის მქონე ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ წამების, არასათანადო მოპყრობის კვალის იდენთიფიცირების გამოცდილება (3 ექიმი), ფსიქიატრები (2 ექსპერტი), ფსიქოლოგები (2 ექსპერტი), სოციალური მუშაკები (1 ექსპერტი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტი, სამხედრო ჰაუპტვახტებისა და ნაწილების მონიტორინგის ექსპერტი, გენდერის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი და შესაბამისის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ექსპერტები რეგიონებიდან.

აღნიშნული პირები, სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად მუდმივად  მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ გეგმიურ და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ ვიზიტებში. მონიტორინგის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყოველკვარტალური ბიულეტენების საშუალებით.

სასჯელაღსრულების სფეროში არსებული სიტუაციის ანგარიშს სახალხო დამცველი საზოგადოებას სამ თვეში ერთხელ მიაწვდის.

ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის იმ ჯგუფში, რომელიც ყოფილი მინისტრის, გიორგი ტუღუშის მინისტრობისას დროებით შექიმნა, ჟურნალისტებიც შედიოდნენ.

“არანაირი აკრძალვა ჟურნალისტების მიმართ არ არის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ექსპერტთა სია, რომელიც პრევენციალურ მექანიზმში არსებობს, აერთიანებდეს სხვადასხვა პროფილის მქონე ექსპერტებს და მათ შორის არის ჩამონათვალი პროფესიების. ყველაზე დიდი ჯგუფი არის სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტების, რომლებიც არ ეწევიან კერძო საადვოკატო პრაქტიკას და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის. სხვა პირებში შედის აბსოლუტურად ყველა პროფესია. მინიმუმ ათი ექსპერტი იქნება, გარდა ამისა ცალკე ჩვენ ვგეგმავთ, რომ შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის ექსპერტები გვყავდეს ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში, რომ იქ არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მათ განახორციელონ უფრო ეფექტურად მონიტორინგი და ეს რეგიონები თბილისიდან ჩასულ ექსპერტების ჯგუფზე დამოკიდებული. ეს არის სისტემატური მონიტორინგის ჯგუფი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნაუაშვილმა.

ომბუდსმენის ცნობით, იქნება კრიტერიუმები, რომლის მიხევდითაც მონიტორინგსი ჯგუფის წევრებს შეარჩევენ და ეს კრიტერიუმები არანაირ კითხვას არ წარმოშობს. გარდა ამისა, შეიქმნება ქცევის წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილონ მონიტორინგის ჯგუფის წევრები. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წესი იქნება, რომ ისინი შეთანხმების გარეშე განცხადებას ვერ გააკეთებენ.

“უნდა მოხდეს შეთანხმება განცხადებაზე, რომელსაც ეს მონიტორინგის ჯგუფი გამოაქვეყნებს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე წევრი ამ ინფორმაციას არ დაეთანხმება, ყველა წევრს ექნება უფლება თავისი მოსაზრება იქვე დააფიქსიროს.
თებერვლის ბოლოს გამოცხადდება კონკურსი, შემდეგ უკვე დაახლოებით 10 დღე, ორი კვირა გვექნება იმისთვის, რომ მივიღოთ განცხადებები, ამის შემდეგ დაიწყება გასაუბრება კონკრეტულ კანდიდატებთან და მე ვფიქრობ, რომ მარტის ბოლოს დაახლოებით გვეყოლება ეს ჯგუფი, დაახლოებით 30 კაცამდე. გარდა ექსპერტებისა, დამატებით იქნებიან ჩვენი ექსპერტები, ჩვენი თანამშრომლები, გაცილებით უფრო დიდ და ფართო ჯგუფზე იქნება საუბარი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” უჩა ნანუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი