ახალი ამბები

პატიმართა ე.წ. „ერთობლივი განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს – პენიტენციური სამსახური

25 აგვისტო, 2022 • 1048
პატიმართა ე.წ. „ერთობლივი განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული. პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას „არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობას“ უწოდებს.

ასევე, პენიტენციური სამსახური წერს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პატიმართა ერთობლივი განცხადება:

„N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება, ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. „ერთობლივი განცხადება“ არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც- მისივე მითითებული“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

„მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება.

ინფორმაციისთვის, N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები.

სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24-საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურება დაწესებულების გარეთ“ ,- იუწყება პენიტენციური სამსახური.

დღეს, 25 აგვისტოს, მედიაში გავრცელდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმრებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა და არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას მანამ, სანამ არ შეიცვლება დაწესებულების ხელმძღვანელობა.

________________

ფოტოზე: რუსთავის №6 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება. ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი