ახალი ამბები

რუსთავის მე-6 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

15 აგვისტო, 2022 • 499
რუსთავის მე-6 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

რუსთავის მე-6 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. ამ ინფორმაციას ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელმაც „ტვ პირველის“ სიუჟეტის შემდეგ განცხადება გაავრცელა. თუმცა უწყება აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობა 10 მოშიმშილე პატიმრის შესახებ მცდარია და ამ ეტაპზე დაწესებულებაში 3 პატიმარი შიმშილობს.

14 აგვისტოს ტელეკომპანიის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელიც ერთ-ერთ მსჯავრდადებულს ეხებოდა. მისი ოჯახის წევრები „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობენ, რომ პატიმრები ითხოვენ ექიმს და ხარისხიან სამედიცინო სერვისს, ციხე კი ამ მოთხოვნაზე უარს ეუბნება.

„ორი დღეა, რაც შიმშილობა დაიწყეს, თან ის [პატიმარი] ახალი ნამკურნალებია და მისი შიმშილობა არ ვიცი, რა იქნება. თითქმის ნახევარი ციხე აპროტესტებს და ითხოვს ექიმს, მაგრამ არა… [ეუბნებიან, რომ] ჩვენ ვართ უფროსები, როგორც გადავწყვეტთ, ისე იქნება. ასე პასუხობენ… ჩვენ რასაც გვინდა, იმას ჩავწერთო“, – ამბობს „ტვ პირველთან“ პატიმრის მეუღლე და ამატებს, რომ მას შეეზღუდა ცოლთან დარეკვისა და ოჯახის ნახვის უფლება.

თავად „ტვ პირველის“ ინფორმაციით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში 10-მდე პატიმარი შიმშილობს.

ამ ცნობას უარყოფს პენიტენციური სამსახური. უწყება აცხადებს, რომ დაწესებულებაში შიმშილობს 3 მსჯავრდადებული. მათივე თქმით, ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ.

„რაც შეეხება მსჯავრდადებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდადებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. სიუჟეტში ნახსენებ მსჯავრდადებულს, №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების შემდეგ, ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მიმდინარე წლის 11 და 12 აგვისტოს ის ოჯახის ექიმმა გასინჯა და მსჯავრდადებულს არანაირი ჩივილები არ აღმოაჩნდა“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

შეზღუდვებზე საუბრისას უწყება დასძენს, რომ აღნიშნულ პატიმარს დაუფიქსირდა დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც – „მას რამდენიმე დისციპლინური სახდელი დაეკისრა,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი