ახალი ამბები

მედიაომბუდსმენი – ეუთოს ექსპერტებისა და ქართული NGO-ების განხილვის საგანი

1 მაისი, 2017 • 2005
მედიაომბუდსმენი – ეუთოს ექსპერტებისა და ქართული NGO-ების განხილვის საგანი

ეუთოს ექსპერტები მედიის საკითხებში თბილისში შეხვედრებს მართავენ. დღეს, 1 მაისს ისინი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც ნეტგაზეთს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მედიაომბუდსმენის საკითხს ეხებოდა.

ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, ეუთოს ექსპერტებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მთავრობის მოწვევით ჩამოვიდნენ და განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ მედიაომბუდსმენს შეეხებოდა.

“როგორც გავარკვიეთ, მათაც არ აქვთ ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგულსიხმება  მედიაომბუდსმენის ინსტიტუტში. თვითონ თქვეს, რომ მთავრობამ ამ თემასთან დაკავშირებით მოიწვია”,  – გვითხრა ნატა ძველიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მედიაომბუდსმენის შექმნის იდეა 6 მარტს გაახმაურა. მაშინ ამ ინიციატივას ბევრი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პრემიერის ამ ინიციატივას წინ უსწრებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით 8 მარტამდე შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” მიეკუთვნა ქიბარ ხალვაშს.

ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ეუთოს ექსპერტებს, დანიუს რადზევიჩიუსს (ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე) და აიდარ ბოტაგაროვს (მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი) სწორედ ეს კონტექსტი აუხსნეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება. ნატა ძველიშვილის თქმით, შეხვედრაზე მათ გამოთქვეს აზრი, რომ საქართველოში ისედაც არსებობს მედიაგარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო მექანიზმები და თუ ხელისუფლებას ექნება პოლიტიკური ნება, არსებული ინტრუმენტების განვითარების შემთხვევაშიც შესაძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება. ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კუთხით ძველიშვილი ასეთ მექანიზმად სახალხო დამცველის აპარატსა და მის რეკომენდაციებს ასახელებს, ხოლო ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოდ – ქარტიას.

“ჩვენ ვუთხარით, რომ თვითრეგულირების ორგანო უკვე გვაქვს და სახალხო დამცველის ფუნქციებში ასევე შედის ჟურანალისტთა უფლებებეის დაცვა. არ მიგვაჩნია სწორად რაიმე ახალი ინსტიტუტის შექმნა იმ ფონზე, როცა ამ [სახალხო დამცველის] მექანიზმის გაუმჯობესებაზე [რეკომენდაციების შესრულებაზე] არ ზრუნავს ხელისუფლება. იმ შეხვედრაზე, სადაც პრემიერმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია მედიაომბუდსმენის შესახებ, ჩვენ [კვირიკაშვილს] ვუთხარით, რომ გვყავს სახალხო დამცველი, რომლის რეკომენდაციებიც არის კრიტიკული. მან თქვა, რომ სახალხო დამცველი ბოლო დროს არის ძალიან კრიტიკული და ეჭვი აქვს, რომ ის არაობიექტურია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უბრალოდ კრიტიკა არ უნდათ”, – ამბობს ნატა ძველიშვილი.

ნეტგაზეთი ზემოხსენებულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ასევე დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას. უწყების პოზიციას პასუხის მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი