ახალი ამბები

ვის (არ) მოსწონს მედიაომბუდსმენის იდეა

6 მარტი, 2017 • 2968
ვის (არ) მოსწონს მედიაომბუდსმენის იდეა

დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა ორჯერ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერთან დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, მედიაომბუდსმენის შექმნის ინსტიტუტს დადებითად შეხვდნენ. პირველად ამის შესახებ ინფორმაცია IPN-მა გაავრცელა, ხოლო ამის შემდეგ ჩუგოშვილმა იგივე რუსთავი 2-ზე ჩართვისასაც თქვა.

“შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული, თითქმის ყველა ორგანიზაციამ, რომელიც შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ყველამ თქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი აზრი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც ზემოხსენებულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილთან და ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

ნეტგაზეთმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს ჰკითხა, კონკრეტულად რა ტიპის პოზიციები დააფიქსირეს მათ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით.

“კარგი იქნება თუ დაასაბუთებს რომელმა [გამოთქვა პოზიტიური შეფასებები მედიაომბუდსმენის საკითხზე]. პოზიტიურად მე აღვიქვი ის, რომ პრემიერ-მინისტრი ადეკვატურად აფასებს სიტუაციას და ხვდება, რომ ახლა შექმნილია ჩიხური სიტუაცია და აქედან გამოსასვლელად მოსაფქირებელია ნაბიჯები. მას ასეთად მაგალითად მედიაომბუდსმენის შექმნა მიაჩნია, რაზეც შეგვიძლია ვიდაოთ”, – გვითხრა ზვიად ქორიძემ, რომელიც ყვება, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და პრემიერის შეხვედრა ამ უკანასკნელის მიერ სწორედ მედიაომბუდსმენის საკითხზე გაკეთებული განცხადებით გაიხსნა, თუმცა ამის შემდეგ მხარეები ამ თემის სიღრმეებში არ ჩასულან და რ2-ის საქმეზე, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე გადაიტანეს ყურადღება.

იგივეს ამბობს, IDFI-ის წარმომადგენელი გიორგი კლდიაშვილი:

“ჩვენ დადებითად შევაფასეთ ზოგადად მთავრობის ასეთი დაინტერესება. ომბუდსმენზე ვთქვით, რომ ეს კარგად გასაანალიზებელია როგორ გავაკეთოთ, რანაირად, საერთოდ ღირს, არ ღირს – ამაზე საუბარი არ იყო.

იდეის დონეზე რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, ეს ძალიან კარგია, მედიაომბუდსმენი რამდენად გაამართლებს, ეს არც ერთი ადამიანის გადასაწყევტია [ჩემ შემთხვევაში] და არც რამდენიმე მედიაექსპერტის. დეტალებში არ ჩავსულვართ”, – ამბობს კლდიაშვილი.

“ჩვენ დეტალები იქ არ განგვიხილია. საუბარი იყო, რომ უნდათ მედიაომბუდმსნეის შექმნა და ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს პოზიცია საერთაშორისო ექსპერტმა დაიკავოს, ნახსენები იყო ეუთოს ცნობილი ექსპერტები და ა.შ. რისი წინააღმდეგაც ჩვენ არ წავიდოდით, რადგან ცხადია, უფრო კაგრი იქნება თუ მედიაგარემოზე დამატებით კიდევ ერთი ადამიანი იმუშავებს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის საინტერესო იდეა და ცუდიც არ არის, მაგრამ იმის იქით ეს არ წასულა და დეტალებში არ ჩავსულვართ”, – ამბობს ეკა გიგაური, რომელსაც ვკითხეთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროების თაობაზე:

“ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს ომბუდსმენის თემა დღეს არ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. ის პრობლემები რაც დღეს გვაქვს, ახლა არის სასწრაფოდ გადასაჭრელი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ინსტიტუტი შეიძლება მედიაპლურალიზმს დაეხმაროს, მაგრამ დღეს ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელსაც ის ვერანაიარად ვერ უშველის. რ2-ის საქმე სტრასბურგშია და  საზ.მაუწყებელში მიმდინარეობს [პროცესი] უხეში ფორმით არ ვიცი დავარქვა თუ არა ამას რეფორმა”.

ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად როგორ ხედვას პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის სამომავლო პროექტს: ინსტიტუტს, რომელმაც მედიის და გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას ანუ ის, რაც დღეს უკვე არსებობს სახალხო დამცველის ფორმით, თუ როგორც მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ანუ იმას, რასაც ჟურნალისტების მიერ დაფუძნებული ეთიკის ქარტია ასრულებს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩნდება კითხვა რა საჭიროა ახალი ომბუდსმენი, როცა ქვეყანაში უკვე არსებობს იმ ფუნქციების განმახორციელებელი ინსტიტუტები, რომელიც ახალ ინსტიტუტს უნდა დაეკისროს ?

ეკა გიგაური ამბობს, რომ დეტალებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, შეკითხვებიც არ დასმულა, მათ შორის არც ინსტიტუტის ფუნქციებთან დაკავშირებით.

“მე არ შემოვდივარ ამ საკითხზე დისკუსიაში, რადგან არ მინდა გამოვიდე არც მთავრობის ადვაოკატი და არც პირიქით. მე ვამბობ, რომ არ მაქვს პოზიცია… საქართველოს ომბუდსმენი ჰყავს, რომელიც იცავს ყველას უფლებებს და თუ საჭიროა, რომ კონკეტულად მედიის თემაზე არსებობდეს [ომბუდსმენი] ამაზე უნდა იყოს დისკუსია. ეს ჩემთვის სრულიად მოულდონელი იყო, მე ამას არ ველოდებოდი, პრემიერმა წაიკითხა განცხადება და თქვა, რომ მაქვს ასეთი ინიციატივაო. ჩვენ ვუთხარით, რომ ძალიან კარგი რომ გაქვთ ინიციატივა, გავაგრძელოთ ამ თემაზე მსჯელობა, თორემ შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო და მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ არანაირად საჭირო არ არის”, – ამბობს კლდიაშვილი.

ზვიად ქორიძეს მედიის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების კუხით მთავრობის მხრიდან ინსტიტუტის შექმნის მიზანშეწონილობას ეჭვის თვალით უყურებს:

“მედიაომბუდსმენის ფუნქცი არ ვიცი როგორ ესმის პრემიერს, მას არ გაუკეთებია განმარტება, რა უფლებამსლებები ექნება ომბდუსმენს? თუ ლაპარაკია იმაზე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება ქვეყანაში, ამისთვის არსებობსს სხვა ინსტიტუციები, რომლებმაც ეს შეზღუდვა უნდა შეაჩერონ. ზოგადად სიტყვის თავისუფლებას ზღუდვას ხელისუფლება, ხომ? გამოდის ხელისუფლება ქმნის ინსტიტუტს, რომელმაც უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება ხელისუფლებისგან. მარტივი ლოგიკაა, ჯერ ერთი ნუ დაარღვევს სიტყვის თავისუფლება და მეორეც, დღესაც არის ქვეყანაში ის ინსტიტუციები, რომელთაც შეუძლიათ ამას შეფასება მისცენ, მაგალითად სახალხო დამცველი”.

როგორც ირკვევა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან, ზოგადად მისი არსებობის მიზანშეწონლიობასთან და ა.შ. არაერთი შეკითხვა აქვთ, უშუალოდ შეხვედრაზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ: ზვიად ქორიძე ამის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ მათი მხრიდან აქცენტი რ2-ის საქმესა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდა.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დილით გაიმართა. მისი დასრულებისთანავე პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, ხოლო ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობოები დადებითად და პოზიტიურად შეხვდნენ პრემიერის იდეას. ეკა გიგაურს ვკითხეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი ხომ არ უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველმა გუნდმა მათთან შეხვედრა გამოიყენა თავისი ინიციატივის გაჟღერებისათვის და შეეცადა, რომ იდეა სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებულად წარმოეჩინა:

“ჩემთან შეთანხმებული რომ ყოფილიყო, მაშინ წინასწარ კონსულტაციები უნდა გვქონოდა და გადაწყვეტილებებიც ერთად მიგვეღო, ხომ? სამოქალაქო სექტორთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა”.

ზემოხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

“პრემიერ-მინისტრთან შეხვერისას მედიაომბუდსმენზე ფართოდ არ გვისაუბრია. არაფერი კონკრეტული არ თქმულა და არც დადებითად შევხვედრივართ, გვქონდა კითხვები. ვისაუბრეთ უმთავრესად რუსთავი 2-ზე და მედიაგარემოზე.

პრესის ომბუდსმენი ნახსენები იყო არა მედიის თვითრეგულირების მსგავს ორგანოდ, როგორიც დღეს გვაქვს ქარტია და როგორსაც იცნობს ევროპის რამდენიმე ქვეყანა, არამედ იგულისხმებოდა საერთაშორისო მედია ექსპერტების ჩამოყვანა, სიტუაციის შესწავლა და რეკომენდაციები. თუმცა ამას რა კავშირი აქვს პრესის ომბუდსმენთან და ინსტიტუტთან არ ვიცი და ვერც იმ შეხვედრაზე გავიგე.  ჩემი პოზიციაა, რომ არ გვჭირდება პრესის ომბუდსმენი. თვითრეგულირების ორგანოა ქარტია, უცხოელი ექსპერტები ისედაც ჩამოდიან და არაერთ რეკომენდაციას დებენ, რომლებიც არ სრულდება, გვყვავს სახალხო დამცველი, რომლის რეკომენდაციებიც ასევე არ სრულდება. ამიტომ რაც გვაქვს, ჯერ ის შევასრულოთ. სახელმწიფო დაფინანსებით პრესისომბუდსმენი მე არ გამიგია”, – აცხადებს ნატა ძველიშვილი.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მოტივაციას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით, ის რ2-ის ეთერში თამარ ჩუგოშვილმა განმარტა:

“იმის გამო, რომ არსებობს დიდი ღელვა და მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ამ [რ2-ის] დავის დასრულების შემდგომ ქვეყნაში კრიტიკული მოსაზრებები გაქრება… (რაც ფიზიკურად ვერ მოხდება და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის) მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ ინერვიულოს და დარწმუნებული იყოს, რომ [არავინ] მსგავს შეზღუდვას არ აპირებს, მზად ვართ მოვისმინოთ სხვადასხვა პირის მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რა მექანიზმები სჭირდებათ დამატებით, რომ გარანტიები არსებობდეს. ჩვენ არასამთავრობო ორგანზიაციებს ჩვენი მხრიდან ეს პოზიციები [შევთავაზეთ] და შეხვედრაზე ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული”, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა და დასძინა, რომ უკვირს შეხვედრის შემდეგ მისი ერთ-ერთი მონაწილის [ნატა ძველიშვილის] მიერ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რადგან უშუალოდ შეხვედრაზე საპირისპირო მოსაზრებები ისმოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი