ახალი ამბები

პრემიერის ინიციატივით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას

6 მარტი, 2017 • 2534
პრემიერის ინიციატივით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა შეიქმნას

საქართველოს პრემირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას მედიის ომბუდსმენის ოფისი, რომელიც მედიის სივრცეში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.

“პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი,  სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე  მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი”, – წერია პრემიერის 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის შეფასებით, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს საქართველოში მედიის გარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში  მიმდინარე პროცესებს.

ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული, აცხადებს პრემიერი.

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გააკეთა რაც, შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა აღსრულება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებისა, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი