ახალი ამბები

მოზარდმაყურებელთა თეატრის მმართველი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

6 იანვარი, 2013 • • 1317
მოზარდმაყურებელთა თეატრის მმართველი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (03/01/2013) განცხადება სრულიად არ შეესაბამება იქვე განთავსებულ მათსავე კომისიის დასკვნას. განცხადებაში ხსენებული გადასახადების დამალვისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ  დასკვნაში არაფერია ნათქვამი, რადგან ეს სიცრუეა. თითოეული ბრალდების დეტალური განხილვა და მათი აბსურდულობის დამამტკიცებელი ფაქტები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ, კომპეტენტური იურისტების მიერ გაკეთებულ ანალიზში. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა თითიდან გამოწოვილი საბაბია ჩემი სამსახურიდან  განთავისუფლებისა და სამართალში მიცემისათვის, რითაც განუწყვეტლივ მემუქრებიან”.– აცხადებს ანთაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მიხეილ ანთაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის ანალიზიც გაავრცელა. 

 

პუნქტი 1.

დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არასრულყოფილადაა გაფორმებული – რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებები ცალმხრივადაა გაფორმებული, არ არის მითითებული მოქმედების ვადა, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, არასრულადაა შევსებული დასაქმებულის პირადი მონაცემები.

 

აშკარაა, რომ ამ პუნქტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საქმისწარმოებაში წლების მანძილზე დადებულ ასეულობით ხელშეკრულებებში შემჩნეულ მექანიკურ შეცდომებზე. ამასთანავე არც საკონსტატაციო ნაწილში და არც დანართში არ არის მითითებული ამგვარ შეცდომათა რაოდენობა, არც მაგალითებია მოყვანილი. გაუგებარია, საერთოდ რისთვის იყო შეტანილი ასეთი არაფრისმთქმელი პუნქტი  დასკვნით ნაწილში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გაკეთდა პუნქტების რაოდენობის ხელოვნური გაზრდის მიზნით.

 

პუნქტი 2.

თეატრის მმართველის მიერ უგულველყოფილია და არ არის დაცული მის მიერ ბრძანებით დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო ერთეულებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა, მათში მომხდარი ცვლილებები სამინისტროსთან არ შეთანხმებულა.

 

პუნქტი 3.

თეატრში ადგილი აქვს საბიუჯეტო დაფინანსებიდან შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო და საჰონორარო ანაზღაურების გაცემის ფაქტებს, წინა წლების სახელფასო დავალიანების დაფარვას;

 

მმართველი სამინისტროსთან ყოველწლიურად ათანხმებდა საშტატო განრიგს, მაგრამ არ უთანხმებდა წლის მიმდინარეობაში შეტანილ ცვლილებებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ცვლილებების შეთანხმების აუცილებლობაზე თეატრის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი და არც კულტურის სამინისტრო არ სთხოვდა საქართველოს თეატრების მმართველებს შუა სეზონში მომხდარი ცვლილებების შეთანხმებას.

 

ასევე გაუგებარია, რომელი თანამშრომლები არიან შტატიანი და რომელი შტატგარეშე, მაშინ, როდესაც პერსონალური საშტატო განრიგები კომუნისტების დროიდან აღარ არსებობს და შრომითი ურთიერთობების ძირითადი ფორმა ჩვენი კანომდებლობით დამსაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულებაა და თანამშრომლები შტატიანებად და უშტატოებად დაყოფილები არ არიან.

 

საერთოდ დასკვნის ავტორები ოპერირებენ მოძველებული, შრომითი კანონმდებლობიდან ამოღებული და არსებითად შინაარსდაკარგული ცნებებით, როგორიცაა შტატიანი და უშტატო თანამშრომლები,საბიუჯეტო სახელფასო ფონდი და სხვა.

 

თეატრის მმართველი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე  შრომას უნაზღაურებდა თეატრის საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს ფიგურებს: რეჟისორებს, მხატვრებს, კომპოზიტორებსა და მოწვეულ მსახიობებს. მართალია, ამგვარი შემოქმედებითი მუშაკების ანაზღაურებას ტრადიციულად ჰონორარებს ეძახიან, მაგრამ დასკვნის ავტორებს არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნიათ, ამგვარი სარგოები ოფიციალურად ჰონორარებად მიიჩნიონ და მით უფრო უსაფუძვლოა, მმართველის ამ კანონიერ მოქმედებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ეწოდოს.

 

საერთოდ მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული შენიშვნები არსებითად ერთსა და იმავე საკითხს შეეხება და მათი ორ პუნქტად განაწილება, სჩანს, ისევ პუნქტების რაოდენობის ხელოვნური გაზრდის მიზნითაა განპირობებული.

 

 

პუნქტი 4. 

საჩუქრად გაცემული აბონემენტები და სპექტაკლზე დასასწრები უფასო მოსაწვევები არ არის შემოსავალში აღებული და, შესაბამისად, არ არის დაბეგრილი გადასახადებით, გამოვლენილია ბილეთების დანაკლისი.

 

ამ პუნქტში მოყვანილი დავალიანება  მოხსენებითი ბარათის საკონსტატაციო ნაწილიდან გამომდინარე ეხება დაახლოებით 4000 ლარის საგადასახო დავალიანებას, რომელიც თეატრმა აღიარა, შემოსავალში აიყვანა და მისი დაფარვა დაიწყო. ასეთი რამ წელიწადში მილიონიანი ბრუნვის მქონე დაწესებულებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ყოფითი დინამიკაა და არ შეიძლება ასეთი უმნიშვნელო, თანაც   დაუზუსტებელი, შერჩევითობის პრინციპით ჩატარებული შემოწმების საფუძველზე აღნიშნული ფაქტი შეფასდეს, როგორც „წლების განმავლობაში გადასახადების დამალვა.”

 

პუნქტი 5.

არ მომხდარა გათავისუფლებულ მთავარ ბუღალტერს და მის თანამდებობაზე დანიშნულ პირს შორის ბუღალტრული და სასაწყობო ნაშთების გადაბარება.

 

2010 წელს სამსახურიდან წასულ ბუღალტერს  შემცვლელისთვის საბუთები აქტით არ გადაუბარებია. თავის ახსნა-განმარტებით ბარათში  დათხოვნილი ბუღალტერი განმარტავს, რომ სამსახურიდან  განთავისუფლების შემდეგ მან დანომრილი დოკუმენტაცია დატოვა. აშკარაა, რომ    ზემოთ აღნიშნული 1 პუნქტის მსგავსად ეს შენიშვნაც  დასკვნაში პუნქტების რაოდენობის ხელოვნური გაზრდის მიზნითაა შეტანილი.  

 

პუნქტი 6.  

თეატრში ერთობლივ საქმიანობას ეწევიან მმართველი, მისი შვილები და ოჯახის წევრები.

 

კომისიის დანართში გამოქვეყნებულ   იურისტის დასკვნას თუ დავეყრდნობით (იხილეთ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მასალები): იქ პირველ აბზაცში წერია, რომ თეატრის მმართველი საქართველოს კანონმდებლობით ვერ ჩაითვლება „თანმდებობის პირად“,  მეორე აბზაცში კი ბრალად ედება (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის თანახნმად), რომ მას, როგორც თანამდებობის პირს, უფლება არ ჰქონდა „თეატრში დასაქმებული ჰყოლოდა საკუთარი შვილები და“ ა.შ. რაც ურთიერთგამომრიცხველია; თუ თეატრის მმართველი არ არის თანამდებობის პირი, არ შეიძლება მის მიმართ მოქმედებდეს ”თანამდებობის პირისათვის” დაწესებული ნორმა.  ამავე  დასკვნის მიხედვით სახელმწიფო თეატრი მიჩნეულია   პოლიციის, გამგეობისა და ასეთი დაწესებულებების მსგავსი ადმინისტრაციულ ორგანოდ, რაც იურიდიული ნონსენსია.  სინამდვილეში თეატრის მმართველს ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია, რადგან არც ერთი კანონი არ კრძალავს თეატრში ოჯახის წევრების ერთობლივ საქმიანობას.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ოდიშარიას ბრძანებით შექმნილი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის დასკვნის შესაბამისად, ამავე თეატრის მმართველის მიხეილ ანთაძის ქმედებები რიგ შემთხვევებში კანონსაწინააღმდეგოდ შეფასდა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 3 იანვარს გაავრცელა. 

 

სამინისტროს ინფორმაციითვე, თეატრის მმართველი თვითნებურად, არამიზნობრივად,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად განკარგავდა თეატრის სახელფასო ფონდს.

 

“კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი თანხა სრულად არ ურიგდებოდათ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს. მიხეილ ანთაძე აღნიშნულ საბიუჯეტო თანხებს  ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევით უნაწილებდა ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალს, რომელთაც ჰონორარები და პრემიები უნდა მიეღოთ თეატრის მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან-იჯარებიდან, ბილეთებისა და აბონემენტების რეალიიზაციიდან,”- აცხადებენ სამინისტროში.

 

კომისიის დასვნით თანახმად, ოფიციალური ინფორმაციით, თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში გადასახადების დამალვას.

 

“ამასთანავე, მმართველს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის საწინააღმდეგოდ, თეატრში დასაქმებული ჰყავდა საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები.”

 

შეგახსენებთ, რომ  2012 წლის მარტში მოზარდმაყურებელთა თეატრიდან 40 თანამშრომელი დაითხოვეს. იმ პერიოდში დათხოვნილი თანამშრომლების გაკეთებული განცხადებების მიხედვით,  ისინი პარასკევს, 23 მარტს ოფიციალური ახსნა – განმარტების გარეშე თეატრის მმართველმა, მიხეილ ანთაძემ დაითხოვა.

 

მსახიობებს მიაჩნდათ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი ის განცხადება გახდა, რომელიც თეატრის 34 მსახიობის ხელმოწერით მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრის, ნიკოლოზ რურუას სახელზე შეიტანეს.

 

„როგორც კი სამინისტროდან განცხადება მიხეილ ანთაძეს უკან ფაქსით გამოუგზავნეს, მაშინვე ყველა დაითხოვეს. განცხადებამდე გარკვეული დროით ადრე კი მე გამომიშვეს, რადგან ფეისბუქის საკუთარ კედელზე დავწერე იმ დარღვევების შესახებ, რაც თეატრში ხდება. მაშინ ჩემთან ერთად ის თანამშრომლებიც  გამოუშვეს, ვინც ეს სტატუსი მოიწონა,“ – აცხადებდა  მსახიობი ელენე მაცხონაშვილი.

 

თეატრში დარღვევები კი, თანამშრომელთა თქმით, სხვადასხვა საკითხში ვლინდებოდა – ხელფასების გაუცემლობიდან ნეპოტიზმის საკითხებამდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი